საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის რამდენიმე ნორმა არაკონსტიტუციურად სცნო

ერთი თვის წინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე ორგანიზაციამ და კერძო პირმა სარჩელით მიმართა, და   საქართველოს კანონის ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ”, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის რიგი ნორმების გაუქმება მოითხოვა იმ მოტივით, რომ ისინი ზღუდავენ საქართველოს კონსტიტუციის  მე-19, 24-ე და 25-ე მუხლებით  გარანტირებულ სიტყვის, აზრის გამოხატვისა და გავრცელების თავისუფლებას,  შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დღეს გავრცელებულ პრეს რელიზში აღნიშნულია, რომ სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმები, რომლებიც კრძალავდა შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას ზოგიერთ დაწესებულებასა და ადმინისტრაციული ორგანოს, მათ შორის სასამართლოს  შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში. „სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება, რომ ასეთი სახის  აკრძალვა კონსტიტუციას არ შეესაბამება, ვინაიდან, რიგ შემთხვევებში, ის შეკრების და მანიფესტაციის გამართვას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. ამავე დროს სასამართლომ აღნიშნა, რომ შეკრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც ის ხელს უშლის დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას ან, როდესაც შეზღუდვა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებით არის განპირობებული,“ ნათქვამია განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნია კანონის ის ნორმა,  რომელიც არ აძლევდა მოქალაქეს უფლებას, ყოფილიყო შეკრებისა და მანიფესტაციის ინიციატორი, ხოლო მოქალაქეობის არმქონე პირს უფლებას, გაეწია აქციის  ორგანიზება და ყოფილიყო პასუხისმგებელი პირი.

სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ქუჩის გადაკეტვის  ან კანონის სხვა მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შეკრების დაუყოვნებლივ შეწყვეტაც.

სასამართლოს დასკვნაში აღნიშნულია, რომ შეკრებაში მონაწილეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა,  შეკრება (მანიფესტაცია) კანონის მოთხოვნათა
შესაბამისობაში  მოიყვანონ. ხოლო შეკრების შეწყვეტა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოთხოვნა და   კონსტიტუციის შესაბამისად ჩათვალა კანონის შემდეგი ნორმები:  ტრანსპორტის სავალი
ნაწილის თვითნებური/თვითმიზნური გადაკეტვის აკრძალვა (მათ შორის სხვადასხვა კონსტრუქციებით, საგნებით და ავტომობილებით).

სასამართლომ ქუჩის გადაკეტვა შესაძლებლად მიიჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს შეკრებაში მონაწილეთა რაოდენობიT არის გამოწვეული. დასახლებულ პუნქტებში ავტომანქანებით ისეთი ჯგუფური მოძრაობის შეზღუდვა, რა დროსაც, გამიზნულად, სრულად ხდება გზის სავალი ნაწილის დაკავება, მისი ბლოკირება. კონსტიტუციის შესაბამის ნორმად ჩაითვალა შეკრებისა და მანიფესტაციის მსვლელობისას კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით დამხობისაკენ მოწოდებების აკრძალვაც. სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონთან ერთობლიობაში უნდა იქნეს წაკითხული, რომელიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას დასაშვებად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს, როდესაც მოწოდება მიზნად

ისახავს ძალადობრივი ქმედების განხორციელებას და ამასთანავე  საფრთხე რეალურია. გარდა ამისა, შეკრება შეიძლება შეწყდეს, როდესაც კონსტიტუციური წყობილების დამხობის და ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდებები მასობრივ ხასიათს ატარებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ ნახატებისა და წარწერების შესრულების აკრძალვა ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიებზე კონსტიტუციასთან შესაბამის ნორმად ცნო. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული შენობების ფასადებისა და მიმდებარე ტერიტორიის სხვადასხვა სახის წარწერებით დამახინჯება საფრთხეს შეუქმნიდა საზოგადოებრივ წესრიგსა და
უსაფრთხოებას. მოსამართლის საცხოვრებელი ადგილიდან შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების აკრძალვაც კონსტიტუციასთან შესაბამის ნორმად ჩაითვალა, რადგან „სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვა ემსახურება მოსამართლის (სასამართლოს) დამოუკიდებლობის და მოსამართლის პირადი ცხოვრების დაცვის უზრუნველყოფას.“

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურზე კანონმდებლობით დაკისრებული კონკრეტული ამოცანების, კომპეტენციის,  უფლებამოსილების სპეციფიკურობის  გამო, კონსტიტუციასთან შესაბამის ნორმად მიიჩნია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისათვის შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობის (მათი ორგანიზების) აკრძალვა.

კომენტარები