HRW სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნის ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

 ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ, Human Rights Watch-მა გაეროს სირიაში სპეცსამსახურების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ცეცხლის გახსნის ფაქტზე საერთაშორისო გამოძიების დაწყება სთხოვა. გასულ კვირას მომხდარ ინციდენტს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება HRW. ორგანიზაციამ მოუწოდა აშშ-ს და გაეროს, შემოიღონ სანქციები სირიის იმ ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენებაზე არიან პასუხისმგებელი.

„საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაგმობა ძალადობის შეჩერებისთვის საკმარისი არ არის, საერთაშორისო თანამეგობრობამ სანქციები უნდა დაუწესოს მათ, ვინც აქციის მონაწილეთათვის ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა,“ აღნიშნა HRW-ს დირექტორის მოადგილემ ახლო აღმოსავლეთში, ჯო სტორკმა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, სირიაში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებებს 170 ადამიანი ემსხვერპლა. ადამიანის უფლებათა დამცველების მტკიცებით, სირიის სპეცსამსახურების წარმომადგენლები სასწრაფო დახმარების ექიმებს დაშავებული დემონსტრანტებისთვის დახმარების გაწევის საშუალებას არ აძლევდნენ. „ეს არაჰუმანური და უკანონო ქმედებაა,“ განაცხადა HRW-ს წარმომადგენელმა. 

კომენტარები