ალან პატრიკოფი — დახმარება პასუხისმგებლობით

ალან პატრიკოფი
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორთა საბჭოს და კოლუმბიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. აქვს სხვადასხვა სახელმწიფო, კერძო თუ გლობალური კომპანიების დაფინანსებისა და განვითარების 40-წლიანი გამოცდილება. ამ კომპანიებს შორისაა Apple Computer, Office Depot და America Online. სხვადასხვა დროს ის იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მრჩეველი და კერძო სექტორისა და განვითარების UNDP კომისიის წევრი.
აშშ-ის სამთავრობო დახმარების სააგენტომ – ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ (MCC) იანვარში საქართველო თავისი გრანტებისთვის შესაფერის ქვეყნად დაასახელა. საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოსთვის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან ეს მეორე გრანტი იქნება. კორპორაციის წინასწარი გადაწყვეტილებით, საქართველომ, ახალი გრანტის სახით, შესაძლოა, 100-150 მილიონი დოლარი მიიღოს. დაფინანსების პრიორიტეტები ქვეყნის მთავრობამ და კერძო სექტორმა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ. ჯერ მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპია და გრანტის დეტალები არ ხმაურდება. საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოსული ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი წევრი ალან პატრიკოფი, ტაბულასთან ბენეფიციარი ქვეყნის შერჩევის კრიტერიუმებსა და პირველი გრანტის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე საუბრობს.

 რა მიზანს ემსახურება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია?

 
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის კორპორაცია, რომლის მთავარი პრინციპია დახმარება აღმოუჩინოს იმ ქვეყნებს, სადაც სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური განვითარების მიზნით ხორციელდება მდგრადი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმები.
ჩვენ ვეხმარებით სხვადასხვა ქვეყნებს, თავად განსაზღვრონ, თუ რა უშლის ხელს მათ ეკონომიკურ განვითარებას. ორგანიზაციის დაარსების იდეა პრეზიდენტ ბუშს ეკუთვნის. ამ იდეის ზუსტი განმარტებაც მახსოვს – „დახმარება პასუხისმგებლობით”. მაშინ არავინ იცოდა როგორ შეიძლებოდა ამ ფრაზის გაცოცხლება. ხანგრძლივი შესწავლისა და ძალისხმევის შემდეგ, სრულიად ახალი ორგანიზაცია დაარსდა – ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია.
 
რით განსხვავდება კორპორაცია სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომელთა სპეციალიზაციაც ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დახმარებაა?
 
ამ ძალისხმევის უნიკალურობა ისაა, რომ ჩვენი ორგანიზაცია წინასწარ არ განსაზღვრავს პროგრამებს და მხოლოდ საკუთარი სტრატეგიის მიხედვით არ მოქმედებს. MCC და გრანტის მიმღები ქვეყნები ერთობლივად ადგენენ, კონკრეტულად რომელ დარგში სჭირდება ქვეყანას ყველაზე მეტად დახმარება. ამ პროცესში მთავრობასთან ერთად სამოქალაქო სექტორიც აქტიურად არის ჩართული. სწორედ ამ მიზნით ჩამოყალიბდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი (MCG) საქართველოში. თანხა ტრანშებად გაიცემა. დამფინანსებელი პროგრესს თუ ვერ ხედავს, დაფინანსება წყდება.
 
რის მიხედვით არჩევთ ქვეყნებს?
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი
საქართველოს მთავრობის მიერ ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის განხორციელების მიზნით დაარსებული ფონდი.
17 სხვადასხვა კრიტერიუმი გვაქვს. არ არის აუცილებელი ქვეყანა სრულყოფილი იყოს და ყველა კრიტერიუმის მიხედვით, უმაღლესი შეფასება ჰქონდეს. იმისთვის, რომ მან გრანტი მიიღოს, საშუალოზე მაღალი შეფასება უნდა დაიმსახუროს. მთავარია საშუალო ზღვარს გადასცდეს. თუმცა არსებობს ერთი კრიტერიუმი – კორუფციის ინდექსი. აქ კომპრომისი არ არსებობს. ამ საზომის მიხედვით ქვეყანა სტაბილურად მაღალ შეფასებას უნდა იმსახურებდეს.
 
საქართველომ 2006 წელს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან 395.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 5-წლიანი გრანტი („კომპაქტი") მიიღო, რომელიც 7 აპრილს მთავრდება. პროგრამის ფარგლებში აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა, მიზნად ისახავდა ძირითადი რეგიონული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და მცირე და საშუალო საწარმოებისა და ბიზნესების განვითარება-ხელშეწყობას სოფლად. როგორ აფასებთ პირველი გრანტის შედეგებს?
 
საფუძვლიანად ეს გრანტი მისი დასრულების შემდეგ შეფასდება. თუმცა პირველი დაკვირვებებით თუ ვიმსჯელებ, ძალიან წარმატებული უნდა იყოს. სამცხე-ჯავახეთის გზა დასრულებულია, გაზსადენი და ფოთის წყალმომარაგების ქსელი – აღდგენილი, ქვეყნის მასშტაბით დარიგებულია სოფლის მეურნეობის გრანტები, საინვესტიციო ფონდმა დახმარებისთვის გამიზნული თანხა სრულად გახარჯა. 
 
როგორ აისახება ეს დახმარება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე?
 
ვფიქრობ, რომ გრანტის ფარგლებში მიღწეულ წარმატებას გრძელვადიანი შედეგები ექნება, რომელთა სრულიად ობიექტურად გაზომვა იქნება შესაძლებელი. მაგალითად, რამდენად გაუმჯობესდება სომხეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები, რამდენი ტურისტი შემოვა ამ ქვეყნიდან საქართველოში, რამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რამდენი ახალი ბიზნესისთვის გაიხსნება ბაზარი, რამდენი კომპანია გაიზრდება და რამდენ ადამიანს დაასაქმებს – ყველაფერი ეს, ჩემი აზრით, ძალიან ობიექტური საზომია. 

კომენტარები