რონის ნაპირებზე

მართალია მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა საფრანგეთის სახელოვან რეგიონს, რონასაც დაამჩნია თავისი კვალი, მაგრამ ის მაინც ინარჩუნებს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და თვითმყოფადი ღვინის მხარის სახელს. აქ რაოდენობაც დიდია და ხარისხსაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, ამიტომ რონის მხარეში ძვირფას, დიად ღვინოებსაც აყენებენ და დაბალი საფასო კატეგორიის ხარისხიან ღვინოსაც. 

90-იანი წლებიდან მოყოლებული, რონაში დიდი აღმავლობა დაიწყო. აქ ბევრი თანამედროვე ტიპის ღვინო შეიქმნა. იყო შეცდომებიც, გამარჯვებებიც, თუმცა ერთი რამ ცხადი გახდა – რონულმა ღვინომ თავისი ერთგული მომხმარებლები შეიძინა, რომლებიც ენდობიან ამ მხარეს და აქაურ მეღვინეებს. 

რონის ხეობის ვენახების საერთო ფართობი 1294 ჰექტარია, რაც უფრო მეტია, ვიდრე პროვანსის, ბოჟოლესა და ბურგუნდიის ერთად აღებული. წითელი ღვინოები AOC კატეგორიის საერთო რაოდენობის 87%-ს შეადგენს, ვარდისფერი – 9%-ს, თეთრი – 4%-ს. 
 
ზოგი მეცნიერი მეღვინეობის ისტორიას ამ მხარეში ძვ. წ. VII-VI საუკუნეებიდან იწყებს. როგორც ვარაუდობენ, სწორედ ამ პერიოდში დაუარსებიათ ფინიკიელებს მასილია (მარსელი), რომელიც სულ მალე სავაჭრო და სანავსადგურო ცენტრად იქცა. მაშინვე უნდა შესულიყო მხარეში ვაზის პირველი ნერგებიც. შემდეგ ბერძენი კოლონიზატორების, კერძოდ კი ფოკეელების ჯერი დადგა, რომლებიც ძვ. წ. V-IV საუკუნეებში შემოვიდნენ და მალე მათ რომაელებიც მოყვნენ. უკვე ძვ. წ. I საუკუნისთვის მთელი სანაპირო ვაზით ყოფილა გაშენებული. მაშინ განსაკუთრებით გაითქვა სახელი ხეობის ჩრდილოეთი ნაწილის ღვინოებმა (დღევანდელი Hermitage და Côte Rôtie-ს ტერიტორიები). აქვე იყო პროვინციის დედაქალაქი ვიენიც.
 
არისტოკრატებს ახლოს ჰქონდათ ვენახები და მრავლად მეღვინეც ჰყავდათ, რომლებიც თურმე იმ დროისთვის მეტად საინტერესო ღვინოს აყენებდნენ.
 
ბარბაროსების შემოსევის შემდეგ მევენახეობა ჩამკვდარა და IX-XIII საუკუნეებამდე აქ არც ღვინო იწურებოდა. ქრისტიანმა ბერებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მოახერხეს ტრადიციის აღდგენა. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტამპლიერთა ორდენმაც. XIII-XIV საუკუნიდან ჩნდება პირველი სამხრეთ რონული ღვინოები, რომელსაც რომის პაპს უგზავნიდნენ, 1309 წლიდან კი, უკვე თავად პაპები გადმოსახლდნენ სამხრეთ რონაში, როცა მეფე ფილიპე IV ლამაზის ბრძანებით, პაპი კლიმენტი V იძულებული შეიქნა ავინიონში დაედო ბინა. მეორე ავინიონელმა პაპმა, იოანე XXII-მ, თავისი საზაფხულო რეზიდენციის გარშემო ვენახის გაშენება გადაწყვიტა, რომელსაც დღეს ჩვენ შესანიშნავი Châteauneuf-du-Pape-ის სახელით ვიცნობთ.
 
რონის მხარეს მნიშვნელოვანწილად სწორედ ამ ღვინომ გაუთქვა სახელი, თუმცა აუცილებლად უნდა ჩამოვთვალოთ სხვა ცნობილი ადგილწარმოშობებიც, რომლებიც დღევანდელი ჩრდილოეთ და სამხრეთ რონის სიამაყეს წარმოადგენენ. Côte-Rôtie – უაღრესად არომატული წითელი ღვინო, რომელშიც სირას ჯიშის ძალასა და სიმწვავეს, თეთრი ვიონიეს ღვთაებრივი არომატითა და სიტკბოთი ათვინიერებენ. Condrieu – ღვინოს 100% ვიონიეს ჯიშის ყურძნისგან წურავენ. ოქროსფერი დგება, აქვს ძალზე ჰარმონიული ბუკეტი მსხლის, გარგარის, ფორთოხლის ჯემის, თაფლისა და ჩირის ტონებით. Château Grillet –  ყველაზე პატარა აპელასიონია, სულ 4 ჰექტარი. ღვინოც შესაბამისად იშვიათად იშოვება და ძალზე ძვირია. მძიმე არტილერია – Saint Joseph და Cornas, ასევე ვაჟკაცური Hermitage და ხავერდოვანი Crozes Hermitage. ეს, რაც ჩამოვთვალეთ, ჩრდილოური ღვინოები იყო, ახლა სამხრეთულებიც ვნახოთ, სადაც პირველ რიგში სწორედ Châteauneuf-du-Pape უნდა ვახსენოთ – ღვინო, რომელიც გასინჯვის შემდეგ დიდხანს დაგამახსოვრებთ თავს. შემდეგ Gigondas და Vacqueyras, რომლებმაც აპელასიონის ხარისხი საკმაოდ გვიან, 70-90-იანებში მიიღეს. ასევე ვარდისფერი Tavel, თეთრი და წითელი Lirac და სხვა. 
 
რონული ღვინის ლოკომოტივი, რა თქმა უნდა, თავად Côtes du Rhône-ია, მხარის ძირითადი აპელასიონი, ძალიან მრავალფეროვანი ღვინო. Côtes du Rhône-ში უდახვეწილეს მსუბუქ ღვინოებსაც შეხვდებით და ნამდვილ ალკოჰოლურ მონსტრებსაც. 

კომენტარები