ბელარუსი უარს ამბობს გამდიდრებული ურანის შესახებ ხელშეკრულებაზე

პარასკევს ბელარუსმა განაცხადა, რომ ის აღარ გააგრძელებს გამდიდრებული ურანის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ბელარუსის განცხადებას სამწუხარო უწოდეს და ქვეყანას შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდეს.

ხელშეკრულებაზე უარის თქმის მიზეზი აშშ-ის მხრიდან ბელარუსზე დაწესებული სანქციებია. ”ამერიკის ახალი სანქციები ურთიერთობისა და თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება. შესაბამისად, ბელარუსმა გადაწყვიტა შეწყვიტოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან გამდიდრებული ურანის გაცვლის პროგრამა, ” განაცხადა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სანქციების მიზანი პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის ლუკაშენკოს დასჯა იყო.

გამდიდრებული ურანის შესახებ  ხელშეკრულების მიხედვით, ბელარუსს 2012 წლისათვის მთლიანად უნდა გადაეცა თავისი ბირთვული მარაგი აშშ-ისთვის. მარაგი რუსეთში იქნებოდა გადატანილი, სადაც მას ”გააღარიბებდნენ”. სანაცვლოდ, აშშ ბელარუსს ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა. შეთანხმება ობამას ადმინისტრაციის მნიშვნელოვან გამარჯვებად ითვლებოდა.

ბელარუსი ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში ერთ-ერთია, რომელსაც გამდიდრებული ურანის მარაგი აქვს. ის დიდი ხნის განმავლობაში  უარს ამბობდა მარაგის დათმობაზე.

ბელარუსის გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაძაბავს ურთიერთობას ორ ქვეყანას შორის. 2008 წელს ბელარუსმა ქვეყნიდან გააძევა აშშ-ის ელჩი და ახლა ქვეყანაში მხოლოდ 5 ამერიკელი დიპლომატი მუშაობს. ბელარუსმა განაცხადა, რომ ის მაშინ გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების შესრულებას, როცა აშშ-ში სანქციებს მოხსნის. 



კომენტარები