ინტერვიუ ფილიპ დიმიტროვთან

ირაკლი ბლუიშვილი
 2 ივნისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა ფილიპ დიმიტროვმა, „ევროკავშირის  სამეზობლო პოლიტიკის  განხორციელების” სამოქმედო გეგმის შესრულების მეოთხე შუალედური ანგარიში წარადგინა. მასში 2010 წლის მდგომარეობაა აღწერილი. ანგარიშიდან ირკვევა, რომ ქვეყანამ, სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების რეალიზაციის საკითხში, მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ეს განსაკუთრებით – სასამართლო რეფორმას, საარჩევნო პროცედურებს, საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარებას, ვაჭრობისა და ბიზნესის საკითხებში რეფორმებს, რეგიონალური განვითარების საკითხებსა და ასევე ადმინისტრაციული კორუფციის არსებითად შემცირებას შეეხება. ანგარიშში შესულია ის საკითხებიც, რა მიმართულებითაც მთავრობამ მუშაობა უნდა გააძლიეროს. მაგალითად – დემოკრატიის კონსოლიდაცია, დემოკრატიის განმტკიცება პოლიტიკური ურთიერთობებისა და მედიაპლურალიზმის საკითხში, ნაციონალური უმცირესობების უფლებები. 
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ტაბულამ ფილიპ დიმიტროვთან ინტერვიუ, ანგარიშის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაწერა.


საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები – რა სტადიაზე ვიმყოფებით ახლა? 
 
საქართველო მუშაობს ასოცირების ხელშეკრულებაზე. ქვეყანა ემზადება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე (DCFTA) მოლაპარაკებების დასაწყებად. საქართველო აკმაყოფილებს ბევრ მოთხოვნას, რითაც სულ უფრო უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. 

აშკარაა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ. მესმის, რომ ზოგჯერ მოლოდინი დიდია, რომ ზოგჯერ, როდესაც ის არ ხდება, რაც გსურთ რომ მოხდეს, თავს მიტოვებულად გრძნობთ. მაგრამ გარწმუნებთ, რომ  ევროკავშირი საქართველოს მეგობრად და პარტნიორად განიხილავს, ქვეყანა დიდ ყურადღებას იმსახურებს. 

ამის დასტურია ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ევროპასთან გაახლოებთ. ასევე –  საკმაოდ დიდი რაოდენობის ფული, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს დასახმარებლად ხარჯავს, რათა სტანდარტების მიხედვით განვითარდეს. ამის დასტურია დაჟინებული მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, ქვეყანამ ევროკავშირის მეტი და მეტი წესი უნდა აღიაროს. 

ისმის კითხვა: რატომ უნდა გააკეთოს საქართველომ იმაზე ბევრი, ვიდრე სხვა ქვეყნებს გაუკეთებიათ? პასუხი მარტივია, იმიტომ რომ პერსპექტიული ქვეყანაა და მეტი მოეთხოვება იმ რთული მიზნების მისაღწევად, რომელიც მან საკუთარ თავს ლეგიტიმურად დაუწესა.
 
საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები წლის დასაწყისში უნდა დაწყებულიყო. ქართული მხარისთვის მოულოდნელად, ბრიუსელმა მოლაპარაკებების დასაწყებად ახალი წინაპირობები წამოაყენა. რით ახსნით ამას?
 
მინდა გირჩიოთ, არ გამოიყენოთ მსგავსი სიტყვა, როგორიცაა „მოულოდნელად” და ა.შ. ამგვარ რაღაცებს კონკრეტულ დროში არ ჰპირდებიან ხოლმე. ყველამ, ვისაც მართლა სურს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების განვითარება, კონცენტრაცია აუცილებელი ნაბიჯების გადადგმაზე უნდა მოახდინოს. ნაკლებად უკირკიტოს გარკვეული მოთხოვნების ორაზროვნებასა თუ ცვალებადობას.

არის ერთი მნიშვნელოვანი რამ – ეს პირადი გამოცდილებიდან ვიცი. ჩემს ქვეყანაში, ბევრი კოლეგა უფრო მეტ დროს უთმობდა იმის მტკიცებას, რომ ისინი მართლები იყვნენ ადრე, წარსულში – ვიდრე წარმატებული ხვალინდელი დღისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას. გირჩევთ, არ გამოიყენოთ ასეთი მიდგომა.  
 
