„TOO YOUNG TO DIE TOO FAST TO LIVE”

ამ ახალ წელს დავრწმუნდით, რომ ქართული პოპ-კულტურის ზენიტი ჯერ კიდევ ძალიან შორსაა. წლევანდელი მხიარულებაც სტანდარტად ქცეული მდარე გემოვნებით და ერთგვარი ზერელე კონფორმიზმით იყო გაჯერებული. ერთი პოზიტიური გამონაკლისი კი ნამდვილად შევნიშნეთ – თავისუფლების მოედანზე მოწყობილ სცენაზე ჯგუფი „დერვიშები” გამოვიდა უკვე საკულტო სიმღერად ქცეული „სულიკოთი”.

ალბათ ქართული მასკულტურისათვის პირველი შემთხვევაა, როდესაც ფსევდოვარსკვლავური ცხოვრების გაზვიადების და პროვინციული ფეტიშიზმის მწვერვალზე ყოფნის მაგივრად, ჯგუფი თვითირონიულია. ისინი უშუალოები არიან და ისეთი „კულტურის” შექმნას ცდილობენ, რომელიც უფრო თავისუფალი და გასართობი იქნება. მათი მუსიკა გულისხმობს მსმენელს, რომელიც მათთან ერთად გამოხატავს პროტესტს ყველაფერ მოსაწყენ, უღიმღამო და ყალბისადმი. მართალია, აქ არც საზოგადოებაა გულწრფელად კონსერვატული და არც „დერვიშების” მუხტია უკიდურესად რადიკალური, მაგრამ მაინც, ამ ხულიგნობამ ლეგენდარული Sex Pistols-ი და მათ მიერ შესრულებული, ფრენკ სინატრას „My Way” გამახსენა.

ბრიტანეთში, 70-იანი წლების ბოლოს, XX საუკუნის ალბათ უკანასკნელი ძლიერი სოციალურ-კულტურული მოვლენის, პანკის დაბადება, ორი ადამიანის – მალკოლმ მაკლარენისა და ვივიენ ვესტვუდის ფანტაზიას უკავშირდება. მათ ერთად მოიფიქრეს და შექმნეს სამყარო, რომელიც სრულიად ახალ ფილოსოფიად, ანარქიზმად ან შემოქმედებით ქაოსად იქცა.

მალკოლმ მაკლარენმა მოიარა ლონდონის თითქმის ყველა სამხატვრო კოლეჯი და ვივიენ ვესტვუდთან ერთად ჩელსიში ტანსაცმლის მაღაზია Let it Rock დააარსა. ვივიენი იმ დროს სკოლის მასწავლებელი იყო. ახალი ესთეტიკის პანკის კონსტრუირება მათ, ექსპრესიული ქცევით, ერთი შეხედვით წარმოუდგენლად ველური იდეებით და ღრმა სოციალური პროტესტის გრძნობით დაიწყეს. ძირითადად ისინი სუპერორიგინალურ ტანსაცმელს და აქსესუარებს ქმნიდნენ, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა წინამორბედი ჰიპების ბოჰემური სტილისაგან. ეს იყო პორნოგრაფიით, სადო-მაზოხიზმით და სხვადასხვა ბნელი ფეტიშისტური ვნებებით შთაგონებული დეკონსტრუირებული ტანსაცმელი. მათი მაისურები, ზედ გამოსახულ გრაფიკასთან ერთად მინი-მანიფესტებს წარმოადგენდა და იმდროინდელი ყოველდღიურობის ფონზე პროკლამაციასავით გამოიყურებოდა. Sex Pistols-ი კი ამ ყველაფრის, პანკ-როკის კრისტალიზაცია იყო. ჯგუფმა, რომელმაც 9 ალბომი ჩაწერა, დიდი გავლენა იქონია თანამედროვე მუსიკაზე და ზოგადად, დასავლურ ხელოვნებაზე.

მალკოლმ მაკლარენი გასულ წელს, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი ყველაზე დიდი დანატოვარი პანკ-როკი და Sex Pistols-ია. თავის ერთ-ერთ გვიანდელ ინტერვიუში ის ამბობს: “პანკ-როკის ბრწყინვალება იყო ის, რომ ჩვენ შევძელით, საზიზღრობა მშვენიერებად გვექცია”. 80-იანი წლების დასაწყისში მაკლარენი დაშორდა ვივიენ ვესტვუდს და სხვადასხვა მუსიკალური და კინოპროექტების განხორციელებას აგრძელებდა.
ვივიენს წელს 70 წელი შეუსრულდება, ის მოდის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი დიზაინერი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მფლობელი, ეკომებრძოლი და ადამიანის უფლებადამცველია. მის ოცდაათწლიან კარიერას მსოფლიოს ცნობილი მუზეუმები გამოფენებს უძღვნიან.
მალკოლმ მაკლარენის დაკრძალვას, წინ ცხენებით შებმული გამჭვირვალე კატაფალკი მიუძღოდა, კუბოზე წარწერა იყო “Too Young To Die To Fast To Live”. მას უკან ჭრელი ორსართულიანი ავტობუსი მოჰყვებოდა სლოგანით Cash for Chaos და მთელ ხმაზე Sex Pistols-ის მიერ ნამღერი „My Way” ისმოდა. ვივიენ ვესტვუდს მემორიალური სიტყვის წარმოთქმისას დარბაზიდან დაუყვირეს: „მოკეტე, ეს შენ შესახებ არაა, ეს მალკოლმს ეხება. შენ ისტებლიშმენტი ხარ”, რაზეც თვალცრემლიანმა ვივიენმა მიუგო: „ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა”...

კომენტარები