რუსული ტელეკომპანია ცენზურის დაწესებას აპროტესტებს

რუსული ტელეკომპანია РЕН-ТВ-ს თანამშრომლებმა ინტერნეტით გაავრცელეს მიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ტელეკომპანიის საინფორმაციო პოლიტიკა  შეიცვალა მას  შემდეგ, რაც 15 აპრილს საინფორმაცო განყოფილების უფროსის თანამდებობიდან  ალექსეი აბაკუმოვი გაათავისუფლეს. ტელეკომპანიის თანამშრომლების თქმით, შედგენილია  იმ პოლიტიკოსების სია, რომლებიც  ტელეკომპანიის ეთერში არ უნდა მოხვდნენ. მათ შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ბორის ნემცოვი და გარი კასპაროვი.

ტელეკომპანის თანამშრომლები აცხადებენ, რომ დაიწყო ”დამოუკიდებლი ჟურნალისტების დევნა მათი სამსახურიდან გათვაისუფლების მიზნით.” მიმართვაში წერია, რომ  გათავისუფლებული ჟურნალისტების ნაცვლად „მოიყვანეს პეტერბურგელი „შტრეიკბრეხერების დესანტი“, რომლებიც მზად არიან ცოტა ფულის სანაცვლოდ გააკეთონ ყველაფერი რასაც უბრძანებენ.”

РЕН-ТВ-ს თანამშრომლები აცხადებენ, რომ ჟურნალისტები, რომლებიც სამსახურიდან არ გაუშვეს, თავად ტოვებენ ტელეკომპანიას. ”ხურავენ პოპულარულ საინფორმაციო ანალიტიკურ გადაცემას „კვირა  მარინა მაქსიმოვსკისთან ერთად“.   მაქსიმოვსკის მანქანას ვიღაც უცნობებმა ფეკალიები გადაასხეს და მიუხედვად იმისა, რომ ტელევიზიის შიდა ეზო სათვალთვალო კამერებით კონტროლდება  დამნაშავეები ვერ იპოვეს,” ნათქვამია განცხადებაში. 

მიმართვის ავტორების თქმით,  საინფორმაციო სამსახურის ახალი ამბებიდან გაქრა სოციალური პრობლემებისადმი, ასევე ჩინოვნიკთა თავნებობისადმი მიძღვნლი რეპორტაჟები. ”ამის ნაცვლად არხი აშუქებს ძალოვანი უწყებების წარმატებებს, კრიმინალს და დითირამბებს უმღერის გუბერნატორებსა და დეპუტატებს,” წერია მიმართვაში.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია РЕН-ТВ-ს საინფრომაციო გამოშვებები ბოლო სამი წელია რუსეთის ჟურნალისტთა გილდიის პრესტიჟული ჯილდოს, „ტეფის“ მფლობელი ზედიზედ ხდება. ამ ტელევიზიაში ბოლო დრომდე მუშობდნენ  ადამიანები, რომლებიც 1999 წელს ტელეკომპანია  НТВ-ს ”გაზპრომის” მიერ მითვისების შემდეგ არხიდან წავიდნენ.

„მადლობა რომ იყავით ჩვენთან. შეხვედრამდე სხვა არხებზე,  რადიოსადგურებზე, გაზეთებსა და ინტერნეტში,“  - ასე მთავრდება РЕН-ТВ-ს ჟურნალისტთა  მიმართვა.

ექსპერტთა შეფასებით, საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილება რუსეთში მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. 

კომენტარები