აფსნიპრესი: ახალი ათონის მონასტერში რუსი წინამძღვარი დაინიშნა

 საინფორმაციო სააგენტო აფსნიპრესმა გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი ათონის სიმონ კანანელის სახელობის მონასტერში მოსკოვისა და რუსეთის კათოლიკოს პატრიარქმა კირილე მეორემ იღუმენად ეფრემ ვინოგრადოვი მიავლინა. დღეს კი მოსკოვის საპატრიარქომ სააგენტოს განუცხადა, რომ საინფორმაციო საშუალებებმა  ახალი ათონის მონასტერში ვინოგრადოვის მივლინებას ”არასწორი ინტერპრერტაცია მისცეს.”

მოსკოვის საპატრიარქოს ანონიმმა წყარომ სააგენტოს უთხრა, რომ  ახალი ათონის მონასტერში მოქმედი ტიპიკონის თანახმად, ”ვინმეს მიერ გარედან იღუმენების დანიშვნა ყოვლად დაუშვებელია.” მისი თქმით, ბერები თავად ირჩევენ წინამძღვარს. მოსკოვის საპატრიარქოში განმარტეს, რომ იღუმენად არჩევის კურთხევა  მონასტერმა ეპარქიის, ან სხვა ეკლესიის იერარქისგან უნდა  მიიღოს. მოსკოვის საპატრიარქოს მტკიცებით, სწორედ ამგვარი კურთხევა გასცა რუსეთის პატრიარქმა.

”კურთხევა გაიცა მისიონერულ საქმიანობაზე და არა წინამძღვრად დანიშვნაზე, წინამძღვრად ეფრემ ვინოგრადოვი  ახალი ათონის ბერებმა აირჩიეს,” განუცხადა წყარომ აფსნიპრესს. მოსკოვის საპატრიარქოში აღნიშნეს, რომ ვინოგრადოვს აფხაზეთში კარგად იცნობენ და ახალი ათონის იღუმენადაც სწორედ ამიტომ აირჩიეს. ”ახალი ათონის მონასტერის წინამძღვრად მისი არჩევა  აფხაზეთში ბერ-მონაზვნური ტრადიციის  განმტკიცებას და განვითრებას შეუწყობს ხელს,” ციტირებს აფსნიპრესი ანონიმურ წყაროს.

ახალი ათონის მონასტრის ტიპიკონის მიხედვით, წინამძღვარი მხოლოდ ამ მონასტერში ბერად აღკვეცილი მონაზონი შეიძლება გახდეს. სხვა მონასტერში აღკვეცილ მონაზონს მხოლოდ წინამძღვრის თანაშემწეობის  უფლება აქვს. ეფრემ ვინოგრადოვი მონაზვნად ვოლოგდის ეპარქიაში აღიკვეცა და 20 წელია რუსეთის საპატრიარქოს სხვადასხვა მონასტრებში წინამძღვარად მსახურობს. მას ახალი ათონის მონასტერთან აქამდე არანაირი შეხება არ ჰქონია. თუ მოსკოვის საპატრიარქოს ვერსია სწორია, გაუგებარია, რატომ გადაწყვიტეს ახალი ათონის მონასტრის ბერებმა მონასტრის ტიპიკონის დარღვევა.   

ტაბულასთან საუბარში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ ეს ”ძალიან სერიოზული საკითხია.” მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით უშუალოდ კათოლიკოს პატრიარქი გააკეთებს.

კომენტარები