ვარდების ომი

ლაჟვარდოვანი სანაპიროს (ფრანგული რივიერა) მზიანი ამინდი, ულამაზესი ზღვა და გრილი ზაფხული ყველა ტურისტისათვის ნამდვილი სამოთხეა. ლანკაშირში, ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში გისბურნის პატარა, ტალახიანი სოფელი კი ევროპელებისთვის ჯოჯოხეთის მოდელია. თუმცა ავტომობილი ორივეგან თანაბრად თავდაჯერებულად და ელეგანტურად დადის.

ეს ფრანგული ავტომწარმოებელ Renault-ის რეკლამაა. ვიდეორგოლმა ბრიტანელებში დაინტერესება ნამდვილად გამოიწვია, თუმცა არა Renault-ის მანქანების ყოვლისშემძლეობის, არამედ ბრიტანელებისთვის შეურაცხმყოფელი ხასიათის გამო. ანტირეკლამა ნამდვილად არ გამოდგა ფრანგული კომპანიისთვის მომგებიანი. გაერთიანებულ სამეფოში Renault-ის მანქანების გაყიდვა მკვეთრად დაეცა. ამ ამბავმა კიდევ ერთხელ გაგვახსენა ფრანგულ-ბრიტანული სიყვარულ-სიძულვილის ურთიერთობების შესახებ. 

ამ ორ ევროპელ ხალხს ერთმანეთისადმი სიძულვილისთვის არაერთი „მიზეზი” აქვთ: ის, რომ ლონდონში ჯერ კიდევ არსებობს ვატერლოოს რკინიგზის სადგური (დიდი ხნის განმავლობაში პარიზიდან ევროსტარის მატარებელი სწორედ ამ სადგურში მოდიოდა, თუმცა შემდეგ ფრანგებმა ეს დამამცირებლად ჩათვალეს და სხვა სადგური აირჩიეს). ის ხომ არა, რომ ფრანგებს უკეთესი სამზარეულო აქვთ? ან იქნებ უბრალოდ ის, რომ ბრიტანელები ერთი საათით წინ არიან მეზობლებზე?

მეთვრამეტე საუკუნიდან მოყოლებული ალბიონელები ხშირად საფრანგეთში მიემგზავრებოდნენ სხვადასხვაგვარი სიამოვნების მისაღებად. ფრანგები კი ბრიტანეთს სტუმრობდნენ – მათ სწავლა ან ფულის გამომუშავება სურდათ. ეს დღესაც ასეა, ფრანგების რეკორდული რაოდენობა ჩადის გაერთიანებულ სამეფოში სასწავლებლად ან კარიერის დასაწყებად, ბრიტანელები კი აგარაკებს საფრანგეთში ყიდულობენ. 2000 წლისათვის საშუალოდ 12 მილიონი ბრიტანელი წელიწადში ერთ კვირას საფრანგეთში ატარებდა, ისინი ამ ქვეყანაში დაახლოებით 600 ათას სახლს ფლობენ.

ფრანგები ხშირად დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის ქიშპობას რომისა და კართაგენის დაპირისპირებას ადარებენ. შედარებაში კართაგენი ხარბ კოლონიალისტად არის დახატული – ის საბოლოოდ დაეცა. რომი კი კულტურული და ინტელექტუალური ცენტრია, რომელიც აყვავებას განაგრძობდა. კართაგენი ზღვების ტირანი და უშნო კომერციული ცივილიზაციის შემქმნელია, საპირისპიროდ რომი უნივერსალური წესრიგის, ფილოსოფიის და დასავლური კულტურის შემოქმედად გვევლინება.

ინგლისელები პირველად გალმა ბიძაშვილებმა მაშინ „დაჩაგრეს”, როდესაც 1066 წელს უილიამ დამპყრობელმა და ნორმანების ჯარმა სრუტე გადალახა და ანგლო-საქსების მეფე ჰაროლდი დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ინგლისელს არ უყვარს აღიარება, ნორმანების დამპყრობლურმა ომმა კუნძულზე ბევრი სიახლე შემოიტანა. ინგლისურმა ენამ ტრანსფორმაცია განიცადა, კულტურა აღორძინდა და სწორედ ამ დროს ჩაეყარა საფუძველი ბევრ ტრადიციას.

