„ჩართულობა” ევროპარლამენტისგან

ევროკავშირის გააქტიურება გაყინული კონფლიქტების მოგვარებაში, აღმოსავლური პარტნიორობის პროგრამის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს. 7 აპრილს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც პროგრამის განვითარებას მიეძღვნა, პოსტსაბჭოთა სივრცეში მოუგვარებელ კონფლიქტებს დიდი ყურადღება დაეთმო. 

დოკუმენტი ევროკაშირის საგარეო პოლიტიკის სტრუქტურების მისამართით რეკომენდაციებს შეიცავს. აღნიშნულია, რომ უნდა „გაააქტიურონ მონაწილეობა დნესტრისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში გაჭიანურებული კონფლიქტების გადაწყვეტის გზების ძიებაში”. აუცილებელია, ეს ნაბიჯები, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს – ძალის გამოუყენებლობას, თვითგამორკვევასა და ტერიტორიულ მთლიანობას დაეფუძნოს. ევროკავშირმა კონფლიქტის ზონებში ნდობის აღდგენისათვის უფრო ქმედითი ღონისძიებები უნდა განახორციელოს და აამოქმედოს ახალი პროგრამები, „პრაგმატული ინიციატივები და ინოვაციური მიდგომა”. ასევე, საჭიროა, არაღიარების პოლიტიკის პრინციპების დაცვით, სეპარატისტული რეგიონების საზოგადოებასთან არაოფიციალური კონტაქტების გააქტიურება. ამგვარი საქმიანობის შესაძლო მიმართულებებს შორის დასახელებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების, მედიასა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის დიალოგის, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის წახალისება.  

დოკუმენტში ასევე გამოთქმულია შეშფოთება იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობით. 
 
კიდევ ერთი რეკომენდაცია კონფლიქტებთან დაკავშირებით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ეხება. ევროპარლამენტის დეპუტატთა აზრით, სავიზო რეჟიმი აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრებისათვის ნაკლებად შეღავათიანი არ უნდა იყოს, ვიდრე „მოსაზღვრე სახელმწიფოებისათვის” (რაშიც პირველ რიგში რუსეთი იგულისხმება). ამით თავიდან უნდა ავიცილოთ იმგვარი „სტიმულის შექმნა” ამ ქვეყნების მოქალაქეთათვის, რასაც უცხო სახელმწიფოთა პასპორტების დარიგება იწვევს. ეს უკანასკნელი საქართველოს,  უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, დესტაბილიზაციის საფრთხეს შეიცავს და „ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება”. 
 
„დასავლეთი აფხაზეთის აღიარებას აპირებს”, „ევროკავშირი არაღიარებული რესპუბლიკების მიმართ მიდგომას ცვლის” – ევროპარლამენტის რეზოლუციას, რუსული მედიის ნაწილმა ამგვარი ინტერპრეტაცია მისცა. „სერიოზულ ძვრებზე” აფხაზეთის მიმართ ევროპის დამოკიდებულებაზე, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამაც ისაუბრა. 
 
„2008 წლის მოვლენებზე ევროპისა და აშშ-ის რეაქცია უფრო ემოციური იყო. დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით ტალიავინის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ამ მიდგომამ ცვლილებები განიცადა”, – განაცხადა შამბამ. არაღიარების პოლიტიკა, შამბას განცხადებით, სოხუმს ნაკლებად აღელვებს, რადგან, „თუ გვექნება ურთიერთობები და საერთო ინტერესები, სიტუაციაც შეიცვლება”. შამბამ აღნიშნა, რომ სოხუმი ყოველთვის ევროკავშირთან დიალოგს ემხრობოდა. თუმცა, ჯერ კიდევ იანვარში, აფხაზური ხელისუფლება კონფლიქტის მოგვარების მიმართ ევროკავშირის მიდგომას მკაცრად აკრიტიკებდა.  
 
როგორც ტაბულასთან საუბრისას საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, ევროპარლამენტის რეზოლუციაში საქართველოს ხედვასთან „ძალიან დიდი თანხვედრაა”. ეს კარგად ჩანს სტრატეგიაში „ჩართულობა თანამშრომლობის გზით”. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტმა აქცენტი პოლიტიკური დარეგულირების გააქტიურებაზე გააკეთა.   
ტყეშელაშვილის თქმით, სოხუმში შესანიშნავად ესმით, რომ არაღიარების პოლიტიკა ევროკავშირის მხრიდან ძალიან მყარია და გადახედვას არ ექვემდებარება. ევროკავშირი აქცენტს ხალხთა შორის არაფორმალური ურთიერთობების დამყარებაზე აკეთებს, რაც აფხაზეთს „ცხოვრების დივერსიფიცირების” საშუალებას მისცემს, რათა მთლიანად რუსეთზე დამოკიდებული არ იყოს. თუ სოხუმი ამას გაითვალისწინებს, ევროკავშირთან თანამშრომლობის წინააღმდეგი  არ იქნება, – მიიჩნევს სახელმწიფო მინისტრი. 
 
იმის შესახებ, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას არასდროს აღიარებენ, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა 2008 წლის 1 სექტემბერს, საგანგებო სამიტზე განაცხადეს. მას შემდეგ არაღიარების პოლიტიკა არაერთხელ დადასტურდა – როგორც ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებებში, ასევე დოკუმენტებსა და რეზოლუციებში. ევროპარლამენტმა იანვარში შავი ზღვის ქვეყნებთან თანამშრომლობის სტრატეგია დაამტკიცა, რომელშიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ სიტყვა „ოკუპაცია” პირველად გამოიყენა. 21 მარტს კი  ევროპარლამენტის საქართველოსთან თანამშრომლობის კომიტეტმა კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა დაგმო. 
 
2009 წლის ბოლოს, ევროკავშირმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის  მიმართ ახალი მიდგომა – „ჩართულობა აღიარების გარეშე” შეიმუშავა. გასული წლის მაისში კი საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი სტრატეგია – „ჩართულობა თანამშრომლობის გზით” წარადგინა. დოკუმენტმა, როგორც დასავლეთის ქვეყნების, ასევე ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მოწონება დაიმსახურა. 
 
ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით, სტრატეგიის რეალიზაციისას თბილისს ევროკავშირთან „მჭიდრო ინსტიტუციური პარტნიორობა” აქვს დამყარებული. ბრიუსელი დღესაც მონაწილეობს იმ პროგრამებში, რომლებიც მიზნად ნდობის აღდგენას ისახავს. 

კომენტარები