ევროპა გადაღლილია ბოლოდროინდელი გაფართოებით. გაწევრიანების წინაპირობებიც უფრო გამკაცრებულია. როდის არის მოსალოდნელი გაფართოების მომდევნო რაუნდი?
 
არა მგონია, ვინმეს ამ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა შეეძლოს. მოდით ასე შეხედეთ საკითხს – პოლიტიკა, განვითარება, საერთაშორისო ურთიერთობები ადამიანთა მოქმედებების შედეგად ხდება. ასეთ მოქმედებებს მოულოდნელად შეუძლია ბევრი რამის შეცვლა. 

ამდენად, ვერავინ გეტყვით დღეს, თუ რა მოხდება ხვალ. ყველაფრის დაგეგმვა შეუძლებელია. ასე რომ, ნაცვლად გაფართოების შემდეგ რაუნდზე ფიქრისა, უფრო პროდუქტიული იქნება, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე ვიმუშაოთ. სამუშაოს ეს ნაწილი ქართველების ხელშია და დარწმუნებული ვარ, რომ თავს გაართმევთ.

ევროპასთან ინტეგრაციის სურვილი, რეფორმატორული ძალისხმევის წამყვანი იმპულსია ყველა იმ სახელმწიფოში, რომელიც ამას ესწრაფვის. ასე იყო ჩემს ქვეყანაშიც. ამავე დროს, ძალიან ადვილია დღევანდელი გადმოსახედიდან ისტორიის წაკითხვა. ვგულისხმობ იმას, რომ ახლა ბევრი, ვინც მოახერხა, ევროკავშირსა და NATO-ში გაერთიანება, ამბობს, რომ მათი ინტეგრაცია გარდაუვალი იყო. ეს არ არის მართალი. 

მე შემიძლია გითხრათ, თუ რა ძალისხმევა დაგვჭირდა ორაზროვანი ვითარების და გაურკვეველი შესაძლებლობის გადასალახად. და ეს მხოლოდ იმ იმედით, რომ თუ ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებდით, ადრე თუ გვიან, სულ მცირე, ერთს მაინც (ვგულისხმობ ევროკავშირს ან NATO-ს) მივაღწევდით. საბედნიეროდ ორივე მოხერხდა. მაგრამ წარმატებისთვის გარანტიები საჭირო არაა. ჩვენ არ გვქონდა ასეთი გარანტია. 

მესმის, რომ საქართველოში განსხვავებული სიტუაციაა. პრობლემა ისაა, რომ სანამ ჩვენ ბნელიდან ნათელი მომავლისკენ მივისწრაფოდით, ბევრ ქართველს ჰგონია, რომ გუშინდელი პერსპექტივა დღევანდელზე უფრო ცხადი იყო. ვფიქრობ, ეს უფრო ემოციური აღქმა და ხიფათის მოლოდინია, ვიდრე მოვლენების რეალისტური შეფასება. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს მომავალი საჭირო ძალისხმევით მიიღწევა. 

ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება მომდევნო წლებში, თუმცა აშკარაა იმის აღიარების მკაფიო ტენდენცია, რომ: ა) საქართველოს შეუძლია ლეგიტიმურად მოითხოვოს ევროკავშირსა და NATO-სთან დაახლოება; და ბ) არსებობს ამის საპასუხო სურვილი ევროკავშირის მხრიდან (მე არ მაქვს უფლება ვისაუბრო NATO-ზე, მაგრამ იმედია, რომ ამ შემთხვევაშიც ასეა). თუ საკმარისად ახლოს მოხვალთ, ეს იმდენად დიდი ნაბიჯია, რომ სხვა რაღაცები, მხოლოდ ტექნიკურ ხასიათს ატარებს.
 
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება რომ საქართველოსას შეადაროთ, რა იყო მათი წარმატების ძირითადი მიზეზი? რა ძირითად გამოწვევებს აწყდებოდნენ, რომელიც ჩვენც შეგვიძლია გავითვალისწინოთ?
 
