ვინ ბერავს ბუშტებს?

ეკონომიკურ რეცესიებს საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. ზრდას გარკვეული პერიოდულობით მოჰყვებოდა ხოლმე ეკონომიკური ვარდნა. ეკონომისტები თუ ე.წ. ინტელექტუალები მუდმივად ცდილობდნენ ამ ფენომენის ახსნას. ისტორიულ ფაქტებზე დაკვირვებით ზოგიერთი მკვლევარი თუ მეცნიერი იმ დასკვნამდეც მივიდა, რომ მსგავსი ციკლების თავიდან აცილება შეუძლებელია და მათ უბრალოდ უნდა შევეგუოთ. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ეკონომიკურ რეცესიებს კაპიტალისტური სისტემის გარდუვალ ნაკლად თვლიან და ხშირ შემთხვევაში ყოველ ვარდნას ასეთი სისტემის დასასრულის დასაწყისად აღიქვამენ. ამ მხრივ განსაკუთრებით მარქსისტები გამოირჩევიან.

1929 წლის სექტემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი და ღრმა ეკონომიკური რეცესია, რომელიც იმავე წლის 29 ოქტომბერს გაგრძელდა საფონდო ბირჟის ყველაზე დრამატული ვარდნით. ამ დღეს „შავ სამშაბათად” მოიხსენიებენ, ხოლო პროცესი, რომელიც რამდენიმე წელი გაგრძელდა (დაახლოებით 1940-იანი წლების დასაწყისამდე) და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია – ისტორიას „დიდი დეპრესიის” სახელით შემორჩა.

დიდი დეპრესიის დროს შემცირდა ყველაფერი: მოქალაქეთა პირადი შემოსავლები, კომპანიების მოგება, ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა და საგადასახადო შემოსავლები. დაიკლო ფასებმაც. ერთადერთი რაც გაიზარდა, იყო უმუშევრობა (აშშ-ში 25%-მდე, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში 33%-მდე). დეპრესიის ნეგატიური ეფექტი იმდენად დიდი იყო, რომ მისი მიზეზების შესწავლას სხვადასხვა ეკონომისტებმა რამდენიმე ათწლეული მოანდომეს. თუმცა საერთო აზრამდე მაინც ვერ მივიდნენ და შეცდომებს, რომელიც აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ  დაუშვა, მე-20 საუკუნის 20-იან წლებში, დღესაც იმეორებს სხვადასხვა ქვეყნის (მათ შორის აშშ-ის) ცენტრალური ბანკი – ბანკი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკაზე.

დეპრესიის მიზეზების ახსნის თეორია, რომელმაც ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვა, ბრიტანელ ჯონ მეინარდ ქეინსს ეკუთვნის. ქეინსის აზრით, ყველაფრის მიზეზი პროდუქციასა და მომსახურებაზე მოთხოვნის კლებაა, რომელიც შედეგად იწვევს მიწოდების კლებას. ამას საბოლოო ჯამში მივყავართ ეკონომიკური აქტივობის შემცირებასთან და უმუშევრობის ზრდასთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანები რატომღაც ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას, აღარ შეიძინონ სხვადასხვა პროდუქტები და მომსახურება. ამ პროდუქტებისა და მომსახურების მიმწოდებლები კარგავენ კლიენტებს და შესაბამისად ამცირებენ მიწოდებას (რადგან მყიდველი არ ჰყავთ). შედეგად კი კლებულობს წარმოება და დასაქმება.

ერთი შეხედვით, არც ისე შთამბეჭდავი ახსნაა, მაგრამ აღნიშნული თეორიის პოპულარობის მიზეზი გახდა არა იმდენად ეს განმარტება, რამდენადაც მსგავსი რეცესიიდან ქეინსის მიერ შემოთავაზებული გამოსავალი. გამომდინარე იქიდან, რომ ქეინსის მთავარი საზრუნავი დასაქმების დონე იყო, იგი მოუწოდებდა მთავრობებს დაეხარჯათ ფული და ასეთი ფორმით გაეზარდათ დასაქმების დონე. ცხადია, ეკონომიკური ვარდნის დროს, ვერც ერთი მთავრობა ვერ შეძლებს დიდი რაოდენობით საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზებას, გადასახადების აკრეფის გზით. მაგრამ ქეინსისთვის ეს არ წარმოადგენდა დაბრკოლებას, რადგან მთავრობებს შეეძლოთ ფულის ბეჭდვა და არსებულ შემოსავლებზე მეტი თანხის დახარჯვა. შედეგად, მართალია საბიუჯეტო დეფიციტის ხარჯზე, მაგრამ მაინც, ერთი მხრივ მივიღებდით მეტ დასაქმებას, ხოლო მეორე მხრივ – ახალი ფულით მოვახდენდით ქვეყნის ეკონომიკურ სტიმულირებას.

