Windows 8

წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კომპანია Microsoft-მა თვისობრივი ნახტომი გააკეთა და მთელი კომპიუტერული სამყარო Windows 3.1-დან Windows 95-ზე გადაიყვანა. მას შემდეგ ტექნოლოგიები განვითარდა, მრავალი კომპიუტერული პროდუქტი მეორე და მესამე თაობის გახდა, Windows-ი კი კვლავაც ისეთივეა, როგორიც შორეულ 90-იანებში იყო. ამ ხნის განმავლობაში მას სახე რადიკალურად არ შეუცვლია. სხვადასხვა სახის ვიზუალური ცვლილებები და პროგრამული დახვეწა წინასწარ აღებული ხაზიდან გადახვევა კი არ გახლდათ, მის გაგრძელებას წარმოადგენდა.

ტექნოლოგიები კი, როგორც უკვე ვთქვით, ვითარდება. სხვადასხვა პორტატული და სტაციონარული სისტემების სახეობები მატულობს, შესაბამისად, მრავალფეროვნდება ოპერაციული სისტემებიც. Microsoft-ი ამ ბუმის ფონზე თითქოს უსუსურადაც კი გამოიყურება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ტაბლეტური კომპიუტერებისთვის რაიმე განსაკუთრებულის შეთავაზება, მათ ჯერ ვერ შეძლეს.
ეტყობა ამ საკითხზე Microsoft-ის მესვეურებიც დაფიქრდნენ და პროგრესისთვის ფეხის აწყობა გადაწყვიტეს. სტივ ბალმერი, Microsoft-ის მიმდინარე ბოსი, მომხმარებელს დაპირდა, რომ 2012 წლისთვის იგეგმება ახალი და სრულიად ინოვაციური Windows 8-ის გამოშვება, რომელიც თავისი წინამორბედებისაგან რადიკალურად განსხვავდება. მისი საჯარო დემონსტრირება ცნობილ D9 კონფერენციაზე, ივნისის დასაწყისში მოხდა.

თუმცა იმ მცირედი დეტალების გარდა, რომელთა გასაჯაროებაც კომპანიამ ჩათვალა საჭიროდ, ახალ ოპერაციულ სისტემაზე ბევრი არაფერია ცნობილი. Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯული ლარსონმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ „ახალი სისტემა იქნება ძველის მთლიანად შეცვლილი ვარიანტი, როგორც გარეგნული მხარით, ასევე პროგრამული ნაწილით”. გარდა იმისა, რომ ოპერაციული სისტემის მორგება ტაბლეტურ კომპიუტერებზეა საჭირო, შესაძლოა, Microsoft-ისთვის სტიმულის მიმცემი Google-იც გამხდარიყო, რომელიც მალე საკუთარი, უფასო ოპერაციული სისტემის გამოშვებას გეგმავს.

რაც უნდა დიდი ცვლილებები შევიდეს ოპერაციული სისტემის პროგრამულ ნაწილში, მომხმარებელი პირველად მაინც ვიზუალს ხედავს.
პირველი ცვლილებაც სწორედ ლოგოს მხრივ იგეგმება. ბლოკებად დალაგებული სხვადასხვა პროგრამა Windows-ში შესვლამდე იქნება ხელმისაწვდომი. დანარჩენი ინტერფეისის ძირითადი ნაწილი Html5-სა და JavaScript-ზე აეწყობა, ხოლო კონტროლი, როგორც მაუსითა და კლავიატურით, ასევე TouchScreen-ით იქნება შესაძლებელი. შეიცვლება მომხმარებლის ტრადიციული შეხედულება ინფერფეისზე, თუმცა Windows-ის ახალი სახე ინტუიტიური და ადვილად მისაჩვევი იქნება.

მიუხედავად დაპირებებისა და საკუთარი პროდუქტის წინასწარი ქება-დიდებისა, Microsoft-ს აქვს ჩაგდებული პროექტიც – Windows Vista. მის კრახს თავად კომპანიაც ხვდება, მომხმარებელი კი ძველ, XP-ზე დარჩენას ამჯობინებს. ალბათ ამ მარცხის გამოა, რომ ახალ, Windows 8-ს წინასწარ არ განადიდებენ, გადაჭარბებული იმედების მიცემით მომხმარებელი რომ არ დაკარგონ.

თუმცა მის გამოსვლამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი – 2012 წლის აპრილში პირველი ეგზემპლარების გაყიდვა  იგეგმება. აქ კი ნამდვილად გამოჩნდება რას წარმოადგენს Windows 8 – ინოვაციური პროექტია თუ, ტრადიციულად, ძველი ვერსიების გადამღერება. 

კომენტარები