ორი ქვეყნის ურთიერთობაში მეგობრობა და მტრობა ერთმანეთს ენაცვლებოდა. ომიანობა ისეთივე წარმატებით აყალიბებდა ორივე კულტურას, როგორც მშვიდობიანი პერიოდი. ასწლიანი ომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი აზენკურთან ბრძოლა იყო. ამ დროისათვის ინგლისელების ყველაზე ძლიერი იარაღი მათი მშვილდ-ისარი იყო. ლეგენდის მიხედვით, ფრანგი ჯარისკაცები ამბობდნენ, რომ ყველა გადარჩენილ მშვილდოსანს ისრის სასროლად საჭირო ორ თითს (საჩვენებელ და შუა თითს) მოტეხდნენ. ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ კი ინგლისელი მშვილდოსნები მტერს სწორედ ამ ორ თითს აჩვენებდნენ. ამის შემდეგ ეს ჟესტი ინგლისურენოვან ქვეყნებში შეურაცხმყოფელ ნიშნად იქცა.

შემდეგი კულტურული ომი რელიგიურ რეფორმაციასთან იყო დაკავშირებული. ამ ომის დროს, ინგლისელი კათოლიკეები საფრანგეთში, ფრანგი ჰუგენოტები კი ინგლისში გარბოდნენ.

საფრანგეთსა და ინგლისს შორის კულტურული განსხვავებები კარგად ჩანს ამ ქვეყნების ლიდერებს შორის ურთიერთობაში. ერთ-ერთი ბრძოლისას გაერთიანებული სამეფოს ფლოტის ერთ-ერთ მეთაურს ფრანგი კოლეგისთვის უთქვამს: თქვენ, ფრანგები ფულისთვის იბრძვით, ჩვენ, ბრიტანელები კი ღირსებისთვისო. ფრანგი არ დაბნეულა და უპასუხია, ადამიანი იმისთვის იბრძვის, რაც ყველაზე მეტად აკლიაო.

ფრანგ და ინგლისელ ლიდერებს ერთმანეთი არასდროს უყვარდათ. თუმცა მეოცე საუკუნეში როცა საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანდნენ, ორივე ქვეყნის მმართველი ცდილობდა, თავიდან აეცილებინა პოლიტიკური თუ კულტურული სადავო საკითხები. „გენერალ დე გოლთან საუბრისას არასდროს  ვთვლიდი, რომ ვატერლოოს ხსენება რამე სასიკეთოს მოიტანდა. ისიც ძალიან ტაქტიანად უდგებოდა ჰასტინგის ბრძოლას”, ამბობდა ჰაროლდ ვილსონი.  ჩერჩილი მიანიშნებდა, რომ ლორენის ჯვარი ყველაზე მძიმე იყო, რაც კი ოდესმე უტარებია. მაგრამ ის ნამდვილი ფრანკოფილი იყო, მას ესმოდა, რომ საფრანგეთის გადარჩენა ინგლისის არსებობისათვის მნიშვნელოვანი იყო. დე გოლი, ჩერჩილის საპირისპიროდ, ანგლოფილი არასდროს ყოფილა, მას ერთადერთი, ინსტინქტური მიზანი ჰქონდა – თვითგადარჩენა.

თუ XVIII-XIX საუკუნეების ინდუსტრიულმა რევოლუციამ გაერთიანებული სამეფო ეკონომიკურ გიგანტად აქცია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთის ჯერი დადგა. შემდეგი 30 წლის განმავლობაში, რომელიც ბრწყინვალე ოცდაათწლედის სახელით არის ცნობილი, საფრანგეთი სტაბილური ეკონომიკური ზრდით გამოირჩეოდა. დე გოლმა საფრანგეთს საკუთარი თავის პატივისცემა დაუბრუნა, შექმნა ახალი კონსტიტუცია და საფუძველი დაუდო გერმანიასთან განსაკუთრებულ ურთიერთობას. ეს საფრანგეთს კონტინენტურ ევროპაზე გავლენის შენარჩუნების საშუალებას აძლევდა. დიდი ბრიტანეთი კი ამ დროს – ნაწილობრივ საკუთარი სურვილის გამო, ევროპული საზოგადოების მიღმა დარჩა. გაერთიანებულ სამეფოს ამ დროს ეკონომიკური კრიზისიც აწუხებდა, რომლის აღმოფხვრაც 1980 წლებამდე და მარგარეტ თეტჩერის გამოჩენამდე ვერ მოხერხდა.