სწორედ ფულის ბეჭდვა და მიმოქცევაში გაშვება გახდა ქეინსის თეორიის განსაკუთრებული პოპულარობის მიზეზი, რადგან ხარჯვა ყველას უყვარს და მთავრობები ამ მხრივ არ წარმოადგენენ გამონაკლისს. ქეინსის იდეებმა იმდენად გაიდგა ფესვები, რომ ბევრმა ეკონომისტმა ე.წ. ბიზნესციკლების ეკონომიკური პრობლემა გადაჭრილად ჩათვალა. ყველა მოელოდა უწყვეტ და სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას რეცესიების გარეშე. მაგრამ ასე არ მოხდა.

სინამდვილეში, დიდი დეპრესიის დროს ფრენკლინ დელანო რუზველტმა, რომელიც 1932 წელს აირჩიეს აშშ-ის პრეზიდენტად, სწორედ ქეინსიანური მიდგომებით სცადა ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღება. რუზველტის წინასაარჩევნო დაპირებები მოიცავდა ფედერალური ხარჯების 25%-იან შემცირებას, დაბალანსებულ ბიუჯეტს, სახელმწიფოს ჩამოშორებას ეკონომიკის ისეთი სექტორებისგან, რომლებსაც კერძო კომპანიები უფრო ეფექტიანად გაართმევდნენ თავს, სოფლის მეურნეობის სუბსიდირების შეწყვეტას და სხვა. ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წელს, რუზველტის ადმინისტრაციის ბიუჯეტის სახარჯო ნაწილი 10 მილიარდს, ხოლო შემოსავლები 3 მილიარდს შეადგენდა. 1933 წლიდან 1936 წლამდე სამთავრობო ხარჯები გაიზარდა 83%-ით, ხოლო სახელმწიფო ვალი 73%-ით. მან უბრალოდ მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი და ქეინსის მიერ ნაკარნახევ გზას დაადგა. ქეინსის პოლიტიკამ არ გაამართლა და კიდევ უფრო გაახანგრძლივა აშშ-ის ეკონომიკის დეპრესიიდან გამოსვლის პროცესი. ქეინსის მიმდევრები დღემდე თვლიან, რომ რუზველტი მართებულად იქცეოდა, მაგრამ საკმარისი რაოდენობის ფული არ დახარჯა, ანუ უფრო მეტი ვალი რომ აეღო და დაეხარჯა – ეკონომიკას ეშველებოდა.

არსებობს დიდი დეპრესიის გამომწვევი მიზეზების ახსნის მეორე, მონეტარისტული თეორია, რომელიც მეტწილად ჩიკაგოს სკოლის ეკონომისტს, მილტონ ფრიდმანს ეკუთვნის. ფრიდმანის აზრით, ეკონომიკური ვარდნა ფედერალური სარეზერვო სისტემის (რომელიც ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებს აშშ-ში) მიერ გატარებული არასწორი პოლიტიკის ბრალია. კერძოდ კი, არ მოხდა საკმარისი რაოდენობის ფულის მიწოდება საბანკო სისტემისათვის, რამაც გამოიწვია დიდი ზომის ბანკების (მათ შორის ნიუ იორკის ბანკის) გაკოტრება. თუ ფრიდმანს დავუჯერებთ, რომ არა ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ დაშვებული ეს შეცდომა, საქმე გვექნებოდა უბრალო, რიგით რეცესიასთან, რომლიდანაც ქვეყანა სწრაფად გამოვიდოდა. მისი აზრით, სწორედ საბანკო სექტორისადმი მოქალაქეების მხრიდან ნდობის დაკარგვა გახდა რეცესიის დეპრესიაში გადასვლის მიზეზი.