სერიოზული გამოწვევები ინსტიტუტების მშენებლობასა და მათ ფუნქციონირებას უკავშირდებოდა; ასევე რთული იყო ევროკავშირის წესების და რეგულაციების ქვეშ თავისუფალი საბაზრო სისტემის ჩამოყალიბება. მთელი რიგი საკითხები ადამიანის უფლებების კუთხითაც იდგა. ამ სფეროებზე ვაცხადებთ, რომ ძალიან კარგად გვესმის, მაგრამ გამოწვევები, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით, გაცილებით მეტია. 

არ შეიძლება ამტკიცო, რომ მხარს უჭერ ადამიანის უფლებებს და, ამავე დროს, გულგრილი იყო იმ ფაქტისადმი, რომ მიტინგზე, თუნდაც შენთვის მიუღებელზე, შეიძლება ადამიანის ღირსება შეილახოს, რომ არაფერი ვთქვათ ფიზიკური ტკივილის მიყენებაზე. არ შეიძლება ამტკიცო, რომ პატივის სცემ ადამიანის უფლებებს, და იმავდროულად განაცხადო, რომ ადამიანებს, რომლებიც არ იზიარებენ თქვენს რელიგიას, თანასწორად არ უნდა მოეპყრან; ან ადამიანები, რომლებიც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის არიან, არ შეიძლება ჭეშმარიტი ქართველები იყვნენ. ეს ასე არ არის. ამდენად, გამოწვევები, რომელიც ადამიანის უფლებათა საკითხებს უკავშირდება, უზარმაზარია. კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმ დაახლოებისათვის, რომელზეც ვსაუბრობთ.

უფრო თუ დავაკონკრეტებ, ბევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანასა და საქართველოს ერთი საერთო თვისება ახასიათებთ – გასაოცარი უნარი, ფოკუსირება ისეთ საკითხებზე მოახდინონ, რომლებიც ყურადღებას არ იმსახურებს. და უგულებელყოფენ ისეთ საკითხებს, რომლებიც ქვეყნისთვის ხელსაყრელია. 

ასე ჩვენც ბევრჯერ მოვქცეულვართ და ხშირად ვხუმრობ კიდეც, რომ გამოცდილებიდან გამომდინარე, მე უკეთ მესმის საქართველოში არსებული სიტუაცია. ასევე კარგად ვხვდები, რატომ ვაღიზიანებდი ზოგ ადამიანს იმ დროს, როდესაც ჩემი ქვეყნის ინტერესებს ვიცავდი.
 
რას იტყოდით ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებზე? ხომ არ ახდენს რუსეთი გავლენას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე?
 
როგორც ცოტა ხნის წინ, რამდენიმე ქვეყნისა და მთავრობის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, არის მცდელობა, რომ ეს ურთიერთობა პოზიტიური მიმართულებით განვითარდეს.

 შეხედეთ რუკას და ნახეთ, ვინ არის ევროპის მეზობელი. სასაცილო იქნება, ვინმე თუ იტყვის, რომ ევროპას შეუძლია თვალი დახუჭოს და ყურადღება არ მიაქციოს ამ ქვეყანას. 

თუ თქვენ იმას გულისხმობთ, რომ რუსეთი თამაშის წესებს კარნახობს ევროპას, ეს ასე ნამდვილად არ არის. ვშიშობ, ხშირად რუსეთისადმი დამოკიდებულება, იმ ადამიანების მიერაა გაზვიადებული, რომელთაც სურთ, ევროპამ უფრო მკაცრი პოზიცია გამოხატოს ზოგიერთ საკითხზე. ვფიქრობ, უსაფუძვლოა განცხადებები, რომ ბებერმა კონტინენტმა თავისი პრინციპები დაივიწყა. 

ტექნიკურად შეუძლებელია, ყოველთვის ერთი საკითხი იყოს დღის წესრიგში. ალბათ, ქართველების უკმაყოფილებაც ძირითადად იქიდან გამომდინარეობს, რომ ქვეყანა დღის წესრიგის ყველაზე პრიორიტეტული საკითხი ყოველთვის არაა. თუმცა ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელშიც კი ევროკავშირი და რუსეთი მონაწილეობენ, ევროპა ყოველთვის წამოჭრის საქართველოსთან დაკავშირებულ პრობლემებს.
 
პრეზიდენტ სარკოზის ექვსპუნქტიანი ხელშეკრულების საკითხსაც? იგი ხომ კვლავ არ სრულდება. ფიქრობთ, რომ ეს ხელშეკრულება დავიწყებას მიეცა?
 
