კადაფის ვაჟი აცხადებს, რომ ლიბიის დიქტატორი დანებებას არ აპირებს

ლიბიის ლიდერის ვაჟი საიფ ალ ისლამი ტრიპოლიში საკუთარ მხარდამჭერებსა და უცხოელ ჟურნალისტებს შეხვდა. მან  განაცხადა,  რომ სამთავრობო ძალებმა მეამბოხეთა შეტევა „ხერხემალში გადატეხეს“. მოამარ კადაფის ვაჟმა საჯარო განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც  გავრცელდა ცნობა მეამბოხეთა მიერ მისი  დაკავების შესახებ. BBC-ს კორესპონდენტის ცნობით, კადაფის ვაჟმა „საკუთარ ძალებში დარწმუნებულისა და ადრენალინით სავსე“ ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. ალ ისლამის განცხადებით, სამთავრობო ძალებმა მემბოხეებს დიდი დანაკარგები მიაყენეს და ტრიპოლისთვის ბრძოლაში იმარჯვებენ.  მისი თქმით, მოამარ კადაფი უსაფრთხო ადგილას იმყოფება. 

ორშაბათს ტრიპოლიზე შეტევისას მეამბოხეთა ძალები კადაფის ერთგული ჯარების წინააღმდეგობას წააწყდნენ. მძიმე ბრძოლები ლიბიის ლიდერის რეზიდენციის გარშემო გაიმართა. ადგილზე მყოფი უცხოელი კორესპონდენტების ცნობით, ბრძოლები ლიბიის დედაქალაქში ამჟამადაც გრძელდება.  როგორც კადაფის რეჟიმის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები  აცხადებენ, რომ დედაქალაქის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ.

მემაბოხეთა ლიდერები გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან და აცხადებენ, რომ ხვალ ქვეყნის ახალი ხელისუფლება ბენგაზიდან ტრიპოლიში გადავა. დღემდე უცნობია ლიბიის დიქტატორის ადგილსამყოფელი. ვარაუდობენ, რომ იგი ამ დრომდე საკუთარი რეზიდენციის ბუნკერში იმყოფება. მოამარ კადაფიმ მოსახლეობას  კვირას, აუდიოჩანაწერის მეშვეობით მიმართა და ბრძოლისკენ მოუწოდა. ვრცელდება ასევე ცნობები კადაფის მიერ დედაქალაქის დატოვების შესახებ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მოამარ კადაფის, ასევე მისი ვაჟის საიფ ალ-ისლამისა და დაზვერვის უფროსის დაპატიმრების ორდერები გასცა. 

კომენტარები