მაისთან შედარებით, ივნისში ინფლაციამ -4.0% შეადგინა

2011 წლის მაისთან შედარებით, ივნისის თვეში საქართველოში ინფლაციის დონემ -4.0 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ივნისში ინფლაციის დონე, მაისში არსებული 14.3 პროცენტიდან 10 პროცენტამდე შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (ფასები 8.9 პროცენტით შემცირდა) და ჯანმრთელობის დაცვა (ფასები გაიზარდა 2.1 პროცენტით). 2010 წლის ივნისთან შედარებით, 2011 წლის ივნისში ინფლაციის დონემ 10.0 პროცენტი შადგინა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 12-თვიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების მატებამ რამდენიმე ჯგუფზე: სურსათი  და  უალკოჰოლო  სასმელები- საქსტატის ინფორმაციით,   მოცემულ  პერიოდში  ფასები ამ ჯგუფზე გაიზარდა 22.2  პროცენტით. შესაბამისად,  ჯგუფის  წვლილმა  წლიური  ინფლაციის  საერთო  მაჩვენებელში 8,9  პროცენტული პუნქტი შეადგინა.

გასული 12 თვის მანძილზე ტრანსპორტზე ფასები 8.1 პროცენტით გაიზარდა; შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 0.9 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, ამ ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი მატება (21 პროცენტი) საწვავზე დაფიქსირდა. პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე ფასები 18 პროცენტით  გაიზარდა. კავშირგაბმულობის სფეროში კი 2011 წლის ივნისში გასული წლის ივნისთან შედარებით ფასებმა 13.1 პროცენტით დაიწია. 

კომენტარები