ესპანეთში მოსამართლემ 25 წლის მამაკაცს სამსახურის მოძებნა მიუსაჯა

ესპანეთში სასამართლომ 25 წლის ანდალუზიელ მამაკაცს სახლიდან გასვლა და სამსახურის დაწყება მიუსაჯა. ქალაქ მალაგის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ახალგაზრდა მამაკაცმა მშობლებს სასამართლოში უჩივლა და მათ ყოველთვიურად 400 ევროს გადახდა მოსთხოვა. ესპანელმა მშობლების წინააღმდეგ საჩივრის შეტანა იმის გამო გადაწყვიტა, რომ მათ შვილისთვის ფულის მიცემაზე უარი განაცხადეს, თუ სამსახურის პოვნას არ ეცდებოდა. ამასთანავე, სასამართლომ მოსარჩელის მშობლებს მომდევნო 2 წლის მანძილზე შვილისთვის ყოველთვიურად 200 ევროს გადახდა დაავალა მათი ვაჟის „ემანსიპაციისთვის ხელის შეწყობის მიზნით.“

მალაგელმა მოსამართლემ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც იურისტის დიპლომს ფლობს, უახლოესი 30 დღის განმავლობაში მშობლების სახლის დატოვება და სამსახურის მოძებნა დაავალა. ეს გადაწყვეტილება ესპანეთში, სავარაუდოდ, დიდ გამოხმაურებას ჰპოვებს, რადგან ამ ქვეყანაში მიღებულია, რომ შვილები მშობლებთან ერთად 30 წლამდე ან უფრო მეტ ხანსაც ცხოვრობენ. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 30 წლამდე ასაკის ხუთი ესპანელიდან ერთი ჯერ კიდევ ეძებს მის პირველ სამსახურს. 

კომენტარები