Google OS ოპერაციული სისტემების მკვლელი

უკვე დიდი ხანია საუბრობენ, რომ Google-ი საკუთარი ოპერაციული სისტემის გამოშვებას აპირებს. Google OS, პირველადი შეფასებებით, Microsoft Windows-ის სავარაუდო მკვლელი იქნება. Google OS-ს უწინასწარმეტყველებენ, რომ ის სხვა ოპერაციულ სისტემებსაც წარმატებით  ჩაანაცვლებს. თუმცა საკითხავია, რა განაპირობებს ასეთ შეფასებებს.

სანამ თავად სისტემის შეფასებას დავიწყებთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რას წარმოადგენს კომპანია Google-ი. ეს არის კარგად აწყობილი, დიდი შემოსავლის მქონე უზარმაზარი მანქანა. შესაბამისად, Apple-სა და Microsoft-ს იგი პირველი დარტყმის მიყენებას ასე უპირებს – მისი ოპერაციული სისტემა უფასო იქნება.

პირატულ პროგრამებზე გაზრდილი საქართველოს მოსახლეობისთვის ეს ალბათ ბევრს არაფერს ნიშნავს, ჩვენთვის ხომ ყველა პროგრამა და ოპერაციული სისტემა ისედაც უფასოა. ზოგადად კი კარგი მარკეტინგული სვლაა. იმის უფასოდ შეთავაზება, რაშიც სხვები ფულს ითხოვენ, მაშინვე ახალი მომხმარებლების დიდ ნაკადს გამოიწვევს. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს Google-ის მომხმარებელთა მრავალმილიონიანი არმია, რომლებიც მხოლოდ იმიტომ გასინჯავენ ახალ პროდუქტს, რომ ამ კომპანიას ეკუთვნის.

საკითხავი მხოლოდ ისაა, როგორ აპირებს Google-ი უფასო ოპერაციული სისტემით ფულის შოვნას. რაღა თქმა უნდა, რეკლამის საშუალებით. მისი სარეკლამო პოლიტიკა ბევრად განსხვავდება სხვა კომპანიებისგან და, ამავე დროს, წარმატებულიცაა. რეკლამა, რომელიც ახალი ოპერაციული სისტემის ყველა ბლოკში იქნება ჩასმული, სრულიად არ იქნება თავის მოსაბეზრებელი და ხშირ შემთხვევაში, შეიძლება, შეუმჩნეველიც კი დარჩეს. Google-ს რომ ამის კეთება კარგად შეუძლია, მაგალითად მისი ვებრეკლამირების სისტემა, AdWords-იც გამოდგება, რაც Google-ის შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს.

მომხმარებელს, ახალი ოპერაციული სისტემა, მისი საწყისი კოდის ხელმისაწვდომობითაც მიიზიდავს. Linux-ის მოყვარულებისთვის ეს ნამდვილად მისწრება იქნება. გარდა ამისა, მუდმივ ბრძოლაში Microsoft-სა და Linux-ისტებს შორის ახალი, ძლიერი მოთამაშე ჩაერთვება, რაც ღია კოდის მოყვარულებს საშუალებას მისცემს, Google OS-ის ჩრდილში შევიდნენ და მშვიდად აკეთონ თავისი საქმე. Microsoft-ს მათთვის აღარ ეცლება.

Microsoft Windows-ის გამოჩენის პირველივე დღიდან, ეს კომპანია აგრესიულ პიარს უკეთებს საკუთარ პროდუქტებს. ყველა Windows-ს დღემდე მოჰყვება Microsoft-ის ვებბროუზერი. Google-ის ოპერაციულ სისტემაშიც იქნება ჩაშენებული საკუთარი პროდუქტები, თუმცა მომხმარებელს საშუალება ექნება, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლის, ისინი ნებისმიერ მომენტში წაშალოს და სხვა, ანალოგიური პროგრამით ჩაანაცვლოს.

როგორც Google-ი გვპირდება, სისტემა სწრაფად ჩაიტვირთება და სხვა სისტემებთან შედარებით ოპტიმიზებული იქნება. ის უსაფრთხოების გაზრდილი მაჩვენებლითაც გამოირჩევა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას რაიმე, განსაკუთრებული სიძლიერის ანტივირუსული ბლოკი ექნება. პირიქით, მას ანტივირუსი საერთოდ არ დასჭირდება.

ელეგანტური, უსაფრთხო, სწრაფი და უფასო ოპერაციული სისტემა, რომელიც თავს არ მოგაბეზრებს ყოველი დაწკაპუნების შემდეგ კითხვით – „თქვენ მართლა გსურდათ ამის გაკეთება?” –  ყველა მომხმარებლის ოცნებაა. გავა დრო და გამოჩნდება, შეძლებს თუ ვერა Google-ი ამ ოცნების ასრულებას.


კომენტარები