კალანდაძე: თბილისის თანხმობის გარეშე რუსეთის ვმო-ში გაწევრიანება თეორიულად შესაძლებელია

საქართველოს გვერდის ავლით ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა ვმო-ში ასეთი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა. ამის შესახებ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა. ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.  13 მარტს ლავროვმა აღნიშნა, რომ თუ საქართველო ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების წინააღმდეგ ”ჯიუტობას გააგრძელებს”, მოსკოვი ორგანიზაციაში თბილისის თანხმობის გარეშეც გაწევრიანდება.

 "ასეთი პრეცედენტის დაშვება ვმო-ში  იშვიათი გამონაკლისი და ძალიან გასაკვირი იქნება," განცხადა კალანდაძემ. ოფიციალური თბილისის პოზიციას ქართველი ექსპერტებიც იზიარებენ.  „საქართველოს გვერდის ავლით რუსეთის ვმო-ში გაწევრიანება ადვილი არ იქნება“, ამის შესახებ რადიო თავისუფლების მიმომხილველმა, დან ალექსემ განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვის ვმო-ში გაწევრიანება ევროკავშირზე დამოკიდებული არ არის. ”ორგანიზაციაში 153 ქვეყანა შედის და რუსეთ-ევროკავშირის ხელშეკრულება ამ გადაწყვეტილების მისაღებად საკამარისი არ არის,” აღნიშნა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 13 მარტს რუსეთის მე-3 არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისის პოზიცია ფსოუზე და როკის გვირაბთან საბაჟო გამშვები პუნქტების ”ლეგალიზაციის” შესახებ,  რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების საკითხთან ”არაფერ შუაშია.” მისი თქმით, ”ეს საქართველოსა და ამ ორი სუვერენული სახელმწიფოს შორის მოლაპარკებების საკითხია”. სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის ”უსწრაფესი გაწევრიანებით დაინტერესებულია”. სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირსა და აშშ-ს რუსეთის ვმო-ში ხილვა სურთ, მათ თბილისის დარწმუნება მოუწევთ.  

მოსკოვსა და თბილისს შორის რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გასულ კვირას ბერნში დაიწყო. საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, ორივე მხარე დაინტერესებულია  პოზიციების დაახლოებით.  მოლაპარაკებების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ აშშ ამ მოლაპარაკებებში ჩარევას არ აპირებს. აშშ-ს პრეზიდენტის  სპეციალურმა თანაშემწემ და ეროვნული უშიშროების საბჭოში რუსეთისა და ევრაზიის საკითხების კურატორმა, მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომ  საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები ”ორმხრივი საკითხია, რომელშიც ვაშინგტონი არ ჩაერევა.” მისი თქმით, მოსკოვს უნდა ესმოდეს, რომ საკითხს სერიოზულად უნდა მიუდგეს და რომ ვაშინგტონის მხრიდან თბილისზე ზემოქმდებას არ უნდა ელოდოს, რადგან ”ვაშინგტონი ამის გაკეთებას არ აპირებს.”  მაკფოლმა  ასევე აღნიშნა, რომ  მოსკოვსაც და თბილისაც განემარტათ ვაშინგტონის პოზიცია, რომ  ”რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება ამერიკის ეროვნულ ინტერესში შედის.”

კომენტარები