ობობებმა Mazda-ს პრობლემები შეუქმნეს

ავტომანქანების მწარმოებელმა  იაპონურმა კომპანია Mazda-მ ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის ბაზრებიდან 65 ათასი ცალი Mazda 6 -ის მოდელი იმის გამო გამოიწვია,  რომ  ამ მოდელების საწვავის სისტემაში  ობობები ჩნდება. ამის შესახებ ტელეკომპანია BBC იუწყება. კომპანიის წარმომადგენელმა, ჯერემი ბარნსმა ეს გადაწყვეტილება დილერების საჩივრებით ახსნა, რომლებმაც ცენტრს შეატყობინეს, რომ  Mazda 6-ის მოდელის საწვავის ავზისკენ მიმავალ სავენტილაციო მილებში ობობას ქსელები აღმოაჩინეს. შეტყობინება Mazda-ს ცენტრში 20-მდე სხვადასხვა დილერისგან მიიღეს.

სპეციალისტების თქმით, ობობას ქსელების გამო საწვავის ავზში შესაძლოა წნევამ აიწიოს, რაც ავზში ნახეთქების წარმოქმნას და საწვავის გაჟონვას გამოიწვევს, და, შესაბამისად მანქანაში ხანძრის გაჩენის რისკს გაზრდის.  ამასთანავე იაპონურმა კომპანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დრომდე ობობის ქსელების გამო ხანძრის, ავარიის ან ტრავმის არც ერთი შემთხვევა   არ მომხდარა.

Mazda-ს სპეციალისტები ჯერჯერობით ვერ ხვდებიან, თუ რა იზიდავს ობობებს სწორედ Mazda 6-ის  საწვავის სიტემისკენ.   მათი თქმით, უკან გაწვეული მანქანების ავზები  მომსახურების ცენტრებში შემოწმდება და ობობის ქსელებისგან გაიწმინდება. ამის შემდეგ კი სპეციალისტები თითოეულ ავზს დაუმაგრებენ სპეციალურ ფილტრებს,  რომლებიც  ობობებს  საწვავის სისტმაში შეღწევის საშუალებას არ მისცემს.

კომენტარები