დიალოგი რეფორმების შესახებ

ფოტო: ავტორი ავტორიშვილი
გასულ კვირას, თბილისს ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ეწვია. თინა ქეიდენაუმ საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობა განიხილა. 

 
თბილისში ყოფნისას ამერიკელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ. „რუსეთმა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს. ეს გულისხმობს კონფლიქტამდე პოზიციებზე დაბრუნებას და ჰუმანიტარული ტვირთის შეუფერხებლად გადატანას. აშშ საქართველოსათვის ამგვარ მხარდაჭერას კვლავაც გააგრძელებს და ასეთ პოზიციას ყოველი შესაძლებლობის დროს გამოხატავს”, – აღნიშნა თინა ქეიდენაუმ. 
 
იგი რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე მოსკოვსა და თბილისს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებსაც შეეხო. ქეიდენაუს თქმით, აშშ-ს იმედი აქვს, რომ „შესაძლოა შეთანხმდნენ რუსეთის გაწევრიანების პირობებზე”. აშშ მხარს უჭერს რუსეთის გაწევრიანებას ვმო-ში, თუმცა მიაჩნია, რომ „საქართველოს სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით ლეგიტიმური წუხილები აქვს, რომელთა მოგვარება აუცილებელია”, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ. 
 
შეერთებული შტატები კვლავ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.
ამერიკული დელეგაციის შეხვედრა ოფიციალურ პირებთან, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, დემოკრატიის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის ფორმატით შედგა. მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
 
თინა ქეიდენაუს განცხადებით, განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა საარჩევნო კოდექსი, სასამართლო რეფორმა, კანონის უზენაესობა და მედიაში არსებული მდგომარეობა. 
 
„შეერთებული შტატები კვლავ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. ამ წლების განმავლობაში საქართველომ რეფორმების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გზა განვლო. დიდი სამუშაოებია გაწეული, თუმცა შესასრულებელი ჯერ კიდევ ბევრია”, – აღნიშნა თინა ქეიდენაუმ. 
 
ამერიკელმა დიპლომატმა განსაკუთრებული ყურადღება საარჩევნო რეფორმაზე გაამახვილა. მან მხარი დაუჭირა ამ საკითხზე დიალოგის გაგრძელებას ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. ქეიდენაუმ აღნიშნა, რომ აშშ შეეცდება „ხელი შეუწყოს დიალოგს”, რათა „მიაღწიონ შეთანხმებას და ყველა საჭირო საკითხი არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე გადაწყდეს”.
 
ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე „ოპოზიციური რვიანის” რამდენიმე ლიდერს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. 

კომენტარები