ცხინვალის ე.წ. პარლამენტში შეიარაღებული ადამიანები შეიჭრნენ

დღეს ცხინვალში ე.წ. პარლამენტის შენობაში ორასამდე შეიარაღებული ახალგაზრდა შეიჭრა.  მათ  დე ფაქტო დეპუტატებისგან მოითხოვეს დაუყოვნებლი შეეტანათ კონსტიუტუციაში ცვლილება, რომელიც  სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ედუარდ კოკოითის მისცემს უფლებას მესამედ იყაროს კენჭი ”პრეზიდენტის”  პოსტზე. შეიარაღებულ პირებს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის  თავდაცვის მინისტრის მოადგილეები  იბრაგიმ გასეევი და იგორ ალბოროვი, ასევე სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი გენადი კოკოითი ხელმძღვანელობდნენ, იუწყება რადიოსადგური ”ეხო კავკაზა”. 

საოკუპაციო რეჟიმის  დეპუტატებმა  კონსტიტუციაში ცვლილების შეტანაზე უარი განაცხადეს და მიზეზად რეგლამენტის დარღვევა დაასახელეს.  ამის შემდეგ შეიარაღებულმა პირებმა ”პარლამენტარები” პარლამენტის შენობაში ჩაკეტეს და 12 მათგანი აიძულეს ხელი მოეწერათ  ”კონსტიტუციაში” ცვლილების შეტანის შესახებ მოთხოვნაზე.

ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, სტანისლავ კოჩიევმა განაცხადა, რომ საკითხს კომიტეტში განიხილავენ. რეგლამენტის მიხედვით, შემდეგ ეს ინიციატივა ”პრეზიდენტმა” უნდა დაამტკოცოს და მხოლოდ ამის შედეგ  შეუძლია ე.წ. პარლამენტს კენჭის უყაროს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცს“ საოკუპაციო რეჟიმის პარლამენტის  ვიცე სპიკერმა, იური ძიცოითიმ განუცხადა, რომ  პირველ ვიცე სპიკერ ზურაბ კოკოითის შეიარაღებულმა პირებმა დოკუმენტზე ხელი ფიზიკური ძალის გამოყენებით მოაწერინეს. რუსულ გამოცემასთან საუბარში იური ძიცოითიმ მომხდარ ფაქტს  სამხედრო გადატრილების მცდელობა უწოდა.

სააგენტო  firstnews-ის ინფორმაციით,  შეიარაღებულმა ჯგუფებმა  ”პარლამენტის” შენობა უკვე  დატოვეს, თუმცა  ამ დრომდე შენობის წინ ქუჩაში არიან დაბანაკებულები.

გუშინ სამხრეთ ოსეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოდგილე  იბრაგიმ გასეევის მიერ სასამართლოში შეტანილი ინიციატივა რეფერენდუმის გამართვაზე პიროვნებისთვის საპრეზიდენტო პოსტის ზედიზედ სამჯერ დაკავებასთან დაკავშირებით.  ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შესაძლებლად მიიჩნევს ამ საკითხის პარლამეტის მიერ განხილვას.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უზენაესი სასამართლო, ის მესამე ვადით კენჭისყრას არ აპირებს. კოკოითის   ”საპრეზიდენტო ვადა” 2011 წლის ნოემბერში იწურება. 

კომენტარები