ინტერვიუ ჟან ლუი ლორანთან

 თებერვლის ბოლოს, საქართველოს ევროპის საბჭოს დემოკრატიისა და პოლიტიკურ საქმეთა გენერალური დირექტორი – ჟან ლუი ლორანი ეწვია. ის უკვე 15 წელია, თითქმის ყოველწლიურად გვსტუმრობს და შთაბეჭდილებებს საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, ანგარიშში ასახავს. ტაბულა გთავაზობთ ჟან ლუი ლორანთან ინტერვიუს.

რა მიზნით ეწვიეთ საქართველოს? 

რამდენიმე მიზანი მქონდა. მოგეხსენებათ, საქართველომ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას გარკვეული ვალდებულებები იკისრა და მათ შესრულებაზე მონიტორინგს ვახორციელებთ. ვიზიტის შთაბეჭდილებებს რეგულარულ ანგარიშში ავსახავ, რომელსაც მინისტრთა კომიტეტს წარვუდგენ. ამას გარდა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ის ნაბიჯები განვიხილე, რაც ევროპის საბჭომ 2008 წლის ომის შემდეგ გადადგა და აგრეთვე ისინიც, რაც რეინტეგრაციის სტრატეგიის ფარგლებში, შესაძლოა, საბჭომ განახორციელოს. და ბოლოს, ხელისუფლებას ევროპის საბჭოს ბიუროს ახალი ხელმძღვანელი – კატარინა ბოლონიეზე – წარვუდგინე. 

 ორი სიტყვით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე, რა სტადიაში ვართ? 
 
ორ ვალდებულებას გამოვყოფდი. რეგიონალური და უმცირესობათა ენების ევროპულ ქარტიაზე მიერთება და მესხეთიდან დეპორტირებული მოსახლეობის რეპატრიაციის კანონის აღსრულება. სხვა ვალდებულებები შესრულებულია, ან პროცესშია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ საქართველომ 2008 წელს წარმოქმნილი სირთულეების მიუხედავად, რეფორმის პროცესი განაგრძო. 
 
რეგიონალური და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტია ახსენეთ. კრიტიკოსები ხშირად საუბრობენ ორმაგ სტანდარტებზე და მიუთითებენ, რომ ამ ქარტიის რატიფიცირება საფრანგეთსაც კი არ მოუხდენია… 
 
რატიფიცირება არ მოუხდენია, მაგრამ ხელი მოაწერა.
 
საქართველომაც რომ მხოლოდ ხელი მოაწეროს, რა მოხდება? 
 
საქართველომ რატიფიკაციის ვალდებულება იკისრა, თუმცა ხელმოწერა უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა სწორი მიმართულებით.
 
დაახლოებით 15 წელია საქართველოს აკვირდებით. როგორ აღწერდით იმ გზას, რაც ქვეყანამ ამ პერიოდში გამოიარა? 
 
თქმაც არ სჭირდება, რომ საქართველომ ძალიან მძიმე კრიზისები გამოიარა – სამოქალაქო ომი, ომი. ქვეყნის არც ერთ ხელმძღვანელს მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით მანდატი არ დაუთმია. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, დღევანდელ საქართველოს არაფერი აქვს საერთო 15 წლის წინანდელ ქვეყანასთან. ამას ზედაპირულადაც ამჩნევ, შეხედეთ თბილისს, ხალხს, ინსტიტუტებს, დანაშაულისა და კორუფციის დონეს. პენიტენციური სისტემის რეფორმა, ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც ვფიქრობ, საუკეთესოა რეგიონში.  უზარმაზარი მიღწევები გაქვთ. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ გასაკეთებელი ბევრი არ დაგრჩენიათ. გასაკეთებელი ყველა ქვეყანას – გამონაკლისების გარეშე – ბევრი აქვს. 
 
მთავარ გამოწვევებად რას დაასახელებდით? 
 
ვფიქრობ, რომ ყველაზე ცხადი გამოწვევა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, ისეთი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა, რომელიც სრულ ჰარმონიაში იქნება საერთაშორისო – ევროპის საბჭოს თუ ეუთოს სტანდარტებთან. ასეთი არჩევნები ჯერ საქართველოში არ ჩატარებულა. ვფიქრობ, ეს არის მთავარი გამოწვევა. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ. 
 
კრიტიკოსები ამბობენ, რომ ევროპის საბჭო ხშირად ფუნდამენტურ ღირებულებებზე მაღლა პრაგმატულ პოლიტიკას (რეალ პოლიტიკა) აყენებს, რასაც ზოგიერთი ამ ორგანიზაციის საბიუჯეტო პრობლემებითაც ხსნის. ვგულისხმობ რუსეთთან დამოკიდებულებას...
 
