საკანონმდებლო ამაოება

მანდატურების „მანდატი” ფართოვდება – „უსაფრთხო სკოლის” პროგრამის მოქმედება არა მხოლოდ საჯარო, არამედ კერძო სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებზეც გავრცელდება. ცვლილებები ზოგადი განათლებისა და პროფესიული განათლების შესახებ კანონებში საქართველოს პარლამენტმა 8 თებერვალს პირველი მოსმენით დაამტკიცა.

 

კერძო სკოლებში მანდატურების შეყვანა სავალდებულო არ იქნება. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ პროგრამის ამოქმედების თხოვნით უწყებას კერძო სკოლებმაც მიმართეს. როგორც მანამდე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, “კერძო სკოლებმა დაინახეს, რამდენად წარმატებული იყო მანდატურების შესვლა საჯარო სკოლებში”. სამინისტროში აცხადებენ, რომ კანონის დამტკიცების შემდეგ კერძო სკოლებს საშუალება მიეცემათ მანდატურების სამსახურთან კონტრაქტი გააფორმონ. მანდატურთა შრომის ანაზღაურება ამ შემთხვევაში სკოლებს დაეკისრებათ.

უწყების მთავარი არგუმენტი ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ საჯარო სკოლებში მანდატურების პროგრამის წარმატება გახდა. „უსაფრთხო სკოლის” პროგრამა გასულ წელს თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და რამდენიმე ქალაქის საჯარო სკოლებში ამოქმედდა. 900-მდე მანდატურს საჯარო სკოლებში წესრიგის და დისციპლინის დაცვა დაევალა.

განათლების სამინისტრომ იანვრის დასაწყისში სკოლებში არსებული სიტუაციის კვლევის შედეგები წარმოადგინა – საჯარო სკოლებში მანდატურების შესვლის დღიდან სასწავლებლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დისციპლინა და შემცირდა ძალადობა და დანაშაული. 80 პროცენტით შემცირდა გაკვეთილზე დაგვიანებები, 75 პროცენტით – გაკვეთილებიდან წასვლა, 95 პროცენტით – ფულის გამოძალვის შემთხვევები. მნიშვნელოვნად შემცირდა ჩხუბებისა (80 პროცენტით) და სკოლების ქონების დაზიანების შემთხვევების რიცხვი (90 პროცენტით). სიგარეტის მოწევა სკოლებში პრაქტიკულად აღმოფხვრილია.

კერძო სკოლების ნაწილი სიახლით დაინტერესებას გამოთქვამს. ტაბულას ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის დირექტორმა ლევან ხარატიშვილმა განუცხადა,  რომ გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც დისციპლინის პრობლების მოგვარებაში დახმარება სჭირდებათ. თუმცა, მისი თქმით, „კერძო სკოლების უმეტესობა საჯარო სკოლებისგან იმით განსხვავდება, რომ მათ დისციპლინის საკუთარი ნორმები აქვთ”, მანდატურების უფლება-მოვალეობები კერძო სკოლებში დაზუსტებას მოითხოვს. ამ  საკითხის გარკვევა რამდენიმე სკოლაში საპილოტე პროგრამის განხორციელების გზით უნდა მოხდეს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მანდატურების უფლება-მოვალეობები ზოგადი განათლების შესახებ კანონით რეგულირდება და თანაბრად გავრცელდება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში, რომლებიც მანდატურებთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამენ. 

მანდატურები არა სკოლების ხელმძღვანელობას, არამედ უშუალოდ განათლების სამინისტროს ექვემდებარებიან. ამასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები იმის თაობაზე, თუ რატომ გამოთქვამენ კერძო მეწარმეები დაინტერესებას სახელმწიფოს მიერ მათი კონტროლის გაძლიერებით? და მოთხოვნა კერძო სკოლების მხრიდან  მანდატურების შემოსვლაზე მათი სურვილია თუ სახელმწიფოს ზეწოლის შედეგი? დღემდე კერძო სკოლები უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის დაცვას თავად ქირაობდნენ და ეს პრობლემა დღის წესრიგში არ დამდგარა. 

როგორც დაცვის, ასევე დისციპლინის უზრუნველყოფის წესებს კერძო სკოლები თავად განსაზღვრავენ. გაურკვეველი რჩება, თუ რატომ უნდა ანდოს კერძო სასწავლებელმა შინაგანაწესის დაცვისა თუ დისციპლინის საკითხის მოგვარება სახელმწიფო ინსტიტუტს, როდესაც დაცვის, პედაგოგებისა თუ ადმინისტრაციის  თანამშრომელთა შერჩევის, მათი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განსაზღვრის სრული თავისუფლებით სარგებლობს. მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაშიც მანდატურების საქმიანობის ხარჯები კერძო სასწავლებლების მფლობელებს უნდა დაეკისროთ

კომენტარები