საქართველოს ეროვნული მუზეუმი წინ, ევროპისაკენ

1977 წლიდან მოყოლებული, ყოველ 18 მაისს, მსოფლიო მუზეუმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი ICOM-მა – მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ დააწესა. მიზანი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საცავების და კოლექციების ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომობა გახლავთ. ამ დღეს, ვიზიტორებს, მსოფლიოს წამყვანი მუზეუმები სპეციალურ პროგრამებს, უფასო ტურებს, ორიგინალურ ექსპოზიციებს სთავაზობენ. წელს ამ თარიღს პირველად შეუერთდა ცნობილი ფესტივალი – მუზეუმების ევროპული ღამე (The European Night of Museums). ასე რომ, 18 მაისის შუაღამეს მილიონობით დამთვალიერებლისთვის ერთდროულად რამდენიმე ათასი ევროპული მუზეუმის კარი გაიღება და ეს ყოველივე, ერთ კვირას გასტანს. 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ბოლო რამდენიმე წელია, მსოფლიო სამუზეუმო სივრცეს წარმატებით შეუერთდა. საერთაშორისო სტანდარტებთან ადაპტირებას, ყველაზე თვალსაჩინოდ,  26 მაისს, ჯანაშიას განახლებული მუზეუმის კონცეფციის მაგალითზე ვიხილავთ. მანამდე კი საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორთან – დავით ლორთქიფანიძესთან ერთად, რამდენიმე მსხვილ პროექტს თვალი გადავავლეთ – პირველ რიგში, თვალში საცემია, 2006 წლიდან მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში ეროვნული მუზეუმის ექსპონატთა საერთაშორისო ტურნეები. ღვინის კულტთან დაკავშირებულმა ექსპოზიციებმა, ანტიკური კოლხეთის ეფექტურმა ოქროს საგანძურმა, ფიროსმანმა და საერთაშორისო წრეებისთვის უკვე კარგად ცნობილმა დმანისელი ჰომინიდის – პირველი ევროპელის თავის ქალამ წარმატებით მოიარა ბერლინის, ნიცას, პარიზის, სტოკჰოლმის, ათენის, ნიუ იორკის, ვაშინგტონის, ლოს-ანჯელესის, ჰიუსტონის და სხვა მუზეუმები. 
 
„სოლო გამოფენებთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ცალკეული ექსპონატების მონაწილეობა ისეთ მასშტაბურ, მსოფლიო დონის გამოფენებში, როგორიც იყო, მაგალითად, 2009-2010 წლებში კანდინსკის გამოფენები გერმანიაში, საფრანგეთსა და აშშ-ში, როცა პროექტის ორგანიზატორებმა ჩვენი ხელოვნების მუზეუმში დაცული კანდინსკის ორი ტილო – „შავი შტრიხი” და „სურათი წრით” ჯერ პარიზის პომპიდუს ცენტრში, შემდეგ კი ნიუ იორკის გუგენჰეიმში გამოფინეს. რამდენიმე ნივთი გამოიფინა ჩვენი საცავებიდან ბრიტანეთის მუზეუმში იმპერატორ ანდრიანეს ეპოქის ამსახველ მასშტაბურ გამოფენაზე. ხოლო მეტროპოლიტენში უძველესი ლითონის გამოფენაზე ჩვენი თრიალეთის თასი საპატიო ადგილს იკავებდა. ასეთი ფაქტები ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ ევროპული კულტურის მნიშვნელოვან რგოლს წარმოვადგენთ”, – აღნიშნავს დავით ლორთქიფანიძე.
 
მსოფლიო სამუზეუმო სისტემაში ინტეგრირებისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისეთ დაწესებულებებთან თანამშრომლობას, როგორიცაა UNESCO ან კიდევ პოლ გეთის საკონსერვაციო ცენტრი (ლოს-ანჯელესი, აშშ).  
 
საქართველოს ეროვნული მუზეუმი ©
ექსპოზიცია კემბრიჯის ფიცვილიამსის მუზეუმში
რაც შეეხება ტვინინგის პროგრამას (Twining Project), შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ის ევროკავშირში თავაზიანად გვიღებს კარს. ტვინინგის პროექტი, როგორც წესი, სოფლის მეურნეობაში, ვაჭრობის, ტრანსპორტის სფეროში ხორციელდება. კულტურის სფეროში კი მისი პირველი გამარჯვებული საქართველოს ეროვნული მუზეუმია. ეს პროექტი ითვალისწინებს  ევროკავშირის წევრი სახელმწიფოსა და დახმარების მიმღები ქვეყნის თანამშრომლობას ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოვებაში, ტრენინგების, რეორგანიზაციისა და კანონმდებლობის განვითარების გზით.
 
ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორი პრუსიის მემკვიდრეობის ფონდი – ბერლინის ეროვნული მუზეუმებია. პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აკორდი თბილისში სამუზეუმო ქუჩის განვითარების ხელისშეწყობაა. ბერლინის მუზეუმების კუნძული (Museumsinsel) უნიკალური არქიტექტურული და კულტურული ანსამბლია, რომელიც ამ ქალაქის ურბანულ ცხოვრებასა და ტურიზმზე დიდ გავლენას ახდენს. კუნძულის ჩრდილოეთ ქიმზე ფერწერული, სკულპტურული თუ ნუმიზმატიკური კოლექციებით მდიდარი ბოდეს მუზეუმის სამკუთხა, ნეობაროკოს სტილის შენობა დგას. მის სამხრეთით ცნობილი პერგამონის მუზეუმია იშთარის კარიბჭით, მშეთას ფასადითა და პერგამონის საკურთხევლით. კუნძულზე პირველად, ათენის პართენონის კოლონების ფასადით, Altes Museum-ის შენობა აშენდა. აქვეა ეროვნული გალერეა და ახალი მუზეუმი. ხუთი მუზეუმისგან შექმნილ ამ კომპლექსს შენობების დაგეგმარების, კოლექციების მართვის, მათი შენახვისა და ექსპონირების უდიდესი გამოცდილება აქვს. ამიტომ ტვინინგის პროექტის ფარგლებში ამ ინსტიტუციასთან თანამშრომლობა, თბილისის სამუზეუმო ქუჩის განვითარებაში დიდ როლს ითამაშებს. პროექტი, ეროვნული გალერეის (ცისფერი გალერეა), ალექსანდრეს ბაღის, გუდიაშვილის ქუჩის, ჯანაშიასა და ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმების და მიმდებარე ტერიტორიის სამუზეუმო სივრცედ გარდაქმნას მოიაზრებს. 26 მაისს პირველი თავისუფალი სივრცე – მოედანი – გაჩნდება, რომელიც ერთმანეთთან რუსთაველის პროსპექტს, ჯანაშიას მუზეუმსა და გუდიაშვილის ქუჩას დააკავშირებს. მანამდე კი საქართველოს ეროვნული მუზეუმი მუზეუმების საერთაშორისო დღეს უერთდება და დამთვალიერებელს საინტერესო კვირეულს სთავაზობს. 
 
 

კომენტარები