ეკონომიკა და მთავრობა ამერიკასა და კანადაში

ჩრდილოეთ ამერიკის ორი სახელმწიფო მსოფლიოში მოწინავე პოზიციებს იკავებს ეკონომიკური განვითარებისა და ცხოვრების დონის მიხედვით. ერთი შეხედვით, გეოგრაფიული სიახლოვე და საერთო სალაპარაკო ენა (გარდა კანადის პროვინცია კვებეკისა, რომელიც ფრანგულენოვანია) მათ შორის არსებულ მსგავსებებზე უნდა მიუთითებდეს. თუმცა ქვეყნებმა პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების განსხვავებული გზა გაიარეს.
ამერიკასა და კანადას თითქმის თანაბარი ტერიტორია უკავიათ, თუმცა მოსახლეობის რაოდენობით ამერიკა ჩრდილოელ მეზობელს დაახლოებით ათჯერ აღემატება. მოსახლეობის დაბალმა სიმჭიდროვემ და ვრცელ ტერიტორიებზე მცირე, დაშორებულმა დასახლებებმა კანადელებში ხელი შეუწყო კოლექტიური იდენტობის უფრო მეტად განვითარებას, მაშინ როდესაც ამერიკული საზოგადოება ინდივიდუალისტურია. მრავალი სოციოლოგიური კვლევა ცხადყოფს, რომ კანადელები უფრო მეტი პატივისცემით ეპყრობიან მთავრობას, ამერიკელები კი შედარებით ეჭვის თვალით უყურებენ მას. კანადაში მმართველობის სისტემა გაცილებით დეცენტრალიზებულია ვიდრე ამერიკაში, რაშიც გეოგრაფიამაც შეიტანა საკუთარი წვლილი. მცირედ დასახლებული და ცენტრისგან დაშორებული რეგიონების მართვა ადგილობრივი მთავრობების მიერ საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვს. ძველი დროიდანვე კანადაში მცირე დასახლებების ტიპმა მოსახლეობასთან ადგილობრივი მთავრობის სიახლოვე უზრუნველყო. ორ საზოგადოებას შორის განსხვავებას ამ ქვეყნების დამაარსებელი მოღვაწეების მიერ ხაზგასმული ღირებულებები ცხადყოფს. კანადელების დევიზია მშვიდობა, წესრიგი და კარგი მთავრობა, ხოლო ამერიკელებისა – სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერების ძიება.

კანადელები ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო ფრთხილები არიან. ფინანსურ საკითხებში, ისინი ამერიკელებზე მეტად იხრებიან თანამშრომლობისა და ჯგუფური კონსენსუსისკენ. კანადის ფინანსური და ბიზნესწრეები ერთმანეთთან უფრო არიან დაახლოებულნი, ვიდრე იმავე სფეროში მოღვაწე ადამიანები ამერიკაში. ამის მაგალითად შეიძლება პროფკავშირები მოვიყვანოთ, რომლებიც კანადაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ეკონომიკური ღირებულებებიდან ხელმომჭირნეობა და შემოსავლის ოჯახში გადანაწილება უფრო მეტი კანადელისათვის არის მნიშვნელოვანი, ამერიკელები დამოუკიდებლობასა და მძიმე შრომას ანიჭებენ უპირატესობას. კანადელები ამერიკელებზე მეტად ერიდებიან რისკიან წამოწყებებს და სიახლეებსაც არ ხვდებიან ნდობით. 1988 წელს მათ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმეს, რომელსაც ქვეყანაში გარკვეული უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ერთ ნაწილს მიაჩნდა, რომ კანადა დამოკიდებული გახდებოდა სამხრეთელ მეზობელზე და მის ერთგვარ ეკონომიკურ დანამატად იქცეოდა. თუმცა ეკონომიკურმა თანამშრომლობამ პირველ რიგში ურთიერთდამოკიდებულება და განვითარება მოიტანა. ხელშეკრულებას 1994 წელს მექსიკაც შეუერთდა, რითაც ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ზონა ჩამოყალიბდა. 2008 წლის ბოლოს ამერიკასა და კანადას შორის ვაჭრობის მოცულობა 600 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღწევდა, ხოლო კანადური ბაზარი ამერიკაში დაახლოებით 7 მილიონ სამუშაო ადგილს უზრუნველყოფდა. ორ ქვეყანას ფართო ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ. აღსანიშნავია, რომ კანადელები უფრო მეტ ინვესტიციას ახორციელებენ ამერიკაში, ვიდრე პირიქით. 2008 წლისათვის ამერიკაში კანადური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 310 მილიარდი ამერიკული დოლარი იყო, კანადაში ამერიკული ინვესტიციებისა კი – 290 მილიონი. თუმცა ამერიკა კანადური კაპიტალის მთავარი დანიშნულების ადგილია, როდესაც ამერიკელები მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში კაპიტალს მეტ-ნაკლებად თანაბრად აბანდებენ.

