საგარეო უწყება სოხუმში ჰოლდინგ Global CST-ს ვიზიტს გამოეხმაურა

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ  ჰოლდინგ Global CST-ის წარმომადგენელთა სოხუმში ვიზიტის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ „ისრაელსა და მარიონეტულ რეჟიმს შორის არავითარ სამხედრო თანამშრომლობას ადგილი არ ექნება.“ კალანდაძის თქმით, ისრაელის დელეგაციის სოხუმში ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე  ისრაელის ელჩი საქართველოში საგარეო უწყებაში დაიბარეს და ახსნა- განმარტება მოსთხოვეს. მინისტრის მოადგილემ აღმიშნა, რომ ქართულმა მხარემ პირადად ელჩისგან, როგორც ოფიციალური მხარისგან მიიღო პირობა, რომ არანაირი სამხედრო თანამშრომლობა მარიონეტულ რეჟიმთან არ იქნება. კალანდძამ განაცხადა, რომ  თელ-ავივთან არსებული შეთანხმებით, აფხაზეთში სამხედრო წვრთნებიც კი არ ჩატარდება.

12 აპრილს საინფრომაციო პორტალმა Izrus.co.il- მ  გამოაქვეყნა ინფრომაცია, რომ  მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშსა და ისრაელის ჰოლდინგ Global CST-ს შორის შეხვედრა შედგა. კომპანია, რომელსაც  ისრაელის გენერალური შტაბის ოპერატიული მართვის ყოფილი უფროსი, ისრაელ ზივი ხელმძღვანელობს, დაკავებულია  იარაღით ვაჭრობით, სპეციალური დანაყოფების მომზადებით, სტრატეგიული დაგეგმარებითა და სამხედრო კონსულტაციებით.  Izrus.co.il- მის ინფორმაციით,  შეხვედრის შემდეგ ისრაელის შვიდკაციანი დელეგაცია სოხუმში ჩაფრინდა და აფხაზეთის მარიონეტული მთავრობის წევრებს შეხვდა. ხოლო   შეხვედრის შემდეგ ისრაელ ზივმა განაცხადა ”ჰოლდინგი მზად არის  მიაწოდოს აფხაზეთს   არაშეტევითი სახის  სამხედრო  ტექნოლოგიები, ასევე  ითანამშრომლოს  უსაფრთხოების სფეროში”.

12 აპრილსვე ისრაელის დელეგაციის სტუმრობას აფხაზეთში  ისრაელის ელჩი საქართველოში იცხაკ გერბერმა გამოეხმაურა და განაცხადა  ”ისრაელი არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის  დამოუკიდებლობას და არ აპირებს მათთვის რაიმე სახის იარაღის მიყიდვას”.  „შესაძლოა, რომელიმე კერძო ბიზნესმენი სოხუმში ჩავიდა,  მაგრამ მათ არ შეუძლიათ მთავრობის სახელით ილაპარაკონ. ვიმეორებ, მათთვის იარაღის მიყიდვას არ ვაპირებთ,” დასძინა ისრაელის ელჩმა. ელჩის პასუხად ისრაელ ზივიმ სოხუმში ვიზიტისას განაცხადა, რომ მისი კომპანია კერძო ბიზნესია და ბიზნესს სახლმწიფოსგან დამოუკიდებლად აწარმოებს.

დღევნადელ პრესკონფერენციაზე ნინო კალანდაძემ  ამ კერძო კომპანიის შესახებ განმარტებებიც გააკეთა. მინისტრის მოადგილის თქმით, “საქმიანობა, რომლითაც  Global CST-ია დაკავებული, ლიცენზირებულია, რომელიც მხოლოდ კერძო ბიზნესს არ წარმოადგენს და მას მთავრობის ნებართვა სჭირდება. ისრაელი კი მსგავს ლიცენზიას არც ერთ კომპანიაზე არ გასცემს." კალანდაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ებრაელ ბიზნესმენთა გახშირებულ ვიზიტების აღსაკვეთად ქართულ მხარეს რამდენიმე, საერთაშორისო სამართლებრივი ბერკეტიც გააჩნია, თუმცა ამ ეტაპზე მისი ამოქმედების აუცილებლობას ვერ ხედავს, ვინიდან  „აფხაზეთში კონკრეტულ ბიზნესსაქმიანობას ადგილი ჯერჯერობით არ ჰქონია“. საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ , „ოკუპირებულ ტერიტორიაზე ებრაელ ბიზნესმენთა ვიზიტებთან დაკავშირებული პრობლემა დამატებითი ბერკეტების გარეშეც მოგვარდება.“

 Izrus.co.il-ის ინფორმაციით, გასულ კვირას შემდგარი შეხვედრა აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერსა და  Global CST-ის ხელმძღვანელებს შორის იოსებ მილშტეინმა მოამზადა. მილშტეინი  ჰოლდინგში  დსთ-სა და აღმოსავლეთ ევროპის  დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასევე Global CST-სა და რუსულ ისტებლიშმეტს (მათ შორის რუსეთის ძალოვან სტრუქტურებთან და მსხვილ კომპანიებთან) შორის კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი პირია. საიტმა ისრაელის დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტს ქართული სპეცსამსხურების ჩავარდნა უწოდა და გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიზიტი ისრაელის ხელისუფლების მიერ იყო ვიზირებული.

ინტერნეტ პორტალი Izrus.co.il ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ემიგრირებული ებრაელის, მიხეილ ფალკოვის დაარსებულია. ის  წინასაარჩევნოდ ისრაელის მოქმედი პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს   მრჩეველი და პარტია ლიქუდის მიერ რუსულენოვანი  ამომრჩევლების ინფორმირების მიზნით შექმნილი საიტის likud.ru-ს რედაქტორი იყო.  მას შემდეგ რაც ისრაელის წამყვანმა გაზეთებმა ამ საიტზე გამოქვეყნებული წერილების შინაარსი გააცნეს საზოგადოებას, ნეთანიაჰუს პარტიამ საიტი დახურა, ხოლო მიხელ ფალკოვი ლიქუდიდან გააძევეს. გავლენიანი გამოცემა, „იერუსალიმ პოსტი“ მაშინ წერდა, რომ  მიხაილ ფალკოვი ”ძალიან უცნაური რეპუტაციისა“ და „პრობლემური ბიოგრაფიის ადამიანია“. ლიქუიდიდან გამოძევების შემდეგ ფალკოვმა საიტი Izrus.co.il დააარსა. 

კომენტარები