აშშ-ს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ძმები უინკლვოსების კიდევ ერთი სარჩელი სოციალურ ქსელ ფეისბუქის დამაარსებლის, მარკ ზაკერბერგის წინააღმდეგ. ამერიკელი ძმები ამტკიცებენ, რომ ზაკერბერგმა მათი იდეა მიითვისა. უინკლვოსების თქმით, 2003 წელს, ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის დროს მათ ზაკერბერგს სთხოვეს დაეწერა კოდი მათი საიტისთვის ConnectU. ისინი აცხადებენ, რომ ზაკერბერგმა სოციალური ქსელი ფეისბუქი სწორედ ამ კოდის დაწერის შემდეგ შექმნა. ზაკერბერგი ბრალდებას უარყოფს.
ამ საკითხზე გარიგებას ზაკერბერგმა და უინკლვოსებმა 2008 წელს მიაღწიეს, როცა ძმებმა 20 მილიონი დოლარი და 45 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები მიიღეს. თუმცა, წელს უინკლვოსებმა სასამართლო დავის განახლება გადაწყვიტეს. თუმცა, სასამართლომ დაასკვნა, რომ მათ არ გააჩნიათ საკმარისი საფუძველი, რათა დავა გაგრძელდეს. ”უინკლვოსები არ არიანი პირველები, რომლებიც მას შემდეგ რაც კონკურენტებმა შეავიწროვეს, ცდილობენ სასამართლოს გზით მიაღწიონ იმას, რასაც ბაზარზე ვერ მიაღწიეს,” ნათქვამია სასამართლოს დასკვნაში ”რაღაც ეტაპზე დავა უნდა დასრულდეს და ეს დროც დადგა.”
უინკლვოსების ადვოკატი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს ვერდიქტს გაასაჩივრებს და უახლოეს ორ კვირაში ახალი სასამართლო მოსმენების დანიშვნას მოითხოვს.
მარკ ზაკერბერგი
ზაკერბერგმა ამერიკელ ძმებს კიდევ ერთი სასამართლო პროცესი მოუგო





