მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის არსებით განხილვაზე უარი განაცხადა. ჰააგაში გაეროს სასამართლოს წევრებმა, ეს ვერდიქტი, ათი ხმით ექვსის წინააღმდეგ, 1 აპრილს გამოიტანეს.
საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი, საქართველომ 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა. თბილისი მოსკოვს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს. ქართულმა მხარემ ჰააგის სასამართლოს ის მტკიცებულებები წარუდგინა, რომლებიც 90-იანი წლების კონფლიქტებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით წმენდისა და დისკრიმინაციის ფაქტებს ადასტურებს.
საქართველოს მთავრობა საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთის ქმედებების გასაჩივრების გზებზე წლების განმავლობაში მუშაობდა. მთავარი სირთულე ის იყო, რომ მრავალი საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში, რუსეთი საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას არ ცნობს. თუმცა, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია გამონაკლისია. დოკუმენტის მიხედვით, „რასობრივი დისკრიმინაცია” ეთნიკურ დისკრიმინაციასაც მოიცავს. შედეგად, საქართველოს მთავრობამ, ამ კონვენციის საფუძველზე, ეთნიკური წმენდისთვის რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება გადაწყვიტა. თბილისმა ICJ-ს სარჩელით 2008 წლის აგვისტოში მიმართა. მაშინ, საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის სამხედრო ძალები და სეპარატისტული ფორმირებები ქართულ მოსახლეობას ეთნიკური ნიშნით მასობრივად დევნიდნენ.
მოსკოვი სასამართლოსგან სარჩელის განუხილველად დატოვებას მოითხოვდა. მოტივი ის იყო, რომ ქვეყანას დავა სინამდვილეში არა მოსკოვთან, არამედ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ჰქონდა. სასამართლო განსხვავებულ დასკვნამდე მივიდა და გადაწყვიტა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, საქართველოს შეეძლო ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით პრეტენზიები, უშუალოდ რუსეთისათვის წაეყენებინა.
სამაგიეროდ, სასამართლო რუსული მხარის მეორე არგუმენტს დაეთანხმა, რომ საქართველოს სათანადოდ არ უცდია, კონვენციის დარღვევის საკითხები რუსეთთან განეხილა. სასამართლოს წევრები, რომლებმაც ამ ვერდიქტს მხარი დაუჭირეს, კონვენციის 22-ე მუხლს დაეყრდნენ. ამ მუხლის თანახმად, სახელმწიფოებს შორის დავას საერთაშორისო სასამართლო მხოლოდ მაშინ განიხილავს, თუ მხარეებმა მისი გადაჭრა მოლაპარაკებების ან კონვენციით გათვალისწინებული პროცედურების გზით ვერ შეძლეს.
ქართული მხარე აღიარებდა, რომ რუსეთთან დავის განსახილველად კონვენციით განსაზღვრული პროცედურები არ გამოუყენებია. კერძოდ, მას არ მიუმართავს გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტისათვის, რომელიც უფლებამოსილია სახელმწიფოთაშორისი დავები განიხილოს. აღნიშნული კომიტეტის წინაშე დავა შეიძლება წლები გაგრძელდეს და ბოლოს, ჩვეულებრივ, ქვეყნების მიმართ რეკომენდაციების მიღებით სრულდება.
თუმცა, საქართველოს მიერ კონვენციით გათვალისწინებული პროცედურების გავლის საკითხი სასამართლოს არც განუხილავს. მთავარი მიზეზი, რის გამოც ICJ-მ სარჩელის არსებით განხილვაზე უარი თქვა, ის იყო, რომ საქართველოს რუსეთთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა ბოლომდე არ ამოუწურავს. ამ გადაწყვეტილებას მხარი ათმა მოსამართლემ დაუჭირა. ისინი რუსეთს, სლოვაკეთს, სიერა-ლეონეს, იორდანიას, ახალ ზელანდიას, მექსიკას, მაროკოს, სომალის, დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთს წარმოადგენენ.
ICJ-ს პრეზიდენტმა, იაპონელმა ხისასო ოვადამ, სასამართლოს წევრებმა გერმანიიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან და არგენტინიდან, ასევე ამ პროცესისათვის საგანგებოდ დანიშნულმა (ad hoc) იტალიელმა მოსამართლემ გადაწყვეტილებას ხმა არ მისცეს.
ICJ-ს პრეზიდენტი ოვადა სასამართლოს მოსაზრებას, რომ რუსეთის მიერ საქართველოს პრეტენზიების უპასუხოდ დატოვება მოლაპარაკების დამატებითი რესურსის არსებობაზე მეტყველებს – სამართლიანად არ მიიჩნევს. ოვადა ასევე არ დაეთანხმა დასკვნას, რომ 2008 წლის აგვისტომდე საქართველოსა და რუსეთს შორის რასობრივი დისკრიმინაციის ნიადაგზე დავას საფუძველი არ ჰქონია.
რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის დარღვევაზე, ICJ-ს არსებითად არასდროს უმსჯელია. თუ სასამართლო საქართველოს სარჩელს განსახილველად მიიღებდა, ეს იქნებოდა ამ კონვენციის განმარტებისა და გამოყენების პირველი პრეცედენტი, ხოლო რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო სასამართლოს წინაშე პირველად გახდებოდა მოპასუხე.
როგორც ტაბულასთან საუბრისას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანმა განაცხადა, ჰააგის სასამართლოს შეუძლია საქართველო-რუსეთის დავის განხილვას იმ შემთხვევაში დაუბრუნდეს, თუ თბილისი პროცედურულ წინაპირობას დააკმაყოფილებს: „საქართველო შეეცდება მოილაპარაკოს რუსეთთან, თუმცა შედეგების მოლოდინი მინიმალისტურია”. თუ მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო, ქართული მხარე საერთაშორისო სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართავს. მინისტრის მოადგილის თქმით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების ურყოფითი შედეგი ისაა, რომ რუსეთს საშუალება მიეცა, საქმის არსებითი განხილვა და გადაწყვეტილების გამოტანა დაახლოებით ერთი წლით გადაავადოს.
ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ საერთაშორისო სასამართლო საბოლოოდ საქმეს განსახილველად მიიღებს, რუსეთს კონვენციის დარღვევაში ამხელს და მოსკოვისგან დევნილთა დაბრუნებასა და საქართველოსთვის ზარალის კომპენსირებას მოითხოვს.




