შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ ფარულ ვიდეოჩანაწერში, სამინისტროს მტკიცებით, ასახულია ნინო ბურჯანაძის მეუღლეს, ბადრი ბიწაძეს, ირაკლი ბათიაშვილსა და გადამდგარ გენერალ, გია უჩავას და კიდევ რამდენიმე ადამიანს შორის საუბარი. ერთ-ერთ რესტორანში მსხდომი ბიწაძე, უჩავა და ბათიაშვილი საპროტესტო აქციებზე მოვლენების შესაძლო განვითარებაზე საუბრობენ. ”ის ვისაც ჩვენს წინ დააყენებენ, ეს იქნება ჩვეულებრივი ჯარისკაცები, მის უკან იდგება სპეცრაზმი. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ მაგას,” ამბობს სუფრასთან მჯდომი ერთ-ერთი ადამიანი. ირაკლი ბათიაშვილი კი ამბობს, რომ მათ ორგანიზებული დაჯგუფება ”შეფიცულები” ჰყავთ, თუმცა შეიძლება სხვა ორგანიზებული ჯგუფებიც დაემატოთ. ბათიაშვილის თქმით, თუ ხალხის მასას ასეთი ორგანიზებული ჯგუფი უდგას, ”მასა იქცევა საშინელი ძალად.”
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”შეფიცულთა” რაზმის წევრის, გია უჩავას აღიარებითი ჩვენებაც გამოაქვეყნა. ჩვენების მიხედვით, ”სახალხო კრების” მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები თბილისის საკრებულოს და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობებში შეჭრას აპირებდნენ. მისი თქმით, გეგმავდნენ მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებას მანქანებისა და ტექნიკის დასაწვავად. უჩავას თქმით, შექმნილი იყო შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, აქციაზე შევარდებოდა და სამართალდამცველებს ცეცხლს გაუხსნიდა.