ჭიდაობა: რევაზ ლაშხი ევროპის ჩემპიონია!

დორტმუნდში მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისათვის შეჯიბრების ბოლო დღე წარმატებული გამოდგა.

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ქართველმა კლასიკოსებმა პირველად მოახერხეს კონტინენტის პირველობიდან უმაღლესი სინჯის მედლის წამოღება. გერმანიაში პირველ ადგილზე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე რევაზ ლაშხი გავიდა.

ამით დასრულდა ის უსიამოვნო ტრადიცია, რომელიც ბოლო წლებში ქართველ ჭიდაობის მოყვარულებს ძალიან აშფოთებდა. ოქროსაკენ მიმავალ გზაზე ლაშხმა ხუთი მოწინააღმდეგე ჩამოიცილა. რაც მთავარია, ოთხი შეხვედრა ორ პერიოდში მოიგო და დამატებითი მესამე პერიოდის გამართვა მხოლოდ ნახევარფინალში დასჭირდა, სადაც მისი მეტოქე ძალიან ძლიერი აზერბაიჯანელი ჰასან ალიევი იყო.

მთლიანად ტურნირზე რევაზ ლაშხმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა - ფრანგი სებასტიან იდალგო, პოლონელი ედუარდ ბარსეგიანი, რუმინელი იანკუ დიაკონუ, ზემოთ ნახსენები აზერბაიჯანელი ჰასან ალიევი და ფინალში ბულგარელი სერაფიმუ ანგელოვი.

რევაზ ლაშხის გარდა საქართველოს ნკარების სახელით ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ექვსი სპორტსმენი გამოვიდა - ლაშა გოგიტაძე (55 კგ), ანტონ მამაგეიშვილი (66 კგ), მანუჩარ კვირკველია (74 კგ), მათე სოფაძე (84 კგ), სოსო ჯაბიძე (96 კგ) და დიმიტრი ჯავახიშვილი (120 კგ). თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო მედლის მოპოვება.   

მსოფლიოში არსებული ყველა უმაღლესი რანგის ტურნირის ჩემპიონმა მანუჩარ კვირკველიამ თავის 74 კილოგრამში პირველივე შეხვედრა წააგო ფრანგ კრისტოფერ ჟენოსთან.

კომენტარები