მოსკოვი: ტერორისტები საქართველოს გავლით რუსეთში შესვლას გეგმავენ

ჩრდილოეთ კავკასიის ტერორისტული იატაქვეშეთის ლიდერები, რუსეთის ფედერაციაში მებრძოლთა ჯგუფების შესაგზავნად საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას გეგმავენ,  განაცხადა დღეს რუსეთის უშიშროების სამსახურის დირექტორმა, ალექსანდრ ბორტნიკოვმა.    პანკისის ხეობიდან ჩრდილოეთ კავკასიაში მებრძოლთა  სხვადასხვა დაჯგუფების შეღწევის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას ბორტნიკოვმა აღნიშნა: ”რუსეთის უშიშროების სამსახურს აქვს ოპერატიული ინფორმაცია, რომ სხვა სახელმწიფოში მყოფი ტერორისტული იატაქვეშეთის ლიდერები აპირებენ გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია  ჩრდილოეთ კავკასიაში მებრძოლთა შემოსაგზავნად.  პანკისის მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ.”

1 ივლისს საინფორმაციო სააგენტო lifenews-მა  ჩრდილოეთ კავკასიის ოლქის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით დაწერა, რომ სამართალდამცველებს აქვთ ოპერატიული ინფორმაცია,  პანკისის ხეობიდან რუსეთში 70-მდე მებრძოლის გადასვლის შესახებ.  რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის უშიშროების სამმართველოს  წარმომადგენელმა  სააგენტოს განუცხადა, რომ პანკისში მებრძოლებს წვრთნიდნენ  არაბი და თურქი ინსტრუქტორები. რუსეთის უშიშროების ანონიმი  წარმომადგენლის თქმით, სპეცსამსახურებმა ეს ინფორმაცია დაკავებული მებრძოლების  დაკითხვის შედეგად მიიღეს.

პანკისის ხეობაში ჩრდილოეთ კავკასიელი მებრძოლების გადამზადების შესახებ ინფორმაცია რუსულმა მხარემ ადრეც რამდენჯერმე გაავრცელა. თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მსგავს ცნობებს კატეგორიულად უარყოფს. ქართველი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსული სპეცსამსახურების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ”საქართველოს იმიჯის შელახვას ემსახურება.”

კომენტარები