ვიკილიქსი: საქართველო ირანთან ურთიერთობების აწყობას ცდილობს

ჟურნალმა რუსკი რეპორტიორმა ინტერნეტპორტალ ვიკილიქსზე დაყრდნობით საქართველოში აშშ-ს ელჩის, ჯონ ბასის მიერ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლის ავღანეთსა და პაკისტანში, რიჩარდ ჰოლბრუკისადმი გაგზავნილი მასალები გამოაქვეყნა. ერთ-ერთ გზავნილში ბასი საქართველო-ირანის ურთიერთობებზე წერს.

აშშ-ს ელჩის თქმით, საქართველო ირანთან ურთიერთობების აწყობას ცდილობს. ”ის [თბილისი] იზიარებს ჩვენს შეშფოთებას ირანის პოლიტიკასთან დაკავშირებით და მზად არის ეს საკითხები უშუალოდ ირანელების წინაშე დააყენოს, თუმცა ჯერჯერობით ამის გაკეთებას არ ჩქარობს,” წერს ბასი რიჩარდ ჰოლბრუკს. აშშ-ს ელჩის თქმით, საქართველო ჯერ კიდევ აწყდება თეირანის მხრიდან მრისხანებას რამდენიმე წლის წინ ირანელი იარაღის კონტრაბანდისტის შეერთებული შტატებისთვის გადაცემის გამო.

”ამასთანავე, მას [საქართველოს] არ შეუძლია გაუუცხოვდეს გავლენიან მეზობელს და მთავარ სავაჭრო პარტნიორს, მით უმეტეს მაშინ, როცა თბილისი ცდილობს განდგომილი რეგიონების შემდგომი აღიარება თავიდან აიცილოს,” აღნიშნავს აშშ-ს ელჩი ჰოლბრუკისადმი გზავნილში.
საქართველოსა და ირანს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გასულ თვეს თბილისში მოაწერეს ხელი.

კომენტარები