BMW თავის ახალ კონცეპტუალურ ხედვას გვაცნობს

 დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც BMW-მ საზოგადოებას თავისი ახალი სუბ-ბრენდი – i გააცნო, რომლითაც ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებს – ჰიბრიდებს, ელექტრომობილებს და შესაძლოა, სხვა ტიპის აგრეგატებით აღჭურვილ მოდელებს გამოუშვებს.

ერთ-ერთი პირველი ავტომობილი, რომელსაც ბავარიელები ახალი მარკით გამოუშვებენ, სპორტული კუპეა, რომელიც კონცეპტუალური ვიჟენ ეფიშენტდაინემიქსის ბაზაზე მზადდება. თავის დროზე, ამ კონცეფციით, გერმანულმა კომპანიამ ეკოლოგიური ავტომობილების მისეული ხედვა გაგვაცნო. ჟენევის წლევანდელ გამოფენაზე კი მორიგი ხედვა წარმოადგინა. ოღონდ, ამჯერად თემა შეიცვალა და ამ ხედვით, BMW-მ მძღოლისა და ავტომობილის ურთიერთობის მომავალი გაგვაცნო. ავტომობილს ასეც ეწოდება – ვიჟენ კონექტდრაივი.

ეს არის ორადგილიანი როდსტერი უცნაური დიზაინით და ისეთი ელექტრონული სისტემებით, რომლის მსგავსი აქამდე არც ერთ სერიულ ავტომობილზე არ გვხვდება. და, იმავდროულად, ამ ავტომობილით, ბავარიელებმა თავიანთი ახალი კორპორატიული სტილის შემუშავება დაიწყეს. რა თქმა უნდა, ამ საკმაოდ უცნაური ფორმის კონცეპტუალურ მოდელში, ძნელია იმ დეტალების გამოყოფა, რომლებსაც მალე სერიულ ავტომობილებზეც ვიხილავთ. მაგრამ ფაქტია, ახალი სტილის შემუშავების დაწყება, თავად BMW-მ დაადასტურა.
 
პირველ რიგში, ბავარიელთა სტილს აგრესია უბრუნდება და ეს მათი ახალი მთავარი დიზაინერის, ჰოლანდიელი ადრიან ვან ჰოიდონკის შემოქმედების ნაყოფია. აგრესიულობა განსაკუთრებით ავტომობილის წინა ნაწილს ეტყობა, რომელიც ზვიგენის ცხვირს მოგაგონებთ. აქ გამოსაცნობი ნიშანი, BMW-ს საფირმო, ორი ლებნის ფორმის მქონე რადიატორის ბადეა, რომლის ორივე კიდეშიც, ვიწრო წყვილი ფარი განლაგდა, ამათ ქვეშ კი თითო ზორბა ჰაერის ამღები/ლაყუჩია.
 
ავტომობილს არც კარი აქვს და არც სახურავი. საქარე შუშა კი ვიწროა და ავტომობილში მსხდომთ, მხოლოდ შემხვედრი ჰაერის ძლიერ ჭავლს (როცა ის სწრაფად მოძრაობს) არიდებს. სავარძლების უკან, ორი დამცავი რკალია ამობურცული, რომლებიც ავტომობილის უკანა კიდემდეა წაგრძელებული. სტოპ ფარებს ვიწრო, წაგრძელებული ფორმა აქვს, თუმცა ფრთებთან ისინი დასქელებულია. ინტერიერი ტიხრით შუაზეა გაყოფილი და ამგვარად, იქ ორი კოკპიტის ტიპის სივრცე წარმოიქმნა.
 
ავტომობილის წინ და უკან სენსორებია განლაგებული, რომელთა მეშვეობითაც, სპეციალურ მონიტორზე, გარშემო არსებული ვითარების ციფრულად გადმოცემა ხდება. გარდა ამისა, კონცეპტუალური მოდელის ელექტრონულ სისტემას, სხვა მსგავს ავტომობილებთან ურთიერთობაც შეუძლია. მგზავრის ადგილი აღჭურვილია კომპიუტერით, რომელიც ინტერნეტთანაა დაკავშირებული, მისი მეშვეობით კი, სატელიტური ნავიგაციით სარგებლობაა შესაძლებელი. ეგ კიდევ არაფერი, ავტომობილის ელექტრონული სისტემა იმის საშუალებასაც მოგცემთ, რომ გზიდანვე შეუკვეთოთ თქვენთვის სასურველი კერძი, ბინის გასართობი ცენტრი სასურველ ფილმზე, ან მუსიკაზე მომართოთ. მოკლედ, ამ ხედვით, BMW ვარაუდობს, რომ მომავლის ავტომობილი მისი მფლობელის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება. ცოტა დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ბავარიული ავტოგიგანტისთვის შეუძლებელი არაფერია.

კომენტარები