საფრანგეთის ელჩმა ქართული მედია გააკრიტიკა

"მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა ფაქტები და ანალიზი პროფესიონალურად გადმოსცენ" – აცხადებს საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ერიკ ფურნიე. საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მისთვის ღიმილისმომგვრელია, თუ როგორ გაშუქდა მედიაში მისი გამოსვლა არასამთავრობო ორგანიზაციების მომზადებულ ანგარიშთან – "ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: ევროკავშირ–საქართველოს სამოქმედო გეგმის ამოცანების შესრულება" – დაკავშირებით. "მე სინანული გამოვთქვი იმის გამო, რომ ანალიზის ავტორები სამეზობლო პოლიტიკას ნეგატიურად აფასებენ" –აცხადებს ფურნიე.

ქართულმა მედიამ ბუნდოვნად და ორაზროვნად გადმოსცა ელჩის განცხადება, რამაც შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს ელჩი ევროპის ძალისხმევას საქართველოში უშედეგოდ აფასებდა, ხოლო საქართველოს ნეობოლშევიკურ სახელმწიფოს უწოდებდა.

განცხადებაში ელჩი ამბობს, რომ ევროპა მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ევროპული ღირებულებებისკენ მიმავალ გზაზე და კვლავაც გააგრძელებს ამის კეთებას, რადგან შედეგები იმედისმომცემად ეჩვენებათ.

ფურნიეს თქმით, საქართველო რეგიონის ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც დემოკრატიული შეიძლება ეწოდოს და ასევე ერთადერთია პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის (გარდა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისა), სადაც სხვადასხვა ორიენტაციის პოლიტიკური პარტიების მიმდევრებს თავისუფლად შეუძლიათ აზრის გამოხატვა.

კომენტარები