ოცნება საშემოდგომოზე

დინამოელები აეკ-თან გატანილ გოლს ზეიმობენ
ფოტო: REUTERS
ჩვენმა კლუბებმა ევროთასებზე ასპარეზობა კვლავ აგვისტოში დაასრულეს.

ჩემპიონთა ლიგა ისევ ოცნებად დაგვირჩა, ევროპის ლიგაზე კი კართან ვიდექით, მაგრამ ვერ შევაღეთ.

მოხდა ის, რაც ბოლო წლებში ყოველთვის ხდებოდა – ქართულმა კლუბებმა ასე ნანატრ საშემოდგომო ეტაპებს ვერ უწიეს.

მიუხედავად ამისა, 2011-12 წლების ევროსეზონი ჩვენი გუნდებისთვის არნახულად წარმატებული გამოდგა: ქვეყნის ჩემპიონმა ზესტაფონმა, ვიცე-ჩემპიონმა თბილისის დინამომ, თასის მფლობელმა გაგრამ და ბრინჯაოსმედალოსანმა რუსთავის მეტალურგმა საერთო ჯამში 2.875 სარეიტინგო ქულას მოუყარეს თავი!

დღეს ჩვენი კოეფიციენტი უეფას რეიტინგში 8.666-ია, საქართველომ კი ერთბაშად 5 ადგილით გაიუმჯობესა მდგომარეობა – 36-ე ადგილიდან 31-ზე აინაცვლა. ევროპის ქვეყნებს შორის უდიდესი პროგრესი გვაქვს!

რეიტინგის მე-15 საფეხურამდე, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ორი კლუბით ასპარეზობის უფლებას იძლევა, საქართველოს თითქმის 14 ქულა აკლია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენმა კლუბებმა მომდევნო ევროსეზონებში წარმატებული თამაში განაგრძეს და რეიტინგი კვლავ გაიუმჯობესეს, ის დროც მალე დადგება, როცა საოცნებო ლიგაში მოსახვედრად ორი ქართული გუნდი იბრძოლებს.

საქართველოს უძლიერესმა კლუბმა ზესტაფონმა ჩემპიონთა თასზე ერთი ეტაპი დაძლია – მოლდოვას დაჩიას სძლია, მაგრამ შემდეგ ავსტრიის არცთუ ძლიერ შტურმთან დასანანი მარცხი იწვნია და ევროპის ლიგაზე გადანაცვლებულმა, ბელგიის ბრიუგესთან ორი მატჩით დაასრულა ევროსეზონი.

ზესტაფონს შეეძლო ავსტრიული ბარიერის დაძლევა, მაგრამ პირველ რიგში გამოცდილება არ ეყო, ზოგადად კი ოსტატობა. თბილისურ შეხვედრაში, 1:0-ზე, ზესტაფონმა მეორე გოლის გატანის ჩინებული შანსი გაუშვა ხელიდან – ნიკა გელაშვილმა ცარიელ კარში ვერ შეაგდო ბურთი – ამ მომენტმა კი ისე დათრგუნა გუნდი, რომ მალევე საპასუხო გოლი მიიღო. გრაცში ზესტაფონი საკუთარ თავს არ ჰგავდა. მერე ევროპის ლიგა და ბრიუგესთან ორ მატჩში 3:5 მარცხი იყო, ეს კი კლუბში მომხდარი ორი სკანდალის ლოგიკური დასასრული გახლდათ: შტურმთან საპასუხო თამაშის შემდეგ ერთ-ერთი ლიდერი ბუბა დაუშვილი გუნდის მესვეურთა გვერდის ავლით უკრაინის კარპატისთან გაფორმებული კონტრაქტის გამო დუბლებში გადაიყვანეს (ოფიციალურ მიზეზად ფორმიდან ამოვარდნა დასახელდა), რასაც მალევე მთავარი მწვრთნელის გია გეგუჩაძის საკუთარი სურვილით (და უამრავი კითხვის ნიშნით) გუნდიდან წასვლა მოჰყვა...

ვიცე-ჩემპიონმა თბილისის დინამომ ქართული კლუბებისთვის მის მიერვე დამყარებული რეკორდი – ევროთასების სამი ეტაპის დაძლევა – მეორედ გაიმეორა, ევროპის ლიგის ფლეი-ოფშიც ითამაშა, მაგრამ...

მილსამი, ლანელი, რეიკიავიკი – ამ გუნდებს დინამო იოლად გაუსწორდა, 6 მატჩში 17 გოლიც გაუტანა, მაგრამ მათზე გაცილებით ძლიერ, ისე კი ევროპული საზომებით საშუალოზე დაბალი დონის საბერძნეთის აეკ-თან ხელი მოეცარა – 0:1 სტუმრად და 1:1 შინ.

თქმა არ უნდა, დინამოს ჯგუფში გასვლის ჩინებული შანსი ჰქონდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობთ, ეს ევროსეზონი მაინც აქტივში უნდა ჩაეთვალოს. ჯერ ხომ სრული სამი თვეც არაა, რაც ახალი დინამო შენდება: ახალი პატრონი, ახალი მწვრთნელები, ახალი ფეხბურთელები და რაც მთავარია, ახალი მიზნები! თუ დინამოს საზაფხულო შედეგებს გავითვალისწინებთ, გაისად გუნდმა უკეთესად უნდა ითამაშოს და შესაბამისად, მეტსაც უნდა მიაღწიოს.

რაც შეეხება რუსთავის მეტალურგსა და გაგრას, პირველმა დიდი ბრძოლის შემდეგ დაძლია ორი ეტაპი და აშკარად ძლიერ საფრანგეთის რენთან დამარცხდა, თასის მფლობელმა, მაგრამ გამოუცდელმა გაგრამ კი პირველივე ეტაპზე დაასრულა ევროსეზონი – ანორთოსისთან 0:3 და 2:0.

საბოლოო ჯამში, ქართული კლუბების 22 ევრომატჩი, 9 მოგება, 5 ფრე, 8 წაგება, 2.875 ქულა და ევროპის ქვეყნების შორის ყველაზე შთამბეჭდავი, 5-ადგილიანი ნახტომი უეფას რეიტინგში.

კომენტარები