WinExpo 2011 – კიდევ ერთი ნაბიჯი ღვინის კულტურისკენ

ღვინის კლუბი
 საქართველოში რომ ბოლო წლების მანძილზე ღვინის კულტურის აღმავლობა შეინიშნება, უდავოა და ამ საქმეში დიდ როლს ღვინოსთან დაკავშირებული საჯარო ღონისძიებებიც ასრულებს. ცოტა ხნის წინ ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებულ “ახალი ღვინის ფესტივალზე” ვწერდი, რომელიც მეორეჯერ გაიმართა ეთნოგრაფიულ მუზეუმში, დღეს კი მორიგ დღესასწაულზე ვისაუბრებ, გამოფენაზე, რომელიც 2-4 ივნისს გაიმართა ექსპო-ჯორჯიას ტერიტორიაზე და რომელმაც ძალიან ბევრ ღვინის მოყვარულს მოუყარა თავი. 

ეს გამოფენა უკვე მეხუთე წელია იმართება. წელს მისი ოფიციალური ფინანსური მხარდამჭერი USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI) იყო. გამოფენას, ექსპო-ჯორჯიას გარდა, მხარს უჭერდნენ ღვინის კლუბი, ასოციაცია ქართული ღვინო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თბილისის მერია, vinoge.com და სხვა. გამოფენაზე წელს ასევე პირველად მიიღო მონაწილეობა ახლად დაარსებულმა ქვევრის ფონდმაც, რომლის დამფუძნებელიც ოთხი ორგანიზაციაა: ქართული ტრადიციული ღვინის ფონდი, ასოციაცია ქვევრის ღვინო, ასოციაცია ქართული ღვინო და ღვინის კლუბი. ქვევრის ფონდი გამოფენაზე ერთი დიდი სტენდით იყო წარმოდგენილი, სადაც 15-მდე მცირე მარნის ქვევრში დაყენებული ღვინო იყო გამოფენილი. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე 50-ზე მეტი სხვადასხვა პროფილის კომპანია იღებდა მონაწილეობას (მათ შორის, ავსტრიული და იტალიური ღვინის კომპანიებიც). ღვინის გარდა, წარმოდგენილი იყო: არაყი, ჭაჭა, შუშხუნა ღვინოები, ღვინის შესაფუთი ტექნოლოგიები, საწარმოო დანადგარები, სასუქები და ნერგები, მინის ტარა და ღვინოსთან დაკავშირებული წიგნები და პუბლიკაციები...

მაგალითად, ღვინის კლუბმა თავისი ბიბლიოთეკის ფარგლებში გამოცემული ორი წიგნი წარუდგინა მომხმარებელს. Georgia – Craddle of Wine, რომელიც შარშან ამ დროის გამოიცა სპეციალურად ღვინის საერთაშორისო კონგრესისთვის და “ქართული ღვინისა და კერძების შეხამება”, სულ ორიოდე კვირის წინ გამოსული ბროშურა, რომლის ავტორიც მალხაზ ხარბედიაა და რომელიც, იმედია, ცოტათი მაინც დაეხმარება ქართველ მომხმარებელს სასურველი წყვილი უპოვოს სასურველ ღვინოს. ღვინის კლუბმა, ასოციაცია ქართულ ღვინოსთან ერთად, EPI-ს მხარდაჭერით, ორი ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესო აქცია ჩაატარა. პირველი, რომელიც 2 ივნისს ჩატარდა, ქართული ღვინისა და ყველების შეხამების აქცია იყო, სადაც საქართველოში წარმოებულ 30-მდე ყველს 5 ძირითადი სახეობის 40-მდე ღვინო შეუხამდა. აქციას ესწრებოდნენ უცხოელი სტუმრები, რომლებიც აღფრთოვანებულები დარჩნენ ქართული ყველისა და ღვინის შეხამების მრავალფეროვნებით, ეს კი, ძირითადად, ფოკას მონასტრის ყველებისა და ასოციაცია ქართული ყველის დამსახურება იყო, რომელთაც ქართული პირის გემოს ნამდვილი საგანძური გამოიტანეს გამოფენაზე. 
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ წლევანდელი გამოფენა, წინებისგან განსხვავებით, უფრო მეტად იყო დატვირთული გასტრონომიული ღონისძიებებით. მეორე მნიშვნელოვანი აქცია 4 ივნისს გაიმართა და იქ წარმოდგენილი იყო ქართული კერძებისა და ღვინის შეხამების უზარმაზარი სპექტრი, სადაც
ცქრიალა ღვინოებიდან დაწყებული – შემაგრებული ღვინით დამთავრებული, ყველაფერს გამოეძებნა თავისი მეწყვილე.

გამოფენის ერთ-ერთი კულმინაცია იყო წარმოდგენილი კომპანიების, მონაწილეებისა და ღვინოების დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც წერეთლის საგამოფენო სივრცეში მდებარე რესტორან ტერასაში გაიმართა. წინასწარ შერჩეულმა სპეციალურმა ჟიურიმ ოქროსა და ვერცხლის მედლები მათ მიერ გამოვლენილ ღვინის საუკეთესო ნიმუშებს გადასცა. 

კონკურსზე წელს წარმოდგენილი იყო 6 სხვადასხვა კატეგორიის 58 ღვინო: წითელი მშრალი, თეთრი მშრალი, წითელი ნახევრად მშრალი, თეთრი ნახევრად მშრალი, ქვევრის წითელი და ქვევრის თეთრი ღვინოები. დეგუსტაციის დროს დაგემოვნდა როგორც ქართული, ასევე უცხოური ღვინოები.  
 

კომენტარები