გაცრუებული შიშის შესახებ

როცა ხელოვანის ნამუშევრებს მისი სიკვდილის შემდეგ (ან გნებავთ სიცოცხლის ბოლოს) გაიცნობს საზოგადოება, მკითხველში და კრიტიკოსებში (თუკი ასეთი პროფესიის წარმომადგენელი დღეს მრავლობით რიცხვში შემორჩა) ავტორის რომანტიზაციის დაუძლეველი ცდუნება ჩნდება. ხშირ შემთხვევაში, მიდგომა ნაწარმოებებსაც გადაწვდება და გულწრფელი თუ ხელოვნური დითირამბების ტალღა აზვირთდება. ბოლო ხანებშიც შევესწარი რამდენიმე მაგალითს, როცა მწერლის უცნაურმა ბიოგრაფიამ, მისი ნამუშევრების მაღალი დონე „განსაზღვრა”.  

სწორედ ამ საფრთხის გათვალისწინებით გავეცანი თავის დროზე ესმა ონიანის ტექსტებს (პირველად 60-იანებში გამოქვეყნდა, თუმცა ერთგვარი რეინკარნაცია, ახლა, 2000-იანებში ვიხილეთ). ავტორის სახელგანთქმულ ნახატებზე, კომპეტენციის გათვალისწინებით, ბუნებრივია, აქ ვერ ვისაუბრებ. ხოლო ლექსების გაცნობა ბედნიერი შემთხვევა აღმოჩნდა – ჩემთვის, ქართული თავისუფალი ლექსის (და არამარტო) წარმომადგენელთა რიგებს, ძალიან საინტერესო ავტორი შეემატა.

გამომცემლობა ინტელექტმა ესმა ონიანის „100 ლექსი” წარუდგინა მკითხველს.

ვფიქრობ, წიგნის Magnum opus ბალადა ლემ (სვანურად – ლომის ფორმის სარიტუალო დროშა) არის, აქამდე იშვითად შესამჩნევი არქიტექტურით მოწოდებული და ტრაგიზმით სავსე ლექსი-სიმღერა. ვერბლანი – ტრადიცული სალექსო საზომებისა და ვერლიბრის ნაზავი, სრულიად უცხო სახეს იღებს. 14 და 8-მარცვლიანი სტრიქონების მონაცვლეობას, სრულიად სპეციფიკური, „მთის ვერლიბრი” კვეთს. მითი აქ მეტაფორებადაა დაშლილი, დრამატურგიაც ფრაგმენტულია – ისევე, როგორც შელოცვებსა და ხმით ნატირლებში, რიტმი – წყვეტილი – კითხვისას გორებზე და ველებზე მოხეტიალე მატარებელში გეგონება თავი. „ლომი ქარში აივსება, მთვარე ქარში აივსება/განათებულა მთვარით თეთრად მთებში მინდვრები, თვითონ ისინიც თითქოს თეთრი მთვარეებია/ლემ, ლემ, ლემ. მიწებს გადმოვლენ./დაბერავენ კისერს ვნებით, დაიბერა ქარში ლომი, იარაღის ჭექა-ხმები, ნაბიჯის ხმა შენაკონი/გავთლით ხეს თუ ოქროს გავჭედთ, ჩვენს ძლიერ სულს ზედ დავამჩნევთ” – ამონარიდების ეს ხელოვნური  კომპილაციაც კი, ალბათ კარგად შეგაგრძნობინებთ ლექსის აურას.

შემდგენელისთვის (რენე კალანდია) ალბათ ძალიან რთული იქნებოდა 100 (ეს გამომცემლობის სერიაა) ლექსის შერჩევა. ამგვარი დასაზღვრულობა, ზოგ შემთხვევაში, დათვურ სამსახურს უწევს რედაქტორს, რადგან იმთავითვე ცდილობს საუკეთესო ნამუშევრები დაძებნოს – ავტორის განვითარების ეტაპები, მრავალფეროვნება კი, შესაძლოა, გვერდით დარჩეს. ესმა ონიანის კრებულის შემთხვევაში ამ საფრთხესაც ავცდით. იქ კარგად არის ნაჩვენები, თუ რა არის ავტორის ძლიერი მხარე და სად მართებდა მეტი მუშაობა, რომელია ძლიერი ტექსტი და სად რჩება ხელოვანის ექსპერიმენტი მხოლოდ ექსპერიმენტად. 

საყურადღებო ლექსია „ოპერაციის დროს”. ერთი შეხედვით ტრივიალური თემა (შეადარეთ ბესიკ ხარანაულის „კარტოფილის ამოღება”) ისე იშლება, რომ საოპერაციო მაგიდას უმალვე გაშორებს, სადღაც შორს, მისტიკურ ველში გადაჰყავხარ. თვითონ წერის მანერა აქ ავსტრიელი პოეტის, ალბერტ ერენშტეინის ტექსტებს მაგონებს – ერთი შეხედვით პათეტიკური ტირადები და ნახევრადრეალისტური სამყარო.

„ლუის არმსტრონგში” შეგიძლიათ მუსიკის გასიტყვების, მეტაფორად ქცევის კარგი მაგალითი ამოიკითხოთ – „არმსტრონგის ხახა! თბილი ხველა ხორცის ამოთქმით, შავი ხოშია, მოდანდგარე მშობიარე ამოტანება”. პროზაიკოს გურამ რჩეულიშვილს (რომლის პოეზიაც თითქმის უცნობია ქართველი მკითხველისთვის) აქვს ერთი ლექსი ჯაზზე და მომაგონა. საერთოდაც, თუ ვინმეს უშუალოდ ენათესავება ესმას პოეზია, ეს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ გურამია – სინტაქსი, არქაიზმების და ნეოლოგიზმების ჭიდილი და ა.შ. ზოგან, ფორმის თვალსაზრისით (და არა შინაარსის), ქართველი ფუტურისტების ინერციასაც დავლანდავთ. სამწუხაროა, რომ ეს ხაზი, ქართულ პოეზიაში, აღარ გაგრძელებულა.

ესმა ონიანის „100 ლექსი” რამდენიმე პირობით ციკლად იყოფა – „მოკლე ფიქრები სამი კონკრეტული გადახვევით”, „ისევ გადახვევები ოთხ ნაწილად”, „სვანების სიმღერა მზეზე”, „დანახული ანდაზები”, „შეჭირვების ჟამი”, „სალაღობო”.

სიმბოლურია, რომ წიგნი სწორედ სალაღობო ციკლით მთავრდება – ესმას ლექსებში, მიუხედავად სხვადასხვაგვარი დრამატურგიისა, მაინც ოპტიმიზმი ჭარბობს. განსხვავებული, ტრაგიკული ოპტიმიზმი. ეს მთის ნარატივის ნიშანიცაა. 
 

კომენტარები