საფრანგეთი — პანარაბული დომინოს მოულოდნელი მსხვერპლი

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ცვლილებები პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის წლევანდელ გეგმებში არ შედიოდა. მიმდინარე წლის მთავარი მოვლენა ფრანგული დიპლომატიის აღორძინება უნდა გამხდარიყო: საფრანგეთმა სწორედ წელს გადაიბარა დიდი რვიანისა და დიდი ოცეულის (G8 და G20) თავმჯდომარეობა. ეს ქვეყნის საერთაშორისო გავლენის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი პლაცდარმია. გარდა ამისა, პრეზიდენტი სარკოზი 2012 წლის არჩევნებისთვის ემზადება. 3 თვის წინ მან სიფრთხილითა და წინდახედულობით უკვე განახორციელა მინისტრთა კაბინეტის ცვლილებები, რითაც სამთავრობო პარტიაში (კავშირი სახალხო მოძრაობისთვის) მეტოქე ძალებს შორის მისთვის ხელსაყრელი ბალანსი შეინარჩუნა. მაგრამ, არაბული რევოლუციების ტალღამ საფრანგეთს უხერხულ ვითარებაში მოუსწრო – რეგიონის ოდიოზურ დიქტატორებთან ქვეყნის მაღალჩინოსნების „თანამშრომლობა” გამოავლინა. ზიანის გამოსწორებას ისევ პრეზიდენტი შეეცადა.

27 თებერვალს, ნაჩქარევად დაგეგმილ სატელევიზიო მიმართვაში, ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ მან კიდევ ერთხელ განაახლა მინიტრთა კაბინეტი: საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მიშელ ალიო-მარი თავდაცვის მინისტრმა ალან ჟუპემ შეცვალა.

64 წლის ალიო-მარი, უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია. ჯერ ერთი, იანვრის დასაწყისში ტუნისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე, გამოცდილ დიპლომატს უხერხული ფრაზა წამოსცდა – ტუნისის ხელისუფლება ფრანგული სპეცრაზმის დახმარებით კარგად ისარგებლებდაო. მერე კი გამჟღავნდა, რომ ქალბატონი მინისტრი ამ სახელმწიფოს საშობაო არდადეგებზე სტუმრობდა. იგი ექსკურსიებისთვის ადგილობრივი მსხვილი ბიზნესმენის, განდევნილი პრეზიდენტის ბენ ალის ნათესავის, პირადი თვითმფრინავით სარგებლობდა.
თავდაპირველად სარკოზიმ სცადა მინისტრის „უნებლიე შეცდომები” მიეჩქმალა. თუმცა ოპოზიციური პარტიების ზეწოლის გაძლიერებასთან ერთად ცხადი გახდა, რომ ალიო-მარი თავისი სამუშაოსათვის შეუფერებლად დასუსტდა. ასე მაგალითად, თებერვლის ბოლოს, ბენ ალის რეჟიმის დამხობის შემდეგ პირველ სახელმწიფო დელეგაციას ტუნისში ფინანსთა მინისტრი – ქრისტინ ლაგარდი – ხელმძღვანელობდა. ქალბატონი ალიო-მარი ამასობაში სარკოზის შორს, ბრაზილიაში, ჰყავდა გაგზავნილი. ამგვარი აბსურდის ხანგრძლივად გაგრძელება წარმოუდგენელი გახდა.