აღნიშნული თეორია ბევრად უფრო ახლოსაა საღ აზრთან, თუმცა მას ორი ნაკლი აქვს. უპირველეს ყოვლისა, ის არ იძლევა განმარტებას იმისა, თუ საერთოდ რატომ გახდა საჭირო ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საბანკო სექტორისთვის თანხების გამოყოფა ანუ საიდან გაჩნდა პრობლემა. ხოლო, მეორე მხრივ, ფრიდმანის მიერ შემოთავაზებული პრობლემის გადაჭრის გზა პრინციპულად არ განსხვავდება ქეინსის მიდგომისგან – ორივე შემთხვევაში საუბარია ფინანსურ სტიმულირებაზე, ანუ მიმოქცევაში დამატებითი ფულის გაშვებაზე. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ქეინსი მთავრობებს ე.წ. „საზოგადოებრივი სამუშაოების” დაფინანსებისკენ მოუწოდებდა (დასაქმების გაზრდის მიზნით), ხოლო ფრიდმანი – ეკონომიკისთვის ფულის საბანკო სექტორის გავლით მიწოდებისკენ.

თუმცა არსებობს ეკონომიკური რეცესიების მიზეზების ახსნის კიდევ ერთი თეორია, რომელსაც თითქმის საუკუნოვანი ისტორია აქვს. ეს უკანასკნელი – 2007 წელს დაწყებული ფინანსური კრიზისის ფონზე – სულ უფრო მეტი ეკონომისტის ინტერესის საგანი ხდება. ვსაუბრობთ ეკონომიკის ე.წ. ავსტრიული სკოლის მიერ ჩამოყალიბებულ თეორიაზე, რომელიც აღნიშნავს, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი ბაზარზე ფულის მიწოდებასა და ეკონომიკურ აქტივობას შორის. როდესაც მთავრობა ზრდის მიმოქცევაში არსებული ფულის ოდენობას, იქნება ეს ახალი ფულის დაბეჭდვის თუ ფულზე ხელმისაწვდომობის გაზრდის (მაგ. საპროცენტო განაკვეთის ხელოვნურად დაწევის) გზით, ხდება კრედიტების მოცულობის არაბუნებრივი ზრდა.

ამის ახსნა საკმაოდ მარტივია. ბუნებრივ პირობებში, როდესაც სახელმწიფო არ ერევა ბაზარზე, ფულის ფასს ადგენს თავისუფალი ბაზარი. ადამიანები დანაზოგებს ინახავენ კომერციულ ბანკებში, ხოლო ბანკები იმავე თანხებს გასცემენ სხვა პირებზე (კომპანიებზე) სესხის სახით. კომერციული ბანკები მოტივირებული არიან ისეთი ოდენობის სარგებელი (პროცენტი) შესთავაზონ მოქალაქეებს, რომ მათ გაუჩნდეთ დანაზოგის ბანკში შენახვის ინტერესი. იგივე ბანკები ცდილობენ ისეთ ფასში (საპროცენტო განაკვეთი) გასცენ კრედიტი, რომ კომპანიებს გაუჩნდეთ ბიზნეს სესხის აღების სურვილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბანკებმა ისეთ ფასში უნდა „გაყიდონ” ფული ბიზნესებზე, რომ შეძლონ დანაზოგის მეპატრონისთვის დაპირებული პროცენტის გადახდა და საკუთარი მოგების ნახვა. თავისუფალ ბაზარზე სწორედ ასე დგება ფულის „ფასი”.

მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დგება, როდესაც ამ პროცესში სახელმწიფო (მთავრობა) ერევა. ფულის მასის ხელოვნურად გაზრდის შედეგად, კლებულობს ფულის „ფასი” და იზრდება მისი ხელმისაწვდომობა. შედეგად, მოქალაქეები, რომლებიც ბუნებრივ პირობებში ვერ შეძლებდნენ საბანკო სესხით უძრავი ქონების (სახლის, ბინის) ყიდვას მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო, ახლა ამას ახერხებენ, რადგან საპროცენტო განაკვეთი (ფულის „ფასი”) ხელოვნურად დაწეულია. კომპანიები, რომლებისთვისაც სხვადასხვა საინვესტიციო პროექტები ბუნებრივ პირობებში არ იქნებოდა მომგებიანი კრედიტის სიძვირის გამო, ახლა ახორციელებენ ასეთ ინვესტიციებს, რადგან ფული ხელოვნურად „გაიაფებულია”. შედეგად ვიღებთ გაცემული კრედიტების მოცულობის არაბუნებრივ ზრდას, რაც ერთი შეხედვით გაზრდილ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს. სწორედ ასე იბერება ე.წ. „ბუშტები”.

