ბაქოში პოლიციამ ”მრისხანების დღე” ჩაშალა

აზერბაიჯანის დედაქალაქში დღეს სამართალდამცველებმა ოპოზიციის ათამდე აქტივისტი დააკავეს. ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლში მიმდინარე საპროტესტო აქციებით შთაგონებული აზერბაიჯანელი ოპოზიციონერები დღეს ბაქოში ანტისამთავრობო დემონსტრაციის გამართვას ცდილობდნენ. თვითმხილველების ცნობით, ერთ-ერთ მეტროსადგურთან შეკრებილ დემონსტრანტებთან უნიფორმაში და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პოლიციელები მივიდნენ და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერების თქმით, ბაქოს უნივერსიტეტებში სტუდენტები გააფრთხილეს, რომ თუ პარასკევს ლექციებს გააცდენდნენ, მათ სასწავლებლიდან გარიცხავდნენ. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ პოლიციამ ოპოზიციის ხუთი აქტივისტი დააკავა. აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა მათი დაპატიმრება იმით ახსნეს, რომ ისინი ”სხვადასხვა სახის კანონდარღვევაში არიან ეჭვმიტანილი.” პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოპონენტები კი აცხადებენ, რომ ხუთი აქტივისტის დაკავება 11 მარტისთვის დაგეგმილ ”მრისხანების დღეს” უკავშირდებოდა. 

კომენტარები