ამერიკელი სენატორები თბილისში

აშშ-ის რესპუბლიკელ სენატორთა დელეგაცია, აღმოსავლეთ ევროპაში ტურნეს ფარგლებში, გასულ კვირას საქართველოს სტუმრობდა. ჯონ კაილმა, მაიკლ კრაპომ, რონ ჯონსონმა და ჯეფ სეიშონმა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ოპოზიციასთან, არასამთავრობო სექტორთან და ევროკავშირის დამკვირვებლებთან შეხვედრები გამართეს. მათ სურდათ  გაცნობოდნენ, თუ როგორ იმოქმედა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მიერ რუსეთთან წამოწყებულმა „გადატვირთვის პოლიტიკამ” აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის მოკავშირეების უსაფრთხოებაზე. 

სენატორმა კაილმა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, გიგა ბოკერიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვიზიტის მიზანი საქართველოსთვის მხარდაჭერის დემონსტრირება და დახმარების მიმართულებების განსაზღვრაა. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას კი სენატორებმა ყურადღება ავღანეთის ISAF-ის მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობაზე გაამახვილეს. 
 
ჯონ კაილმა დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრისას „მოკლედ” შეეხო სენატორთა ინიციატივას საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის რადარის განთავსების შესახებ. „საქართველო, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, იდეალური ადგილი იქნებოდა რაკეტსაწინააღდეგო თავდაცვის სისტემის რადარის განთავსებისთვის”, – ასეთი მოწოდებით პენტაგონს თებერვალში  კაილმა სამ სენატორებთან ერთად  უკვე მიმართა.
 
საქართველო, როგორც აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტების განლაგების შესაძლო ადგილი, კიდევ ერთ წერილშია ნახსენები. ის პრეზიდენტ ობამას 39 რესპუბლიკელმა სენატორმა 14 აპრილს გაუგზავნა. დოკუმენტში სენატორები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ადმინისტრაციას, რადარის განლაგების ადგილად განიხილონ „თურქეთი, საქართველო ან სხვა ადგილი, რომელიც ხელსაყრელი იქნება ამერიკელი ხალხის დასაცავად”. 
 
სენატორი ჯონ კაილი აშშ-ის სენატის იურიდიული კომიტეტის  წევრია და სენატის რესპუბლიკური ფრაქციის  ხელმძღვანელობაში რიგით მეორე თანამდებობა უკავია. კაილი, ჯეფ სეიშონთან ერთად, რუსეთთან ურთიერთობების  „გადატვირთვის” პოლიტიკის კრიტიკით არაერთხელ გამოსულა. 
 
„საქართველოს მომავალს რუსეთთან გადატვირთვის მსხვერპლად არ ვაქცევთ, რაღაც თეორიული ფასეულობების სანაცვლოდ”, – განაცხადა ჯონ კაილმა თბილისში, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას. მისი აზრით, აშშ-ის ადმინისტრაციასაც ანალოგიური პოზიცია აქვს, თუმცა, „საკითხავია, რამდენად ადეკვატურია მისი მოქმედებები”.

კომენტარები