რომის პაპი თანამედროვე სამყაროს რელიგიურ ამნეზიაზე საუბრობს

რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ განაცხადა, რომ თანამედროვე მსოფლიო ღმერთს ივიწყებს. თანამედროვე ადამიანის  `ამნეზიაზე~ პაპმა ესპანურ მონასტერში სტუმრობისას ისაუბრა ქვეყანაში ვიზიტის მეორე დღეს. პაპი ესპანეთს მისი წინამორბედის,  იოანე პავლე მეორეს, მიერ დაარსებული მსოფლიო ახალგაზრდობის დღის ფარგლებში სტუმრობს. El Escorial-ის მონასტერში  პაპს იქაური მონაზვნები დიდი სიხარულით დახვდნენ. პაპმა მონაზვნებს განუცხადა, რომ მათი გადაწყვეტილება,  თავი მიუძღვნან რწმენას ძლიერი გზავნილია მზარდად სეკულარული მსოფლიოსთვის.

პაპის სტუმრობას ესპანეთში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ბენედიქტე მეთექვსმეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, გამოაღვიძოს ქრისტიანობა ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ადრე მყარად კათოლიკურები იყვნენ, თუმცა შემდეგ ამ თვალსაზრისით სახე იცვალეს. ამ მისიით ესპანეთს ის სამჯერ ეწვია.  El Escorial პაპს შემთხვევით არ აურჩევია. მეფე ფილიპე მეორის მიერ მე-16 საუკუნეში აგებული კომპლექსი  სწორედ ის  ადგილია, საიდანაც იცავდნენ კათოლიკურ რწმენას პროსტესტანტიზმისა და რეფორმაციისაგან.  

პაპი მოგვიანებით El Escorial-ში უნივერსიტეტის პროფესორებსაც შეხვდა. აქ მან ხაზი გაუსვა პროფესორების მნიშვნელობა ახალგაზრდების აზროვნებისა და ცნობიერების ჩამოყალიბებაში.

პაპის ვიზიტი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. საზოგადოების ნაწილი ეკონომიკური სიძნელეების ფონზე ფესტივალზე დიდ საბიუჯეტო დანახარჯებს აპროტესტებს. ეკლესია ამბობს, რომ მონაწილეებმა თავად დაიფინანსეს თავი, ხოლო ორგანიზებისთვის აუცილებელი დანახარჯები ეკლესიამ და დონორებმა გაიღეს.

ესპანეთის ხელისუფლების პრეს-მდივანმა, ხოსე ბლანკომ განაცხადა, რომ ესპანეთი არაფერს ხარჯავს პაპის ვიზიტზე - სამაგიეროდ, ხარჯავს პაპის საწინააღმდეგო მიტინგების კონტროლზე.

 

კომენტარები