ქართული მხარე მოსკოვს არაკონსტრუქციულობაში ადანაშაულებს

ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსულმა მხარემ ”უკიდურესი არაკონსტრუქციულობა” გამოიჩინა. ამის შესახებ განცხადება დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ გააკეთა. მისი თქმით, რუსულმა მხარემ თბილისის სამშვიდობო ინიციატივის იგნორირება მოახდინა.

 ”ეს იყო პირველი რაუნდი მას შემდეგ, რაც საქართველოს მხრიდან სამშვიდობო ინიციატივა გამოცხადდა. შესაბამისად, ჩვენიც და საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინიც განსაკუთრებული იყო, ” აღნიშნა კალანდაძემ, ”სამწუხაროდ, კონფლიქტის მეორე მხარეს, რომლისგანაც მსოფლიო ელოდა, რომ კონსტრუქციულ ნაბიჯს გადადგამდა, მოლაპარაკებებზე არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა,” დასძინა მან. კალანდაძის თქმით, ქართული მხარის მთვარი მიზანი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთზე ზეწოლის გააქტიურებაა.

მინისტრის მოადგილემ რუსული მხარე ”საოკუპაციო ხაზის” ქვეყნის სიღრმეში გადმოტანაშიც დაადანაშაულა. ”რუსეთი ცდილობს საოკუპაციო ხაზი ქვეყნის სიღრმეში კიდევ უფრო გადმოიტანოს და კიდევ უფრო გაამყაროს ე.წ. ლეგიტიმურობის მცდელობის ნაბიჯები ოკუპირებულ ტერიტორიებზე,” განაცხადა ნინო კალანდაძემ.

ჟენევაში მოლაპარაკებები 16 დეკემბერს გაიმართა. შეხვედრების შემდეგ ქართული დელეგაციის წევრებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებით ”ძალიან გაწბილებულები” არიან. ქართულმა მხარემ უკმაყოფილება ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეთა ”არამკაფიო პოზიციის” გამოც გამოთქვა. ”მე ვფიქრობ, თანათავმჯდომარეების პოზიცია უფრო მყარი და მკაფიო უნდა იყოს და ამის თაობაზე ჩვენი უკმაყოფილება არ დაგვიმალავს,” აღნიშნა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ

ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 4 მარტს გაიმართება. 

კომენტარები