კანადას ყოველთვის უფრო მარცხნივ გადახრილი მთავრობა ჰყავდა, ვიდრე ამერიკას. ამიტომ მას ხშირად სოციალისტურ მონარქიასაც უწოდებდნენ. ამ ქვეყნის მთავრობა ყოველთვის უფრო მეტად ერეოდა ქვეყნის ეკონომიკაში. ეს ჯანდაცვისა და განათლების სფეროში უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღებითა და სამთავრობო ხარჯებით გამოიხატებოდა. ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ვითარება შეიცვალა და შეიძლება ითქვას, ქვეყნებმა ადგილები გაცვალეს. კანადაში მთავრობის როლი ეკონომიკაში მცირდება, რისი მაგალითიც გადასახადების შემცირებაა. 1990-იანი წლების შუახანებიდან 2008 წლისათვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 55-დან 40 პროცენტამდე შემცირდა. ფედერალური კორპორატიული გადასახადი 28 პროცენტიდან 18 პროცენტამდე დავიდა, ხოლო 2015 წლისათვის კიდევ 3 პროცენტით შემცირება იგეგმება. აღნიშნული გადასახადი ამერიკაში შემოსავლის 35 პროცენტს შეადგენს, ამას გარდა შემცირდა პერსონალური საშემოსავლო გადასახადიც, ხოლო ზღვარი, რომლის მიხედვითაც ტარიფი იცვლება – გაიზარდა.

1997-2007 წლებში კანადის მთლიანი შიდა პროდუქტი 3.1 პროცენტით იზრდებოდა. ეს მეტია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (განვითარებული ქვეყნების კლუბი) საშუალო მაჩვენებელზე (2.5%; ამერიკის მშპ-ს საშუალო ზრდის მაჩვენებელი ამ პერიოდში 2.8% იყო). მიუხედავად სახელმწიფო სექტორის შემცირებისა, კანადაში დასაქმების დონის ზრდა საშუალოდ 2 პროცენტია (ეთგო-ს საშუალო 1 პროცენტთან შედარებით). ჯანდაცვის სფეროში რეფორმები ნაკლებია, თუმცა კანადის ზოგიერთ პროვინციაში სამედიცინო მომსახურებაში კერძო სექტორის როლის ზრდის ტენდენცია შეინიშნება. 1990 წლისათვის კანადა მთლიანი შიდა პროდუქტის 9, ამერიკა კი – 12 პროცენტს ხარჯავდა. 2010 წლისათვის კანადელთა ხარჯები გაიზარდა 11, ამერიკელებისა კი – 16 პროცენტამდე. კანადაში ჯანდაცვაზე სახელმწიფო 2 ათას, ამერიკაში კი 3 ათას დოლარს ხარჯავდა. ახლახან მიღებული ჯანდაცვის კანონი კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას დააკისრებს ამერიკის მთავრობას. თუმცა რეფორმა ჯერჯერობით მხოლოდ ზოგად მიმართულებაზე მიუთითებს და მისი რეალური ეფექტი წლების შემდეგ გამოჩნდება. ის რამდენიმე ეტაპს მოიცავს და შესაძლოა, დროთა განმავლობაში შეიცვალოს კიდეც.

კანადამ განვითარების გარკვეულ ზღვარს მარცხნივ გადახრილი ეკონომიკური პოლიტიკით მიაღწია, თუმცა მიმართულების შეცვლით შეძლო შეენარჩუნებინა და შემდეგ გაეზარდა ეკონომიკური განვითარების ტემპი. ამერიკელი პოლიტოლოგი და სოციოლოგი სეიმურ მარტინ ლიპსეტი აღნიშნავდა, რომ ორივე ქვეყანას შეუძლია მრავალი რამ ისწავლოს ერთმანეთისგან, რაც მათ საკუთარი თავის შეცნობაშიც დაეხმარება. ამერიკელების ფუნდამენტური ღირებულებებისა და მათი საზოგადოების ინდივიდუალისტურობის გათვალისწინებით, შესაძლოა, ეკონომიკური მიმართულების შეცვლა მათთვის ნაკლებად წარმატებული გამოდგეს.

 

კომენტარები