ნინო ბურჯანაძე: საქართველოში რევოლუცია გარდაუვალია

დღეს ” სახალხო საბჭომ” კალათბურთის სასახლეში მხარდამჭერები შეკრიბა და აღდგომის  დღესასწაულის შემდეგ რევოლუციის მოწყობის „გარდაუვალობაზე“ გააკეთა განცხადება. „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა,  ნონა გაფრინდაშვილმა დაანონსებული რევოლუციის გეგმა წარმოადგინა: აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, აღდგომის შემდეგ კრება დაასახელებს დაუმორჩილებლობის გამოცხადების კონკრეტულ თარიღს.  გაფრინდაშვილის თქმით,  მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცხადდება 24-საათიანი მობილიზაცია და „ბრძოლის საბოლოო ეტაპი“ დაიწყება.

კალათბურთის სასახლეში შეკრებილი მხარდაჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას კრების  პოლიტიკურმა ლიდერმა,  ნინო ბურჯანაძემ  პოლიციელებსა და სამხედროებს ხალხის მხარეს დადგომისკენ მოუწოდა და იმედი გამთქვა, რომ „ეს ასეც მოხდება.“ 

"საქართველოს დასავლური ფასეულობებით შეფუთული ბოლშევიკები მართავენ. საქართველოს ხელისუფლებაში მოდერნიზებული საბჭოთა კავშირის წარმომადგენლები არიან,“ აღნიშნა ბურჯანაძემ „მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ, რომ ქართველი ხალხი ამას არ შეეგუება. ამ ხელისუფლების მოშორების შემდეგ, ქვეყანას გამთლიანების შანსი გაუჩნდება. გაჩნდება შანსი, შეიქმნას სამუშაო ადგილები. დარწმუნებული ვარ ეს ბრძოლა ხალხის წარმატებით დასრულდება,” დასძინა მან. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ყველა, ვინც რევოლუციონერებზე ხელს აღმართავს, მწარე პასუხს მიიღებს.“   ”საქართველოში რევოლუცია გარდაუვალია. სააკაშვილი მიიღებს რევოლუციას, მაგრამ შვიდობიანად,“ თქვა ბურჯანაძემ კალათბურთის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას.  

კომენტარები