”გაუმჭვირვალე” საპროცესო შეთანხმება

საპროცესო შეთანხმების სისტემა საქართველოში ხარვეზებით მუშაობს. ამის შესახებ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ  გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.    საპროცესო შეთანხმება არის შეთანხმება [პროკურორსა და დაცვის მხარეს შორის] იმაზე, რომ თუ ბრალდებული ბრალს აღიარებს, მას ჩადენილი დანაშაული შეუმცირდება ან მის მიმართ ნაკლებად მკაცრი სანქცია იქნება გამოყენებული.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანგარიშში სისტემის  მთავარ პრობლემად დასახელებულია საპროცესო შეთანხმებაში მონაწილე მხარეების არათანაბარი მდგომარეობა და გაუმჭვირვალობა. ”მიუხედავად თითქმის ექვსწლიანი პრაქტიკისა, საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ხელმისაწვდომი ამ ინსტიტუტის ფუნქციონირებისა და მისი მიღწევების შესახებ ინფორმაცია”- ნათქვამია მიმოხილვაში. 

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ამ სისტემის დადებითი მხარედ  ასახელებს იმას, რომ საპროცესო შეთანხმება მართლმსაჯულების სისტემას უფრო სწრაფსა და ეფექტიანს ხდის. თუმცა აქვე მითითებულია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სისტემის არასწორად დანერგვა სამართლიანი სასამართლოს ძირითად უფლებას ზღუდავს და მართლმსაჯულებას ”ყიდვა-გაყიდვის საგნად აქცევს.”

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი 2004 წელს საქართველოს სამართლებრივ სისტემაში საპროცესო შეთანხმების შემოღება იყო.   შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2004 წლის 13 თებერვალს შევიდა. ინოვაციის თავდაპირველ მიზნად კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა იყო დასახელებული. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ცნობით,  არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მისი როლი სასამართლო სისტემაში საქმეები მოძრაობის დასაჩქარებლად და გადატვირთული ქართული ციხეების განსატვირთად.

 

 

 

კომენტარები