მაკლარენ MP4-12C GT3 რბოლებისთვის

ცოტა არ იყოს, გასაკვირია, მაგრამ მაკლარენმა რომ ახლახან თავის სუპერქარ MP4-12C-ის სარბოლი ვარიანტი გაგვაცნო, იმ მანქანას, საბაზო ვერსიასთან შედარებით, 100 ცხენის ძალით ნაკლები სიმძლავრე ემსახურება. თუმცა, სარბოლ ტრასაზე მასზე მანევრული და, აქედან გამომდინარე, სწრაფიცაა. და ის 100 ცხენის ძალა ალბათ იმიტომ მოაკლეს, რომ მანქანას ლე მანის ურთულესი რბოლის გაძლება მოუწევს და ამ შემთხვევაში, სიმძლავრეზე არანაკლები მნიშვნელობა, ძრავის და მთლიანად მანქანის რესურსს ენიჭება.

მაკლარენის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი მარტინ უიტმარში ამბობს, რომ მაკლარენ MP4-12C GT3, ამ ავტომობილის საგზაო ვერსიისგან კარბონის კომპოზიტურ მონოკოკს და საჭის ზუსტად ისეთ მექანიზმს მიიღებს, როგორითაც ლუის ჰამილტონი ფორმულა 1-ის 2009 წლის სეზონში ასპარეზობდა. ამასთან, სარბოლი ავტომობილის შემუშავებაში, მაკლარენის სპეციალისტების გარდა, ფორმულა 1-ში გაწაფული კომპანიები – აკებონო, მობილ 1, მაკლარენ ელექტრონიკ სისტემზი, რიკარდო და მიშლენი მონაწილეობდნენ, რაც უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ნებისმიერმა კონკურენტმა, ეს ფორთოხლისფერი ბოლიდი სერიოზულ მეტოქედ აღიქვას.

ამ ავტომობილის შემუშავებისა და სრულყოფისას, მაკლარენმა ფ1-ში დაგროვილი გამოცდილება უხვად გამოიყენა. პირველი ტესტირება კი ფ1-ის გუნდის სიმულატორზე ჩაუტარა. რა თქმა უნდა, ამისათვის თავისი ფ1-ის საჯინიბოს აეროდინამიკური მილიც გამოიყენა. ყველაფერში კი მას რბოლებში დიდად გამოცდილი კომპანია CRS რეისინგი დაეხმარა, რომელსაც არაერთ პრესტიჟულ სერიაში, მათ შორის, ლე მანის რბოლებში წარმატებული გუნდები ჰყავს.

ძრავი 3.8-ლიტრიანია და წყვილი ტურბოკომპრესორის დახმარებით, 500 ცხენის ძალას ავითარებს, ამ სიმძლავრის ათვისებაში კი ავტომობილს 6-საფეხურიანი სეკვენტალური კოლოფი დაეხმარება. გარდა ამისა, MP4-12C GT3 სარბოლი, რეგულირებადი საკიდარითაა აღჭურვილი. მისი ძარის აეროდინამიკაც რბოლებისთვისაა შემუშავებული. აქ ყველაზე გამორჩეული ელემენტი უკანა ანტიფრთაა, რომელიც ავტომობილის სიჩქარის შესაბამისად, ავტომატურად იცვლის დახრის კუთხეს.

მოდერნიზებულია საწვავის მიწოდების სისტემა, საწვავი ნარევის შემშვები და ნამწვის გამომშვები სისტემები. გაგრილების სისტემა ძრავს სითბოს უფრო ინტენსიურად ართმევს. ავტომობილის შენელებას წინ ექვსდგუშიანი, უკან კი ოთხდგუშიანი მექანიზმები (აკებონოს კონსტრუქცია) ემსახურება. ამასთან, წინ 378-მილიმეტრიანი, უკან კი 355-მილიმეტრიანი დისკოები დგას.

მაკლარენი არ მალავს, რომ ამ სარბოლი ავტომობილით, ლე მანის 24-საათიან რბოლაში გამარჯვებას აპირებს. ოღონდ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურ ჩათვლაში არა – ამისთვის ეს შესანიშნავი მანქანაც კი მეტისმეტად მარტივი და სუსტია.

კომენტარები