ამერიკული სამზარეულო ტრადიციები

რთულია რამდენიმე პარაგრაფში დაახასიათო ისეთი ფართო და მრავალფეროვანი ქვეყნის სამზარეულო, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. ევროპული კულინარიის – იტალიური, ფრანგული თუ ესპანური ტრადიციების იმპორტმა ამერიკულ მიწაზე არსებითი სახეცვლილება განიცადა. საუკუნეების განმავლობაში ამერიკული სამზარეულო ივსებოდა და მდიდრდებოდა ჩინელი, აფრიკელი თუ ებრაელი იმიგრანტების მიერ. და მაინც, იმ ინგრედიენტების მრავალფეროვნების მიღმა, რომელიც თანამედროვე, განსაკუთრებით კი ახალამერიკულ სამზარეულოში გამოიყენება, არსებობს რამდენიმე ძირითადი ინგრედიენტი, რომელიც საფუძვლად უდევს ამერიკულ სამზარეულო ტრადიციებს. საინტერესოა, რომ ეს ინგრედიენტები ამერიკული წარმომავლობის მცენარეების პროდუქტია და არა იმპორტული კულტურების: სიმინდი, კვახი და ლობიო – სამეული, რომელსაც მკვიდრი ამერიკელები „სამი დის” სახელით მოიხსენიებდნენ და ფართოდ მოიხმარდნენ. 

სიმინდს ამერიკელები მიირთმევენ მოხარშულს (corn on the cob), ან ბატიბუტად (popcorn), ან იყენებენ ისეთ პოპულარულ კერძებში, როგორიც არის სუკოტაში (succotash) – ჭყინტი სიმინდისა და ლობიოსგან მომზადებული კერძი. სიმინდის ფქვილი ფართოდ არის გავრცელებული ნიუ მექსიკოს შტატში, სადაც მისგან ტორტიებს, სიმინდის პურს, გნებავთ, იგივე მჭადს და ნამცხვრეულს ამზადებენ. კვახი გამოიყენება როგორც სუპებში, ასევე ნამცხვარში (pumpkin pie). ანაც ნაღებით და კარაქით გამდიდრებულ პიურეში. 

ბევრი ისეთი კერძი, რომელიც ამერიკული ნაციონალური იდენტობის ნაწილია, მზადდება ბრინჯით. ასეთია, მაგალითად, კრეოლური ჯამბალაია (jambalaya) ან „ჭუჭყიანი ბრინჯის” (dirty rice) სახელით ცნობილი კეჟონური კერძი, რომელსაც ქათმის ღვიძლით ან შიგნეულით ამზადებენ.  

ამერიკულ ვესტერნებში ხშირად გვინახავს, როგორ ევლება ამერიკელი პიონერის (პირველი იმიგრანტის) ცოლი თავს ოხშივრიან ქვაბს ან შიშხინა ტაფას. მართლაც, ტრადიციული ამერიკული კერძები მოხარშული, ჩაქაფული ან შემწვარი ხორცის სხვადასხვა კომბინაციებისგან შედგებოდა. ამგვარი ტრადიციული კერძებიდან აღსანიშნავია ნიუ ინგლენდური მოხარშული სადილი (New England boiled dinner) – სადად მოხარშული გამოყვანილი ხორცი ბოსტნეულთან ერთად, ან ბოსტონურად გამომცხვარი ლობიო (ბეკონთან ერთად). ტექსასური ცხარე სადილი – ჩილი კონ კარნე (chili con carne) ან კრეოლური გამბო (ხორცისა და მოლუსკების ჩაქაფული), ასევე თევზის წვნიანზე დამზადებული წვნიანი – ჩაუდერი (chowder), რომლის ყველაზე ცნობილ ნაირსახეობას ჩრდილო-აღმოსავლეთში, ნიუ ინგლენდის შტატებში ამზადებენ (New England clam chowder). 

ასევე აღსანიშნავია ბარბექიუს რიტუალი, გრილზე შემწვარი ხორცით ან თევზით ღია ცისქვეშ გამასპინძლება. ეს იქნება ჰამბურგერი, ღორის ნეკნები თუ პოპულარული თი-ბოუნ სტეიკი. ბარბექიუს ტრადიცია მინიმალურ ცერემონიალს გულისხმობს და ამერიკელები მას ხშირად მართავენ არაფორმალური, მეგობრული თავშეყრისთვის. 

ამერიკული სამზარეულო რეგიონალურად მრავალფეროვანია. ჩრდილო-აღმოსავლეთის, ნიუ ინგლენდის შტატებში ინარჩუნებენ საუკეთესო სუპების, შემწვარი ხორცის და ნამცხვრების ცხობის რეპუტაციას. პენსილვანიასა და ვისკონსინში გერმანული ტრადიციები დომინირებს, აქ ხშირია ტკბილ-მჟავე კერძები, ხორცი ნაყოფიერ მარინადებში. სკანდინავიური გავლენა აშკარაა მინესოტაში (შვედური დაფა, გამოყვანილი ქაშაყი და დანიური ტკბილეულობა). ლუიზიანას ფრანგული კოლონიზაციის კვალი დღემდე ეტყობა, ფლორიდაში ზღვის პროდუქტებით მომზადებული კერძები – კუ, კიბორჩხალა და კრევეტი – რეგიონალური სამზარეულოს შემადგენელი ნაწილია. 

კომენტარები