ჯემისონ ფაირსტოუნი საადვოკატო კომპანია Firestone Dunkan-ის დამფუძნებელი პარტნიორია, რომელიც რუსეთში 1993 წელს დაარსდა. მისი თანამშრომელი, სერგეი მაგნიტსკი, რუსი თანამდებობის პირების მიერ მილიონობით დოლარის გადასახადის დაფარვის, თაღლითობისა და ქურდობის საქმეზე მუშაობდა. მოგვიანებით მაგნიტსკი დააკავეს და პატიმრობაში გარდაიცვალა. გასულ კვირას, ფაირსტოუნმა თბილისში ფილმი: „სერგეი მაგნიტსკი – სამართლიანობა, კანონი და ბედისწერა” – ჩამოიტანა.
ფილმზე, მაგნიტსკის საქმესა და მასთან კავშირში მყოფ სხვა საკითხებზე, ჯემისონ ფაირსტოუნს ტაბულა ესაუბრა.
შეგიძლიათ გვიამბოთ ფილმზე?
ფილმი ჰოლანდიელ კინემატოგრაფისტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა გადაიღო. ის მოგვითხრობს ჩემი კომპანიის პარტნიორზე – სერგეი მაგნიტსკიზე. მისთვის ცნობილი გახდა, რომ პოლიციისა და საგადასახადოს თანამშრომლებმა, დამნაშავეთა ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 230 მილიონი მოიპარეს. მან ეს ამხილა და სარჩელი შეიტანა. სერგეი თავად დაიჭირეს, ერთი წლის განმავლობაში აწამებდნენ და შემდეგ მოკლეს. მე მინდოდა ეს ფილმი საქართველოში მეჩვენებინა და მეამბა, შემდეგ რა მოხდა. ჩვენ ყველას გვაქვს პრობლემა და ეს რუსეთია, რომელიც საერთაშორისო წესებით არ თამაშობს.
პრეზიდენტი მედვედევი ბევრს ლაპარაკობს კორუფციასთან ბრძოლაზე, მაგრამ არ ებრძვის კორუფციას. მან ხალხს სთხოვა ბრძოლაში დახმარება და მაგნიტსკიმ სწორედ ეს გააკეთა. რუსეთის მთავრობამ ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ რუსი ხალხისგან მოპარული ფული ქურდებს და სერგეის მკვლელებს დარჩენოდათ. ის ორი საგადასახადო ინსპექტორი კი, რომლებიც ქურდობის შემდგომ მილიონერები გახდნენ, წესიერ და მშრომელ ადამიანებად გამოაცხადეს. მომხდარი მათ დაბნეულობას მიაწერეს.
ჩავატარეთ გამოძიება და დავადგინეთ, რომ ჩინოვნიკები მართლაც „დაბნეულები” ყოფილან. მათ 43 მილიონი თავიანთ შვეიცარიულ ანგარიშებზე გადაურიცხავთ. საგადასახადო დეპარტამენტის სამი ინსპექტორისთვის ოთხი ორმილიონიანი ბინა შეიძინეს. თავად საგადასახადო დეპარტამენტის უფროსმა ორი ბინა იყიდა, მისმა ორმა მოადგილემ – თითო-თითო. ეს თანხები ერთი და იმავე საბანკო ანგარიშიდან მოდიოდა ფულის მითვისებიდან სამი კვირის შემდეგ. აი, ამ „უდანაშაულო” ხალხს იცავს მედვედევი.
რა უნდა გაკეთდეს მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებით?
რუს ოფიციალურ პირებს არ ადარდებთ არც რუსეთი და არც რუსი ხალხი. თანამდებობას იკავებენ, რომ იქურდონ. შემდეგ კი ევროპაში იმოგზაურონ, შვილები საზღვარგარეთ გაგზავნონ სასწავლებლად და ფული შვეიცარიის ბანკებში შეინახონ. მათი დასჯა თუ გინდა, ეს პრივილეგიები უნდა წაართვა.
ევროკავშირმა სცადა მიეღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, კორუმპირებულ ჩინოვნიკებს შენგენის ზონაში შესვლა აეკრძალებოდათ და ქონება ჩამოერთმეოდათ. რუსეთის დუმის შემადგენლობის ნახევარი ისე ანერვიულდა, რომ გაფრინდნენ ბრიუსელში და ევროპარლამენტის წევრებს ემუდარნენ, არ მიეღოთ რეზოლუცია, რადგან „გამოძიება ჯერ არ იყო დასრულებული”. ევროპარლამენტმა კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო. რეზოლუციაში ჩაწერეს: „თუ საქმე წინ არ წაიწევს, ვურჩევთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომ აკრძალონ ვიზის გაცემა და გაყინონ აქტივები”.
საქმე წინ ნამდვილად არ წასულა. ვიმედოვნებთ, ევროკავშირის სახელმწიფოები დაიწყებენ ვიზის აკრძალვისა და აქტივების გაყინვის პროცესს. ამას გარდა, გასულ პარასკევს აშშ-მა შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირის რეზოლუციაზე მკაცრია. პროექტში ნათქვამია, რომ რუს ჩინოვნიკთა 60-კაციანი სია სრული არ არის – მასში შევლენ ისინიც, ვინც ხელს უშლიდა ამ საქმის გამოძიებას და თაღლით ჩინოვნიკებს იცავდა. ყველას ჩამოერთმევათ აშშ-ში ჩასვლის პრივილეგია და აქტივები გაეყინებათ.
მაგნიტსკის შემთხვევამ გვაჩვენა, რომ ჟურნალისტთა და იურისტთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, როცა ისინი კორუფციის თემაზე მუშაობენ, ან მთავრობას აკრიტიკებენ. როგორ შეგვიძლია შევაფასოთ ვითარება რუსეთში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით?
ადამიანის უფლებები რუსეთში არ არსებობს. რუსეთის მთავრობას ძალზე მარტივი პოლიტიკა აქვს – მაგალითად, თუ გინდა აქციონერის უფლებების შესახებ რამე იცოდე, გპასუხობენ – მოგვეცი ფული და კითხვებს ნუ დასვამ.
ნებისმიერი დიდი რუსული კომპანიის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს, სადაც ცდილობენ გამოიკვლიონ, სად მიდის ფული, თან მოსდევს სისხლის სამართლის სარჩელი.
მაგნიტსკის საქმის მსგავსი შემთხვევები, როდესაც დასავლური კომპანიის პარტნიორს ასე მოექცნენ, რამდენად ახდენს გავლენას ქვეყანაში ინვესტიციების შესვლაზე? ინვესტორებს ხომ არ აფრთხობს?
ჩემი საკუთარი ბიზნესი ინვესტიციებზეა დამოკიდებული. ვისურვებდი, რუსეთი კეთილგანწყობილი იყოს ინვესტიციების მიმართ. თუმცა დასავლელ ინვესტორებს ეს ქვეყანა აფრთხობს. დასავლური ფული რუსეთში არ შემოდის. მას შემდეგ, რაც სერგეის დაემართა, ჩვენთვის უფრო ნათელი გახდა, თუ რა ღრმად აქვს ფესვები გადგმული კორუფციას იქ. მედვედევი ან არ შეებრძოლება კორუფციას, ან ამას ვერ შეძლებს. სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოების ჩართვაა საჭირო, რომ მედვედევმა კორუმპირებული და მკვლელი ჩინოვნიკები დააპატიმროს.