პრობლემა არ იქნებოდა, ბაზარს საკუთარი კანონზომიერებები რომ არ გააჩნდეს, რომლებიც საბოლოო ჯამში ყველა კომპონენტს საკუთარ ადგილას ალაგებს და მსგავს ბუშტებს ულმობლად ხეთქავს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბაზარი ავტომატურად ახდენს ფულის „ფასის” ბუნებრივ ნიშნულამდე აწევას, რადგან ხელოვნური საპროცენტო განაკვეთები არ არის გამყარებული მოქალაქეების მიერ გაკეთებული შესაბამისი დანაზოგებით. შედეგად იზრდება ბიზნესის ხარჯები, საპროცენტო განაკვეთები და მცირდება მოგება. „იაფი ფულის” ეფექტი ნელ-ნელა ქრება და სახელმწიფო (მთავრობა), ინფლაციის შიშით, როგორც წესი, ამცირებს მიმოქცევაში არსებულ ფულის მასას. სწორედ ამ დროს იწყება „ბუშტების ხეთქვა”, რაც ეკონომიკურ რეცესიაში გამოიხატება. საბოლოო ჯამში, რეცესია სხვა არაფერია, თუ არა ბაზრის მიერ იმ შეცდომების გასწორება, რაც სახელმწიფომ დაუშვა.

სწორედ ეს მოხდა დიდი დეპრესიის დროსაც. 1920-იან წლებში ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ დაახლოებით 60%-ით გაზარდა მიმოქცევაში არსებული ფულის მოცულობა, რამაც თავის მხრივ გამოიწვია გაცემული კრედიტების მოცულობის არაბუნებრივი ზრდა. როდესაც სახელმწიფომ 1928 წელს გადაწყვიტა ინფლაციის შეჩერება, უკვე გვიანი იყო. ხოლო რუზველტის მიერ ფულის ხარჯვამ, მხოლოდ ხელი შეუშალა ბაზარს, დაბრუნებოდა ბუნებრივ მდგომარეობას, რაც ხელს შეუწყობდა ეკონომიკის შედარებით სწრაფ გაჯანსაღებას.

აშშ-ის ისტორიაში ეკონომიკური რეცესიების უმეტესობას წინ უსწრებდა სახელმწიფოს მიერ მიმოქცევაში არსებული ფულის მასის ზრდა, რაც გარკვეული დროის შემდეგ მთავრდებოდა „ბუშტების ხეთქვით”. ყოველთვის, როდესაც ეკონომიკურ ვარდნას სახელმწიფო პასუხობდა მეტი ფულის ხარჯვით – ეკონომიკის გაჯანსაღებას მეტი დრო სჭირდებოდა.

მიუხედავად ხანგრძლივი გამოცდილებისა, სახელმწიფოები დღესაც იმავე შეცდომებს უშვებენ. 2007 წელს დაწყებული ფინანსური კრიზისი, რომელიც ეკონომიკურ კრიზისში გადაიზარდა, ტიპური მიზეზებით არის გამოწვეული. დღესაც, ეკონომიკური ვარდნა,  ბოროტ კაპიტალისტებს, არაკეთილსინდისიერ სპეკულანტებს და თავისუფალი ბაზრის „ნაკლოვანებებს” ბრალდება. დღესაც, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებები ცდილობენ ეკონომიკური რეცესიის დაძლევას კიდევ უფრო მეტი ფულის ხარჯვით და საბიუჯეტო დეფიციტის ზრდით. დღესაც, კრიზისის დაძლევის ეს გზა კონტრპროდუქტიულია. დღესაც, მემარცხენე პოლიტიკოსები თუ ინტელექტუალები აცხადებენ, რომ უკვე გაწეული ხარჯები არ იყო საკმარისი ეკონომიკის სათანადო „სტიმულირებისთვის” და საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტის დახარჯვა.

ეკონომიკის ხელოვნური სტიმულირება არ მუშაობს. როგორც 95 წლის ეკონომისტი, ანა შვარცი ამბობს: „კომპანიები, რომელთაც მიიღეს არასწორი გადაწყვეტილებები, უნდა გაკოტრდნენ. დახმარება არ არის საჭირო. ყველაფერი უკეთ მუშაობს, როდესაც არასწორი გადაწყვეტილებები ისჯება, ხოლო სწორი გადაწყვეტილების მიმღებნი მდიდრდებიან. ბოლო წლებში კი მსოფლიო სხვა მიმართულებით მიდის”.

კომენტარები