მე ევროპის საბჭოს ძველ თაობას წარმოვადგენ. ამ ორგანიზაციაში 35 წელია ვმუშაობ და მისი ისტორია საკმაოდ კარგად ვიცი. პრაგმატული პოლიტიკა ევროპის საბჭოსთვის ახალი ნამდვილად არ არის – საკმაოდ ძველია. თუმცა ეს ხანდახან უფრო თვალშისაცემია. მართალია, ევროპის საბჭო ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებზე დგას, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, მაგრამ მას 47 წევრი ქვეყნის მთავრობები და პარლამენტები მართავენ. წარმოიდგინეთ, 47 მთავრობა და 47 საპარლამენტო დელეგაცია – ყველანი პოლიტიკოსები არიან. პოლიტიკოსს ნამდვილად ვერ მოსთხოვ, რომ პოლიტიკოსივით არ მოიქცეს, როდესაც ევროპის საბჭოშია. ამას ევროპის საბჭოს შიზოფრენიულ ხასიათს ვუწოდებ. ღირებულებები სახელმწიფოს ხელყოფისგან უნდა დაიცვა, მაგრამ ამავე დროს შეძლო, რომ ეს სახელმწიფოს წარმომადგენლის ხელით გაკეთდეს. ამიტომაა მნიშვნელოვანი ბალანსის შენარჩუნება. ევროპის საბჭო დაიხურება, თუ ფუნდამენტურ ღირებულებებს: დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას დაივიწყებს. მაგრამ ამ ღირებულებების დამკვიდრების და განმტკიცების გზა პოლიტიკურია. 
 
 როგორ იმოქმედა ევროპის საბჭოზე გაფართოებამ, რაც საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა? როგორც ბრძანეთ, 35 წელია ამ ორგანიზაციაში მოღვაწეობთ.
 
ამ ორგანიზაციაში მუშაობა რომ დავიწყე, 16 წევრისგან შედგებოდა. ევროპის საბჭოს, 1989 წლამდე, თანამოაზრე სახელმწიფოთა კლუბს უწოდებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გამონაკლისებს მაშინაც ნახავდით – აღარ დავასახელებ, ისედაც მიხვდებით. დღეს ის ბევრად უფრო მრავალფეროვანია, არა მხოლოდ დემოკრატიული განვითარების მხრივ, არამედ ისტორიითა და კულტურით. მაგალითისთვის, ეკლესიის ფაქტორი ავიღოთ. გაფართოებამდე, არ მახსოვს, რომ ევროპის საბჭოში ვინმე ამ თემით დაინტერესებულიყო. დღეს ეკლესიას უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მე ფრანგი ვარ, საფრანგეთში უკვე საუკუნეზე მეტია ეკლესიის და სახელმწიფოს ძალაუფლება ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნულია. დღეს ისეთი წევრი სახელმწიფოებიც გვყავს, სადაც ეკლესია დიდ როლს თამაშობს. საქართველო ერთ-ერთი მათგანია. 1989 წლამდე არავინ საუბრობდა უმცირესობათა პრობლემებზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი, ძველ წევრ ქვეყნებშიც არსებობდა. გაფართოებამ ევროპის საბჭო უფრო პოლიტიკური, სამართავად რთული გახადა და ამავდროულად ბევრად უფრო საინტერესო. ჩვენ ისტორიული შანსი მოგვეცა, ევროპულ ღირებულებებს ბევრი ქვეყანა ვაზიაროთ. ეს პროცესია, მუდამ უნდა გვახსოვდეს და მიუხედავად თანმხლები კატაკლიზმებისა, მაინც პოზიტიური აღმოჩნდა.
 
სახელმწიფოს და ეკლესიის ძალაუფლების გამიჯვნა ახსენეთ, წარმოგიდგენიათ დემოკრატია, სადაც სახელმწიფო ეკლესიისგან გამიჯნული არ არის?
 
გადაწყვეტილებას მხოლოდ ის ადამიანები უნდა იღებდნენ, ვინც ხალხმა არჩევნების გზით აირჩია. ამავდროულად ანგარიში უნდა გავუწიოთ იმ ფასეულობებს, რასაც ეს ხალხი პატივს სცემს. ის, რომ ეკლესიასთან კონკორდატი გაქვთ, არ ნიშნავს, რომ დემოკრატიული ქვეყანა არ ხართ. 
 
 ჩვენ რელიგიური უმცირესობებიც გვყავს. 
 
ვიცი, ამ საკითხთან დაკავშირებით უკმაყოფილება ჩვენც გამოგვითქვამს. ვფიქრობ, რელიგიური უმცირესობების სტატუსის საკითხი უნდა გადაწყდეს. სხვანაირად, სწორი არ იქნება. 

კომენტარები