You'll never walk alone!

მართალი გითხრათ, ინგლისური ფეხბურთის დიდი მოყვარული არ გახლავართ და, შესაბამისად, არც ნისლიან ალბიონზე მიმდინარე მოვლენებს ვადევნებ თვალყურს გაფაციცებით. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ან მანჩესტერ იუნაიტედისა და არსენალის ფეხბურთელთა ოსტატობას არ ვაფასებ, მილანში ტოტენჰემის დამაჯერებელმა გამარჯვებამ არ მომხიბლა ან ჩელსისა და მანჩესტერ სიტის მრავალმილიონიანი კონტრაქტების შესახებ არ მსმენია არაფერი. უბრალოდ, მე სამხრეთელი კაცი ვარ და ჩემი ტემპერამენტის შესაფერისი, ე.წ. ლათინური ფეხბურთი მირჩევნია, რომელსაც სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე თამაშობენ, ევროპაში კი ესპანელები და იტალიელები მისდევენ.

და მაინც, თუკი ბრიტანეთში ვინმეს მიმართ განსაკუთრებული სიმპათია გამაჩნია – ეს ლივერპული გახლავთ. ბითლზის სიმღერებზე გაზრდილი კაცისგან ეს დიდად გასაკვირი არც უნდა იყოს, ხოლო თუ ამას 60-70-იანი წლების ბილ შენკლისა და ბობ პეისლის მიერ შექმნილი სუპერგუნდის მიერ ჩატარებულ სპექტაკლებს დავუმატებთ, ყველაფერი კიდევ უფრო ნათელი გახდება. 

 თავისი წილი ამაში თბილისურ-ლივერპულურ ურთიერთობებსაც მიუძღვის. ჩემი თაობისთვის ქართული ფეხბურთი ყოველთვის თბილისის დინამოსთან იქნება ასოცირებული, რადგან თუკი ქართველებს მინდორზე რამე ღირებული გაგვიკეთებია, ამას სწორედ დინამოს სხვადასხვა თაობის ვარსკვლავებს უნდა ვუმადლოდეთ. ხალხის ასეთი ერთსულოვნება არც სტადიონზე მინახავს სადმე და არც იქიდან ქუჩაში სიხარულის გამოსახატად გამოსულს. ჩემთვის დღემდე 1976 წლის 3 სექტემბერიც დღესასწაულია, როდესაც მეზობელ სომხებს 3 უპასუხო გოლით ავართვით თასი, 1978 წლის ნოემბერიც, როცა მოსკოვში ლოკომოტივთან უგოლო ფრე “ოქროს” მედლებად გვექცა და 1979 წლის აგვისტოში ოთარ გაბელიას თასის მომტანი საპენალტე ბენეფისიც. აღარაფერს ვამბობ 1981 წლის 13 მაისზე... ბოლოს კი, ივო შუშაკის ფორმაციის გუნდმა გაგვახსენა, რომ ფეხბურთი ქართული სპორტიცაა!
 
ამავე რიგში დგას 1979 წლის 23 ოქტომბერიც, როცა “ინგლისურ” წვიმაში დინამოზე მოსაგებად ჩამოსულ ლივერპულს კუდით ქვა ვასროლინეთ და მერე 80 ათასი “გალუმპული” კაცი დიდხანს ბედნიერად დავაბიჯებდით პლეხანოვიდან ვერამდე. რა დამავიწყებს მეცხრე სექტორში საყვირით მისულს როგორ დამცინა მამაჩემმა – აქედან ალბათ პიონერთა ბანაკში მიდიხარო, მეორე ტაიმში კი ხელიდან გამომგლიჯა  და ლუი არმსტრონგივით ჩაბერა! პატარა ამბავია კლემენსის, ნილის, კენედების, მაკდერმოტისა და დალგლიშისთვის 3 მშრალი გოლის გატანა და ჩემპიონთა თასიდან დაფრენა?! 
 
მარტივი ლოგიკაა – რაც უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწევს შენ მიერ დამარცხებული მეტოქე, მით უფრო დასაფასებელი ხდება შენი წარმატება. სხვათა შორის, ჩემდა გასაკვირად, ვალენტინ პიკულის წიგნში ამოვიკითხე, რომ პეტრე დიდმა რუსებს, რომლებსაც საერთოდ არ გამოარჩევთ დიდი წინდახედულობა, ეს ჭეშმარიტება დიდი ხნის წინ შეაგნებინა და პოლტავის ბრძოლაში დამარცხებულ შვედებს იქვე დაუდგა ძეგლი წარწერით: “მამაც შვედ ჯარისკაცებს რუსთაგან!”
 
ამიტომაც არ მწყენია სტამბოლის საჩემპიონთალიგო სასწაული, როდესაც ლივერპულმა მილანს 0:3 შემოუტრიალა და თავის ფანტასტიკურ გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ ამღერა კლუბის ჰიმნად ქცეული დიდებული სიმღერა: You'll never walk alone! (შენ არასოდეს ხარ მარტო!). 
ამავე მიზეზით გამახარა ასე ძალიან ლივერპულის მწვრთნელად კენი დალგლიშის დაბრუნებამ და როცა კლუბის ლეგენდამ წაგებებით გატანჯული, ტორესგაყიდული გუნდით სერ ალექსის უძლეველ მანჩესტერს “ჩვენებური” გაკვეთილი ჩაუტარა, მეც სიამოვნებით შევუერთე ხმა ენფილდის ტრიბუნებზე მომღერალ ფანებს.
 
ლივერპული ლივერპულად და ჩვენ უფრო თბილისის დინამოს თემა გვაღელვებს. ქართული ფეხბურთის ფლაგმანის ბოლოდროინდელ ყოფას დიდად დალხენილი და იმედისმომცემი ნამდვილად არ ეთქმის. ამიტომაც მიმაჩნია კლუბში ახალი თავკაცის ზურაბ პოლოლიკაშვილის მოსვლა პროგრესულ მოვლენად. ფეხბურთზე შეყვარებულ და ბარსელონას ამბებში გათვითცნობიერებულ ახალგაზრდა კაცს გემოვნებაც კარგი აქვს და არც ამბიცია აკლია. იმედია, მის ხელში დინამო ნელ-ნელა დაიბრუნებს დაკარგულს და ჩვენც სასიმღეროდ გაგვიხდება საქმე! ასე რომ, დინამოელებო, იცოდეთ – არც თქვენ ხართ მარტო! 

კომენტარები