სამთავრობო როტაციის ფონზე გამოაშკარავდა ფრანგულ დიპლომატიურ წრეებში არსებული განხეთქილებაც. თებერვალში Le Monde-სა და Le Figaro-ში ზედიზედ გამოქვეყნდა სარკოზის საგარეო პოლიტიკით უკმაყოფილო დიპლომატთა ანონიმური ჯგუფისა და მისი პოლიტიკის ქომაგთა ღია წერილები. სარკოზის “იმპულსური” და “სამოყვარულო” პოლიტიკის პირობებში ქვეყანამ დაკარგა წონა და გავლენა საერთაშორისო ასპარეზზე, – აცხადებენ „ამბოხებული” დიპლომატები. ლისაბონის შეთანხმებები, საფრანგეთის ევროკავშირის პრეზიდენტობა, ბრიტანეთთან თავდაცვის საკითხებში მიღწეული შეთანხმებები, რუსეთ-საქართველოს ომის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, სტრატეგიული პარტნიორობა ინდოეთთან და ბრაზილიასთან, ირანის მიმართ სიმკაცრე – ეს მხოლოდ ნაწილია ფრანგული დიპლომატიის წარმატებისა, რომელსაც სარკოზის პოლიტიკის მხარდამჭერები ახსენებენ „განდგომილ” დიპლომატებს. არგუმენტების მიუხედავად, უპრეცედენტოა დიპლომატებს შორის ამგვარი საჯარო „გარჩევის” ფაქტი. დიპკორპუსის წევრობა ხომ, სამხედრო მოსამსახურეების მსგავსად, პრეზიდენტის მიმართ უპირობო ერთგულებასაც გულისხმობს. ასეთი “ამბოხი” კი იმის მანიშნებელია, რომ უკმაყოფილებამ ფრანგულ საგარეო უწყებაში აპოგეას მიაღწია.

როგორც ჩანს, სარკოზიმ დიპლომატებს „განხეთქილება” აპატია და ახალ ხელმძღვანელად ალან ჟუპე დაუნიშნა. პრეზიდენტმა იგი გამოცდილ ადამიანად დაახასიათა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 1993-95 წლებში საგარეო უწყებას ერთხელ უკვე ხელმძღვანელობდა. 2004 წელს ჟუპე ერთი წლით იძულებით ჩამოშორდა პოლიტიკურ ცხოვრებას: იგი ჟაკ შირაკის მერობის დროინდელ ყალბ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებულ კორუფციულ სკანდალში გაეხვა და პირობითი მსჯავრი მოიხადა.  

მას შემდეგ სარკოზის მთავარმა მეტოქემ მშვიდად მოახერხა პოლიტიკური კარიერის აღდგენა. გასულ წელს პრეზიდენტმა იგი მთავრობაშიც დააბრუნა და თავდაცვის სამინისტრო ჩააბარა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჟუპე მის წინამორბედებზე შედარებით „დამოუკიდებელი” იქნება და საგარეო პოლიტიკის ფორმირებისას „სარკოზის კურტიზანივით” არ იმოქმედებს. აღსანიშნავია, რომ 2009 წელს ჟუპე ღიად აკრიტიკებდა სარკოზის საფრანგეთის NATO-ში დაბრუნებისთვის, გასულ წელს კი – საგარეო უწყებისთვის ბიუჯეტის შეკვეცის გამო. ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით დასავლურ მედიაში ცნობაც კი გავრცელდა, რომ ჟუპე სარკოზის შეთავაზებას გარკვეული ულტიმატუმების „ფასად” დათანხმდა – სრული კარტბლანში საგარეო უწყების გადახალისებაში.  

მიშელ ალიო-მარის ჩანაცვლებას მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც მოჰყვა. ჟერარ ლონგე, საფრანგეთის სენატში სარკოზის პარტიის ლიდერი, თავდაცვის მინისტრი გახდა. კლოდ გუანმა შინაგან საქმეთა მინისტრი შეცვალა. ამ უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ბრის ორტეფუ სავარაუდოდ სარკოზის პოლიტიკური მრჩეველი გახდება და პრეზიდენტს 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში დაეხმარება.

მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები ნიკოლა სარკოზის მთავარი გამოწვევაა. მისი პოპულარობის რეიტინგი ისტორიულად დაბალ ნიშნულს – 30%-ს – მიუახლოვდა.  სამთავრობო სკანდალის გარდა, პრეზიდენტის პოპულარობის ვარდნას ახალი ჭორების გავრცელებამაც შეუწყო ხელი – სოციალისტი დომინიკ შტრაუს-კანი, ამჟამად საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი, საპრეზიდენტო მარათონში ჩართვას აპირებსო.
სარკოზის ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტიას ჟან-მარი ლე პენის უკიდურესად მემარჯვენე ნაციონალური ფრონტიც პრობლემებს უქმნის. უკანასკნელი გამოკითხვებით ამ პარტიას ამომრჩეველთა 20% უჭერს მხარს. ამან კი, შეიძლება, მემარჯვენე ამომრჩეველის ხმები კიდევ უფრო გაყოს. 

კომენტარები