დეკონსტრუქციონიზმის ფრანგული იდეის პოპულარობა, დღევანდელ დიდ ბრიტანეთში მხოლოდ ბოლო ეპიზოდია, იმ კულტურული გაცვლა-გამოცვლების სერიებში, რომლებიც ამ ქვეყნებს შორის საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა. მაგალითად, ვოლტერი და მონტესკიე ლონდონში ჩასვლის შემდეგ განცვიფრებულნი იყვნენ, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე პოლიტიკაში ინგლისური თავისუფლებით. ვოლტერმა ბრიტანული განმანათლებლობის იდეები საფრანგეთში ჩაიტანა.

პარიზი კი ყოველთვის იყო ბრიტანელი პოეტების და მწერლების მუზა. ელიოტი და ბატლერი ფრანგული ლიტერატურის გავლენას განიცდიდნენ და ამით ამაყობდნენ კიდეც. ფრანგი პოლიტიკოსები და ფინანსისტები მუდმივად ბრიტანულ მოდელს შეჰყურებდნენ.

კულინარული ომები კი დღესაც არ წყდება. ფრანგები დიდი ხნის მანძილზე ინგლისურ სამზარეულოს საშინელებად აღიქვამდნენ და არც ბრიტანელებისთვის გამოიყურებოდა ფრანგული ბაყაყი მადისაღმძვრელად. მეთვრამეტე საუკუნეში კი ფრანგული და ბრიტანული სამზარეულო თანასწორად აღიქმებოდა. არსებობს ფრანგულ სამზარეულოზე ინგლისურის გავლენის ნიშნებიც: ფრანგულად შემწვარი კარტოფილი (French Fries) პარიზში უელინგტონის ჯარმა ჩამოიტანა.

დღევანდელი საფრანგეთი მოდის დედოფალია. თანამედროვე პარიზული მოდის დამაარსებელი და პარიზის მსოფლიოს მოდის ცენტრად ქცევის მამამთავარი ჩარლზ ფრედერიკ უორსი კი ინგლისელი იყო.

ფრანგებსა და ბრიტანელებს ერთმანეთის შესახებ ბევრი სტერეოტიპი ჩამოუყალიბდათ: ინგლისი ინდუსტრიულია, საფრანგეთი კი აგრარული, ინგლისი პრაგმატიზმის და კომერციული აზროვნების სახეა, საფრანგეთი – გემოვნებისა და რაციონალიზმის სინონიმი. ინგლისელ ქალებს ცუდი კბილები აქვთ, ფრანგი კაცები კი ზედმეტად ქალურები არიან. ინგლისელები ბევრს სვამენ, ფრანგები კი ბევრს ფიქრობენ. ბრიტანელები მანდილოსნების კამპანიაში არაკომფორტულად არიან (ამის მიზეზად ფრანგები ბრიტანელების ერთსქესიან სკოლებს ასახელებენ), ფრანგები კი ქორწინების გარეთ ურთიერთობებში არიან ჩართულნი.

რა თქმა უნდა, სტერეოტიპები ზედმეტად გამარტივებული შეხედულებებია, რომელთა უმრავლესობაც შეიძლება არასწორიც იყოს. თუმცა ისინი ნათლად გამოხატავენ ამ ორ ევროპულ კულტურას შორის არსებულ ათასწლოვან ქიშპს. საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ევროპული ისტორიის აისიდან ერთმანეთთან ურთიერთობენ. პირველი ტელეგრაფის ხაზი 1850 წელს, პარიზსა და ლონდონს შორის შეიქმნა. როგორც ჩანს, ამ კომუნიკაციამ ფრანგებსა და ბრიტანელებს შორის სრული ჰარმონია ვერ შექმნა. თუმცა დაბადა კონკურენცია, რომელიც დასავლური კულტურის საფუძველია.

ევროპული კულტურის საფუძვლები ამ ორ ქვეყანას შორის საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე კულტურული ომების შედეგად ჩამოყალიბდა. სწორედ ამ ურთიერთობებში შეგვიძლია ვეძებოთ პასუხები დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.

კომენტარები