არა, ის დავიწყებას არ მისცემია და ყოველთვის დღის წესრიგშია.
 
როგორ შეაფასებდით საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მუშაობას? რა უნდა გაკეთდეს, რომ მისია უფრო ეფექტიანი გახდეს?
 
ეს ძალზე რთული და, ამავე დროს, სასარგებლო მისიაა. რთულია იმიტომ, რომ EUMM-ი, ფაქტობრივად, ვერ ასრულებს თავის საქმეს ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეს, რაც, ბუნებრივია, გულდასაწყვეტია. მეორე მხრივ, EUMM-ის საქმიანობა, ვფიქრობ, ძალზე პოზიტიურად უნდა შეფასდეს. მათ, იმ ხალხს, ვინც  ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს ცხოვრობს, უსაფრთხოების განცდა გაუჩინეს ყოველდღიური ცხოვრებისას. ეს მისია იმ რეგიონიდან, ჰუმანიტარული, ტექნიკური და სხვა სახის ინფორმაციის მიღების წყაროა. ვფიქრობ, EUMM-ის მისია, ამ პირობებშიც კი, უნდა გაგრძელდეს და პოზიტიურად შეფასდეს. 
 
შევეხოთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს: 26 მაისს რუსთაველის გამზირზე საქართველოს ხელისუფლებამ რადიკალური ოპოზიციის უკანონო მიტინგი დაშალა. თქვენ როგორი რეაქცია გქონდათ?
 
პირველ რიგში, ბევრს ვლოცულობდი. მე გამოვლილი მაქვს მსგავსი სიტუაციები და ვიცი, ეს რას ნიშნავს. მესმის, თუ რას გრძნობენ ორივე მხარეს მდგომი ადამიანები. მსგავსი ვითარება ყოველთვის საშიშია. ამდენად, ვლოცულობდი, სისხლი და ტანჯვა რომ არ ყოფილიყო. თუმცა, როდესაც ძალადობრივ დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე, ასეთი რამ ხდება. ასე რომ, ერთი მხრივ, ძალიან კარგად მესმის, რომ არც ერთი ხელისუფლება არ დაუშვებდა მისი ეროვნული სიმბოლოს, დამოუკიდებლობის დღისთვის გამოწვევის შექმნას.  

სწორედ ამიტომ აღვნიშნე კიდეც, რომ აქციის დაშლის გადაწყვეტილება ლეგიტიმური იყო. მართლაც, პოლიციელთა ქმედებები გონივრულად ორგანიზებული ფორმით დაიწყო. სამწუხაროდ, ბოლოს მეტი დაპირისპირება, ტკივილი და დასისხლიანებული სახეები ვიხილეთ, რაც არასდროსაა კარგი. მე ამ კადრების ხილვის საშუალება მქონდა. 

ამგვარ სიტუაციებში ყოველთვის გაისმის კითხვა, თუ სხვაგან როგორ ხდება მსგავსი ქმედებები – მაგრამ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ პრეტენზია გვაქვს, რომ ვაშენებთ საზოგადოებას, რომელიც მოდელი უნდა იყოს მთელი მსოფლიოსთვის და სადაც ვაწესებთ სტანდარტებს. ეს სტანდარტები ადვილი განსახორციელებელი არ არის და ხშირად ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ვისურვებდით. მაგრამ, სწორედ ამიტომაცაა მათი განხორციელება სავალდებულო. 

ამ გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ ნებისმიერ მსგავს ვითარებაში, ნორმალურია იმის მოლოდინი, რომ ყველა ფაქტს ამომწურავად გამოიძიებენ – რათა ნათელი გახდეს, რომ ადამიანის უფლებებისა და ღირსების მიზანმიმართულ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონდა.
 
სხვა ევროპული ქვეყნებიც ასე მოქმედებენ? როგორ უმკლავდებიან ევროკავშირის ქვეყნები მსგავს სიტუაციებს?
 
კარგად მესმის თქვენი შეკითხვა. მე არ ვგულისხმობ, რომ პოლიციელის გვერდით დადგომას, შორიდან სიტუაციის დაკვირვებას ან ძალიან თავაზიან ქცევას უნდა ველოდოთ. მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავს შემთხვევებში, ადამიანის ღირსების შელახვა, მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან.

კომენტარები