ჩრდილოეთ კორეამ საზიარო ნაკრძალი სრულად მიისაკუთრა

ჩრდილოეთ კორეამ მთა კუმგანგის დასატოვებლად სამხრეთ კორეის ტურისტულ კომპანიებს 72 საათი მისცა. ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, სამხრეთ კორეის რესტორნები და სასტუმროები აუქციონზე გაიყიდება. სამხრეთ კორეელმა პოლიტიკოსებმა ჩრდილოელი მეზობლის გადაწყვეტილებას ”სამწუხარო” უწოდეს და განაცხადეს, რომ მის შესაცვლელად ყველა სამართლებრივ და დიპლომატიურ გზას მიმართავენ.

ნაკრძალი 1998 წელს გაიხსნა და მას ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ერთობლივად მართავდა. თუმცა 2008 წელს, ორ კორეას შორის შექმნილი დაძაბულობის ფონზე, სამხრეთ კორეელი ტურისტის ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცის მიერ მკვლელობა ნაკრძალის დახურვის მიზეზად იქცა.

ამ დრომდე ნაკრძალში 14 სამხრეთ კორეელი რჩებოდა, რომელიც Hyundai-ის და სხვა სამხრეთ კორეული კომპანიების მფლობელობაში მყოფ სასტუმროებს უვლიდა.

ნაკრძალი წელიწადში საშუალოდ 2 მილიონ ტურისტს იზიდავდა. ის შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო იყო ჩრდილოეთ კორეისთვის.

კომენტარები