ოსლოს პოლიციამ თამთა ლიპარტელიანის გარდაცვალება დაადასტურა

ნორვეგიაში, კუნძულ იუტეიაზე ახალგაზრდულ ბანაკზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ დაკარგული საქართველოს მოქალაქის, თამთა ლიპარტელიანის ცხედარი ნაპოვნია. ცხედარი ნორვეგიის პოლიციის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ტბაში იპოვეს. ნორვეგიელი სამართალდამცველების ცნობით,  თამთა ლიპარტელიანს ზურგში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. ამის შესახებ  სპეციალურ ბრიფინგზე  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ,  ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისი თქმით, ცხედრის იდენტიფიცირება თითის ანაბეჭდების მიხედვით მოხდა, რომელიც ქართულმა მხარემ ინტერპოლის საშუალებით გადააგზავნა ნორვეგიის პოლიციაში. ოსლოს პოლიციამ თამთა ლიპატრელიანის გადაცვალების ფაქტის ოფიციალურად დაადასტურა, თქვა კალანდაძემ.

ქართული მხარის ცნობით, სამწუხარო ინფორმაცია, საქართველოს კონსულმა ნორვეგიაში თამთა ლიპარტელიანის ოჯახს უკვე აცნობა. ისინი ოსლოში გუშინ ჩავიდნენ, რათა შვილის ძებნაში თავადაც მიეღოთ მონაწილეობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულის ოჯახს და აღნიშნა, რომ გარდაცვლილის გადმოსვენების ხარჯებს საკუთარ თავზე ნორვეგიის ხელისუფლება აიღებს. 

 22 ივლისს, კუნძულ იუტოიაზე მდებარე ახალგაზრდულ ბანაკს თავს დაესხა 32 წლის ანდერს ბრეივიკი. ის საათნახევრის განმავლობაში ისროდა და ბოლო მონაცემებით,  76 ადამიანი მოკლა. თავდასხმის მომენტში კუნძულზე თამთა ლიპარტელიანთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ნათია ჩხეტიანი, რომელიც თავდასხმას გადაურჩა. ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმამდე ორი საათით ადრე ბრეივიკმა ოსლოს ცენტრში ბომბი ააფეთქა.

კომენტარები